Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„ბაიერნი“ – არამხოლოდ ფეხბურთი

„ბაიერნი“ – არამხოლოდ ფეხბურთი
December 08
13:43 2013

რამდენიმე თვის წინ თავი უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი. 25 მაისს უსირცხვილოდ და მოურიდებლად, მეზობლებისათვის ანგარიშის გაწევის გარეშე, უკანასკნელ ხმაზე ვყვიროდი: „თორმეტი წელი და ორი დღე, თორმეტი წელი და ორი დღე!“. დროის ეს უსაშველოდ დიდი მონაკვეთი ჩემს ახდენილ საფეხბურთო ოცნებებს ერთმანეთისგან აშორებს.

პირველად საუკუნის დასაწყისში გამეხარდა. ნაკლებად ცნობილი ნორვეგიელი ფორვარდის, ოლე გუნარ სოლსკიაერის მიერ დამწუხრებულ პატარა მოსწავლეს განუზომელი სიხარული ოლივერ კანის შასანიშნავმა ნახტომმა მომიტანა. სკოლაში უიღბლო გუნდის გულშემატკივრობას ვეღარავინ მაბრალებდა. თუმცა, ჩემი სპორტული ზეიმი დიდ ხანს არ გაგრძელებულა. ახალი მწვერვალის დაპყრობამდე ხანგრძლივი ლოდინი და ორი მტკივნეული დამარცხების (2010; 2012) გადატანა მომიწია. ჩემს მრავალწლიან დარდს ბოლო უდიდესმა გერმანელმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა მოუღო.

მოკლედ, მე მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივარი ვარ და მინდა, უმცირესი წვლილი მაინც შევიტანო ჩემი ფავორიტი კლუბის ისტორიის წარმოჩენის საქმეში. საფეხბურთო ფილოსოფიისა და ტექნოლოგიების ხეირიან ანალიტიკოსად ვერ გამოვდგები, არც საყოველთაოდ ცნობილ ტიტანებზე საუბრით შეგაწყენთ თავს. აქედან გამომდინარე, მინდა, თქვენი ყურადღება ჩრდილში დარჩენილ გენიალურ ადამიანებსა და მათ ღვაწლზე გავამახვილო.

1457008_681253281907595_2126601519_n

დღეს, კურტ ლანდაუერის შესახებ საუბარს გთავაზობთ.

კურტ ლანდაუერი 1884 წელს რიგითი მიუნხენელი ებრაელის ოჯახში დაიბადა. ბედად, მისი ცხოვრება ადრეული ასაკიდანვე დაუკავშირდა „რეკორდმაისტერს“. სავარაუდოდ, 16 წლის მოზარდი „ჰიზელის“ ლუდხანაშიც იმყოფებოდა, როდესაც 1900 წლის 27 თებერვალს ქალაქის სპორტკლუბის განაწყენებულმა წევრებმა ახალი საფეხბურთო გუნდი – „ბაიერნი“ დააარსეს და ტურნირებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს. ამბობენ, რომ ლანდაუერი სამხარეო ჩემპიონატში მოასპარეზე საკუთარი კლუბის ღირსებას მოედანზეც მედგრად იცავდა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ მას სპორტული ტალანტი არ გააჩნდა. გულდაწყვეტილმა და ნაკლებად წარმატებულმა ფეხბურთელმა სხვა სფეროში გადაინაცვლა, მაგრამ გუნდთან კავშირი არასდროს დაუკარგავს. „მიუნხენის ახალი ამბების სააგენტოს“ სარეკლამო განყოფილების უფროსი თითქმის ყველა მატჩს ესწრებოდა და „ბაიერნის“ მესვეურებს ადმინისტრაციულ საქმიანობაში უანგაროდ ეხმარებოდა. ლანდაუერის კოსულტაციები საკმარისი არ აღმოჩნდა. კლუბის საფეხბურთო წარუმატებლობებს თან დაერთო მწვავე ფინანსური კრიზისიც. აქედან გამომდინარე, მმართველმა საბჭომ ყოფილი მოთამაშე პრეზიდენტად აირჩია. პირველი ტიტულების მოსაპოვებლად შემართულ ახალ ხელმძღვანელს მუშაობა რამდენიმე თვეც კი არ დასცალდა. 1914 წელს, მიუნხენელი სპორტსმენებიც და მმართველებიც პირველი მსოფლიო ომის ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს.

