Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პროფილი

პროფილი
November 26
00:47 2013

1930-იანი წლებია, ქვიშის სანაპიროზე დგას ფეხშიშველი, მოხდენილი ქალი. აცვია მაღალწელიანი კაპრი ქამრით, ინგლისური სტილის რძისფერი ზედა. ალმაცერად დგას, სილაღითა და სიცოცხლის ჟინით სავსე, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, განზე, ტუჩის კუთხეში მოქცეული სიგარეტით. მწყობრი, თეთრი კბილები აქვს, თბილი ღიმილი. მის ზურგს უკან ტანკენარი, ცელქი გოგონები დგანან, სათვალიანს შარვლის ცალი უპე აუკეცავს, ნიავს თუ აუწეწავს თმა, მკაცრი სტილის ზედატანი აცვია, კარგად ვერ ვარჩევ – მგონი, საზაფხულო ბერეტი ახურავს, ეწევა, მეამბოხეს ჰგავს… მარცხნივ მდგომი მიმზიდველია, გარუჯული და თითქოს „მავნე“, ბავშვობაში, ხომ გახსოვთ, ხელის მტევნებს ფართოდ ვშლიდით, ცერა თითს ნეკას ვადებდით, ნეკას – ცხვირს და ხმებს გამოვცემდით უცნაურს. აი, ასე დგას სახეგაბადრული „მავნე“.

„მე შენს ფერხთა ვარ და მე შენ გეტრფი, შენს ალერსს ველი“ – ცხელ ქვიშაზე მწოლიარე, ტრფობის ჟინით აღსავსე წყვილს კი ფოტოს მესამე პლანი მოუცავს.

„ჩემ წინ გრიოზის „გატეხილი სურა“ კიდია. ის წინად სხვა ოთახში იყო, ბნელ კუთხეში ოდესღაც ჩამოკიდებული, და თვალში იშვიათად მხვდებოდა, გენერალური დასუფთავების დროს თუ. აი, ამ წუთში მე დამებადა სურვილი, გადავხედო ჩემს წარსულ ცხოვრებას, დიახ, გადავხედო ჩემს წარსულ ცხოვრებას და შევეცადო, გამოვარკვიო, რა ვიყავი და ვინ ვიყავი.“

1441288_618235518224472_1541565045_n

ფეხშიშველ ქალს მოწინავედ მიაჩნდა საკუთარი თავი, დეკადენტებით გატაცება ამის უაღრესად სარწმუნო საბუთი იყო მისთვის. „სავსებით დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ მე განსაკუთრებული და იშვიათი პიროვნება გახლდით, ჩემ გარშემო სხვა არავინ იცნობდა და ზეპირად არ იცოდა არც კუზმინი, არც მანდელშტამი, არც ბლოკი, არც ახმატოვა. ბოდლერის „ბოროტების ყვავილები“ ხომ არც გაეგონათ“.  ქალი ჩუმად თარგმნიდა ლექსებს, ორიგინალთან შედარებისას კი რითმები არ მოსწონდა. ქალურად არ მოქმედებდნენ მასზე და ეშინოდა, სხვისთვის გაენდო მისი ნაწერები.

ლესევი, საჩხერე. მისტიკა

ანცი, ცისფერთვალება ბიჭი ტყის უზარმაზარ ხეებსა თუ ბუჩქებს ამოფარებული, აშინებს დამსვენებლებს. 15 წლის ელიჯათხანი დაზაფრულია, აღშფოთებული. „ბოროტმა“ ბიჭმა მოგვიანებით სისხლისმსმელი მხეცის თავდასხმისაგან იხსნა ადამიანის სიცოცხლე. გრძნობამორეული ელიჯათხანი გაიბადრა. დაიბადა სიყვარული, „სულში განახლდა უკანასკნელ წლებში გაბატონებული უცნაური განწყობილება“.

ფერწერული მხატვრობით გატაცებულ ფრანტს უყვარდა არტისტული ყავახანები, უზარმაზარი ჭაღებით განათებული დარბაზები, უხვად მზისსხივდაბნეული ვერანდები.

თეთრი ღამეების ეპოქა

ელიჯათხანი გაიზარდა, დამშვენდა. მოზღვავებულ გრძნობათა სისავსემ იფეთქა. წერს ლექსებს, სონეტებს, მინიატურული პროზის საუკეთესო ნიმუშებს.

არგვეთი. მისტიკა

ლესევში ჩასახული სიყვარული გაღვივდა, გადიდდა და ვერდატეული ვნება აფეთქდა არგვეთში.

ყმაწვილი ქალი ხელმეორედ შეხვდა დენდს:

– ჩვენ ხომ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ?

