19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას იწყებენ

სპორტი

13-18 ნოემბერს თბილისი უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს. ამ ეტაპზე მე-11 ჯგუფში საქართველო, მოლდოვა, ჰოლანდია და უელსია.  მწვრთნელებმა 12 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში პრესკონფერენცია გამართეს. უელსელთა  მთავარი  მწვრთნელის ნაცვლად  ჟურნალისტებთან მეკარეების  მწვრთნელმა ისაუბრა.

ჯეფ ვუდი (უელსი):  „პირველი შთაბეჭდილებები ძალიან დადებითია. ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს და, ალბათ, ასეთივე კარგი შემადგენლობები ჰყავთ ჩვენს მეტოქეებსაც.“

ვინ ვან ზვანი (ჰოლანდია): „უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, პირველ მეტოქეზე – მოლდოვის ნაკრებზე. მთავარია, ხვალინდელი თამაში კარგად ჩავატაროთ. ამ ტურნირზე ფავორიტები არ არსებობენ,  შეიძლება, ყველაფერი მოხდეს.“

იური ოსიპენკო (მოლდოვა): „შევეცდებით, საკუთარი სახე ვაჩვენოთ ევროპის გრანდებთან. აქ ტურისტებად და  საქართველოს სანახავად არ ჩამოვსულვართ. გვინდა, ღირსეული თამაში ვაჩვენოთ. ჩემი გუნდის იმედი მაქვს.“

ვასილ მაისურაძე (საქართველო):  „აქცენტს პირველ თამაშზე ვაკეთებთ, რომელიც უელსთან უნდა ჩავატაროთ. ჯერჯერობით, ჰოლანდიასა და მოლდოვაზე არ ვფიქრობთ. პირველი თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეჯგუფი რთულია. ფავორიტების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მეკარე ოთარ გოშაძე დაშავდა, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოვედით, მის ნაცვლად სხვა ითამაშებს და, იმედია, თავს კარგად გაართმევს. დანარჩენი ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან”.

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 13 ნოემბერს უელსელ თანატოლებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.  მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

მე-11 ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი, რომელიც „დინამო არენაზე“ 15:00 საათზე დაიწყება, ერთმანეთს ჰოლანდია და მოლდოვა დაუპირისპირდებიან.

1 2 3 4 5 6 7

მოამზადა ხატია ცარციძემ

ფოტოგრაფი ვახო ხეთაგური

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები