Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

წეროვანი 5 წლის შემდეგ

წეროვანი 5 წლის შემდეგ
November 20
21:04 2013

1460145_10201282962811441_785706069_nწეროვანი. მიტოვებული სახლი

 

 როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში მიემგზავრებით, ალბათ ყოველთვის ჩაუვლით ხოლმე უზარმაზარ დასახლებას, ერთნაირი ფასადებით რომ ,,იწონებს“ თავს. ყველა სახლს წითელი სახურავი  აქვს და თითქოს ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულან. არ შეიძლება, ამ დასახლების დანახვაზე, გული არ შეგეკუმშოს და 2008 წლის აგვისტოს ომი არ გაგახსენდეს. ეს წეროვანია – სამაჩაბლოდან დევნილთა ყველაზე დიდი დასახლება.

დილის 12 საათია. თბილისიდან ჟურნალისტები  სამარშრუტო ტაქსით დავიძარით. ნახევარ საათში უკვე წეროვანში ვართ. მზე ანათებს და ძალიან კარგი ამინდია, მიუხედავად ამისა, ცხოვრება აქ რაღაცნაირად ჩამკვდარია. გარეთ უფრო მოხუცები და ბავშვები გვხვდებიან. ახალგაზრდას იშვიათად წააწყდები. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდების უმრავლესობა თბილისშია წასული სასწავლებლად თუ სამუშაოდ.

1468730_10201282965851517_1879240752_nწეროვანში მცხოვრებმა მოსახლეობის უმეტესობამ სახლს მინაშენი გაუკეთა.

უკვე 5 წელია  გასული ომიდან. სახლები რაღაცნაირად შეცვლილია. ბევრმა ლტოლვილმა, რომლებმაც აქურობას თავი ვერ დააღწიეს, გადაწყვიტა სახლი გაეფართოვებინა. ის გეომეტრიული სიმეტრია, რომელიც დასახლების გაჩენისას ასე თვალშისაცემი იყო,  ნელ–ნელა ირღვევა. სახლებს გარშემო ბაღები აკვრია. ზოგგან ვენახია გაშენებული, ზოგგან  ხეხილი,ზოგ სახლსაც კი ლამაზი ყვავილები ამშვენებს და ამ უსახურ დასახლებას ცოტა ლაზათს სძენს. აქ ყველა  სახლის თავზე დაინახავთ  სატელიტურ თეფშებს, რომლებიც სახელმწიფომ  დევნილებს დაურიგა. დავდივართ წეროვანის ქუჩებში და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყველაფერი მეორდება: სახლები, რომლების უმრავლესობასაც დამატებით აქვს რაღაც  მიშენებული; თოკზე გაფენილი ტანსაცმელი, რომელიც ცხადად მიგვანიშნებს, რომ იქ  ვიღაც ცხოვრობს; აქა–იქ მოთამაშე ბავშვები, რომლებსაც ბედნიერი სახეები არ აქვთ და დაუძლურებული მოხუცები, რომლებსაც სახელმწიფოს დახმარების იმედი გადაეწურათ.

1466147_10201282961491408_354365614_nწეროვანი.ბავშვები სახლის უკან მოგროვილი ნივთებით ერთობიან.

581549_10201282965211501_948563203_nწეროვანში ბევრი სახლია მიტოვებული,ცხოვრობს თუ არა სახლში ადამიანი,ამას გაფენილი სარეცხით მიხვდებით.

ხალხს ვესალმებით. აქაურები აგრესიულები არ არიან, გვიღიმიან კიდეც შიგადაშიგ. მარტივად გვთანხმდებიან ისაუბრონ საკუთარ პრობლემებზე კამერის წინ და არც ფოტოაპარატის ეშინიათ. რამდენიმე ადამიანი ჩავწერე.

ადგილობრივი მცხოვრები ნათია ზარიძე თავის ისტორიას მიყვება. ის ახალგორიდან არის და წეროვანში სხვებივით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადმოსახლდა.

,,ახალგორში დღესდღეობით შესაძლებელია შესვლა–გამოსვლა, მაგრამ პირობები არ არის, ამიტომაც წეროვანში დედასთან და მამასთან ერთად ვცხოვრობ. ვუძლებთ ყველაფერს. მშობლები უმუშევრები არან. ამჟამად არც მე ვმუშაობ, სეზონურად ვარ ხოლმე   ბარამბოში. პირობები ისეთი  არაფერი. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა მაინცდამაინც არ ხდება. მხოლოდ თვეში ერთხელ გვერიცხება თითო ადამიანზე 25 ლარი. ეს არის და ეს“.