– აჰა, ლესევში, ამოვისუნთქე მეც და მოვყევით იმ დღის მოგონებას. ამბავი აფერადდა უცნაურად, სულ სხვაგვარი სიტყვებით. ორივემ ვიგრძენით ნათესაური ელფერი ჩვენს განწყობილებაში. მისტიკური შინაარსი მიეცა უბრალოდ მომხდარ მოვლენას. გატაცებულნი საუბრით ჩვენ მხოლოდ ვუსმენდით და ვხედავდით ერთმანეთს.

დაუშრეტელი აღტაცება ახლდა იმ ზაფხულს, ეპოქალურ იდეას ჩაესახა საფუძველი. მოლზე გაშლილ სუფრას თამადობს ვაჟი. სადაფისფერ ყანწებში ჩასხმულ ღვინოს ხასხასა ცისფერი გადაჰკრავს მთვარის შუქზე.

– შეხედე, რა ცისფერი ღვინოა, – უეცრად წამოიძახა ქალმა.

ევრიკა – ქალია დასაბამი…

დასაბამია, მაგრამ ცილი დასწამეს, იუკადრისეს, ლანძღვა-გინებით აავსეს პოეტი. ეროტიულ ლექსებს წერსო, სქესობრივად რყვნისო საზოგადოებას. ამოტომაც ეუხერხულებოდა ქალს საკუთარი სახელით ბეჭდვა, არც დაუბეჭდავს! „დორიან გრეის პორტრეტი“ ლამის ზეპირად იცოდა, იზიარებდა უაილდის ესთეტიკურ შეხედულებებს, ჰოდა, სიტყვის კეთილხმოვანებით, ქართული „დარის“ შინაარსის ჩართვით შეიქმნა ფსევდო გვარი.

                                  მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,

                                  (ჩემს შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა)

                                   და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს

                                   ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა

960050_618235458224478_202762847_n

ელლი

„არ მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად გვრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო. გულანთებულს, მსურს, შენ ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. გულმხურვალედ გეხვევი, ჩემო ღვთურო! შენი . . .“

ეს იმ ანცი ბიჭის წერილია, ლესევში, რომ პატარა დამსვენებლებს უმოწყალოდ აშინებდა.

ელლი – ასე მიმართა ქალს პირველად, ნიშნად დიდი მონატრებისა.

წერდა ელი ლექსებს, სონეტებს, თარგმნიდა და მას უგზავნიდა. დიდი პოეტური ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილი კითხულობდა ლექსებს და საკუთარ გრძნობასაც ჩაურთავდა ხოლმე. ეს ბიჭი არტისტული ბუნებითაც გამოირჩეოდა. გამოხდა წლები და ელლის ლექსებს ვინაობა დაუკარგეს. თითქოს არც ყოფილა ელიჯათხანი, პავლე, მათი სიყვარული. პავლეს პოეტურ მისტიფიკაციად, გარდასახვად მონათლეს ლექსების ციკლი.

ომია. მღელვარე ფიქრებს მოუცავს ყმაწვილი ქალი, განიცდის, იქნებ მისი საყვარელი ფრანტი ჯარში გაიწვიონ. ჩამოხმა ელიჯათხანი, გაცრუებული სიყვარულის მელანქოლიით თუ ახსნეს მისი ფორიაქი. გაათხოვეს ქალი, ვინმე ბერიშვილზე, უსიყვარულოდ. ასე უბრალოდ, გადაწყვიტეს და გაათხოვეს.

579188_618235408224483_166850639_n

1457756_618235404891150_1011162999_n

ნამდვილი სიყვარული კი არ გამქრალა, მხოლოდ რითმებში გარდაისახა…

ნიჭიერი, არტისტული ბუნებით გამორჩეული ბიჭი მოგვიანებით ხალხის მტრად, დივერსანტად შერაცხეს, იდეოლოგიური მავნებლობა დასწამეს, თავი მოაკვლევინეს და მკვდარიც არ დაინდეს, ჯერაც მფეთქავი, თბილი გვამი გაასამართლეს.

ელლის გარდაცვალების შემდეგ კი, მისი პირადი არქივი გახსნეს, ბურუსითმოცულ სიყვარულის ისტორიას რეალური ელფერი მიეცა, დარიანული ციკლის ლექსები კი განაგრძობს ელლისა და პავლესთან თანაარსებობას.

                       მაგიჟებს სითბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,

                       ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.

                       დაღლილი არის, სანატრელო, დღეს ჩემი ტანი,

                       ნუ გვიანდები.

თეკლე ქაროსანიძე

390 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930