weriliწეროვანი. და–ძმა

ამის შემდეგ ბავშვებს ვეძებ. რომელიღაც სახლთან გუნდად შეკრებილან  უფროსკლასელები. ბავშვებს  სათქმელი მაინცდამაინც დიდი არაფერი აღმოაჩნდათ. ადგილობრვივ პირობებს შეეგუვნენ; სკოლაში დაიწყეს სიარული; მეგობრები გაიჩინეს. მოკლედ  როგორღაც ფეხი აუწყეს ახალ ცხოვრებას… პასუხები არც ისე მრავალფეროვანია, მათი ისტორია კი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. თანაც მომეჩვენა, რომ უკვე შეეგუვნენ იმ ამბავს, რომ ძველ სახლში ვეღარ დაბრუნდებიან. ისე წეროვნაში მათთვის გასართობი ცენტრიც არის და სხვადასხვა სპორტის სახეობებზეც დადიან.

1460141_548561118563570_1088474626_nწეროვანი.ოჯახის უფროსი სახლში დაბრუნდა პატარა გოგონასთან ერთად. ბიჭი ეზოში ძაღლს ეთამაშება

საერთოდ აქ ძირითადი პრობლემა დასაქმებაა. წეროვანში არც ისე ბევრი ადგილია სადაც ადგილობრივებს შეუძლიათ მუშაობა. აქა–იქ თუ წავაწყდებით თითქმის ცარიელ მაღაზიებს, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტები რომ არის. არის სილამაზის სალონი. თვალი მოვკარი ავტოფარეხსაც. ცენტრში სკოლაა აღმართული, რომელიც საკმაოდ კეთილმოწყობილია, ისე, რომ   ჩემმა ერთ–ერთმა კოლეგამაც კი  ინატრა ნეტავ მეც ასეთ სკოლაში მესწავლაო. ასევე დასახლებას აქვს ქარხნები, რომელშიც ადგილობრივების ნაწილია დასაქმებული.

,,არავინ ახალგაზრდა აქ არ იშოვნის სამსახურს, ჩვენნაირი ასაკოვანი ხალხისთვის არის ძნელი სამსახურის პოვნა და ამიტომაც ვმუშაობთ წეროვნაში” – ამბობს მოხუცი ქალბატონი ვენერა მახარაშვილი, რომელიც საკმაოდ ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა. ის მაშინაც არ დაბნეულა, როცა გარშემო  ჩამწერებითა და კამერებით მომარჯვებულები შემოვეხვიეთ. გვიყვება, რომ ფორმა 9 ( ეს არის საბუთი, რომლითაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეხვალ) აიღო და  რამდენჯერმე მოახერხა ახალგორში საკუთარი სახლის ნახვა. თუმცა აქვე დასძენს, რომ ამ ფორმის აღება შეწყდა და ოჯახიდან მხოლოდ მას შეუძლია ახალგორში გადასვლა სახლის სანახავად.

1460275_10201282961811416_1237147255_nახალგორელი დევნილი ქალბატონები თავიანთ მძიმე ცხოვრებაზე საუბრობენ.

ქალბატონი ვენერას  და სხვა ადგილობრივების თქმით, სახელმწიფო მათ  არ ეხმარებათ და   კომუნალური გადასახადების გადახდაც საკუთარი შემოსავლიდან უწევთ, რაც მათთვის საკმაოდ რთულია.

1466234_10201282966611536_1314425897_n                     წეროვანი. აქ გაშენებულ ვენახში მოყვანილი ყურძენით ოჯახმა ჩურჩხელები გააკეთა.

1474588_548561075230241_2137444156_n                                                   წეროვანი. ახალგაშენებულ ვენახში მოხუცი კაცი მუშაობს.

ბოლოს ერთ–ერთ სახლში შევედი. სახლში ძალიან სივიწრივეა, სულ რაღაც 64 კვადრატული მეტრი. ჯერჯერობით შენობა  კარგ მდგომარეობაშია, თუმცა როგორც სახლის დიასახლისმა ნინომ განაცხადა წეროვანში ბევრი სახლია დაზიანებული და უხარისხოდ აშენებული. ძირითადი პრობლემა, სხვა პრობლემებთან ერთად  წყლის მიწოდებაა- ,,ზაფხულში როდესაც ცხელა ერთი წვეთი წყალი არ მოდის“–შემომჩივიან ისინი.

ჩვენი ,,ტური’’ წეროვანში სრულდება. კომენტარებისთვის გაფანტული ჟურნალისტები ისევ ერთად ვიკრიბებით და მივდივართ. სულ მალე უკან ვტოვებთ წითელი კრამიტის სახურავიან ერთნაირ სახლებს, აგვისტოს ომს რომ გვახსენებს და წარსულში გვაბრუნებს.


მოამზადა გურანდა ძამელაშვილმა

2,363 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930