ომიდან დაბრუნებულმა ლანდაუერმა კი უკვე წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია. საკუთარი თანხისა და კავშირების გამოყენებით მან გაღარიბებულ და გაჭირვებულ ქვეყანაში მიწასთან გასწორებული გუნდის ყველა მოთამაშე დააზღვია. გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯების დაზოგვის შედეგად, მაშინდელ საფეხბურთო სამყაროში ცნობილი სპეციალისტების გერმანიაში მოწვევა გახდა შესაძლებელი. თავდაპირველად, პრეზიდენტმა ფსონი შოტლანდიელ და უნგრელ მწვრთნელებზე დადო. მათ შეძლეს სამხრეთ გერმანიის ჩემპიონატის ორჯერ მოგება (1926; 1928), მაგრამ ამბიციურ ლანდაუერს მოკრძალებული შედეგი არ აკმაყოფილებდა. ნიჭიერმა მმართველმა მიუნხენში ავსტრიელი ებრაელი, რიხარდ კონი ჩამოიყვანა. გუნდის ჩაბარებიდან ერთ წელიწადში, 1932 წელს „ბაიერნი“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში პროვინციულმა, ნაკლებად ცნობილმა კლუბმა ლეგენდარული და მდიდარი ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაამარცხა (2:0). სარეკლამო აგენტმა განადგურებული სპორტული გაერთიანება ქვეყნის ჩემპიონად აქცია. თუმცა, პრეზიდენტის ზეიმი დიდ ხანს არ გაგრძელებულა.

ხელისუფლებაში მოსულმა ნაცისტებმა „ბაიერნი“ “ებრაულ გუნდად“ გამოაცხადეს. მწვრთნელსაც და პრეზიდენტსაც ქვეყნიდან გაქცევა მოუწიათ. 1938 წელს, ლანდაუერი დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან (ამ ბანაკში მისი ორი ძმა და ერთი და დაიღუპა) მადლიერმა გულშემატკივრებმა კარდაკარ შეგროვებული თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და შვეიცარიაში გააპარეს.

ლანდაუერის ღვაწლს, ალბათ, ყველაზე უკეთ 1943 წელს, ციურიხში გაესვა ხაზი. ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ ჩამოსულმა „ბაიერნელებმა“ არაფრად ჩააგდეს ნაცისტი ზედამხედველის გაფრთხილება, სახლში დაბრუნებისას მოსალოდნელი ხიფათი და მატჩის მსვლელობისას მოულოდნელად მოედნიდან ტრიბუნაზე გადაინაცვლეს. სპორტსმენები მაყურებლის ერთ-ერთ სავარძელში მოკალათებულ ლანდაუერთან მივიდნენ და ლეგენდარულ ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადეს. ცხადია, მიუნხენში დაბრუნებულ გუნდს სერიოზული პრობლემები შეექმნა. სამაგიეროდ, ლეგენდარულ მმართველს ფეხბურთელთა სიმამაცით დაუფასდა თავისი გარჯა.

1947 წელს, ლანდაუერი კიდევ ერთხელ გახდა „ბაიერნის“ პრეზიდენტი და კვლავ ნოლიდან, საკუთარი სახსრებით დაიწყო კლუბის მშენებლობა. სწორედ მან აღადგინა ის საფეხბურთო სკოლა, სადაც ბეკენბაუერმა, მიულერმა, ზეპ მაიერმა და სხვა ვარსკვლავებმა გადადგეს პირველი საფეხბურთო ნაბიჯები.

კურტ ლანდაუერმა სხვადასხვა დროს, 16 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა „რეკორდმაისტერს“, პირველი თასები მოუტანა თავის გუნდს და  ნიადაგი შეუმზადა გერმანული ფეხბურთის ოქროს ხანას. თუმცა, ყველაზე მთავარი სხვა რამ გახლავთ. ლანდაუერმა დაამტკიცა, რომ ფეხბურთის სიყვარული ხანდახან ადამიანებს გმირობების ჩადენისა და ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ მოქმედებისკენაც უბიძგებს.

მგონი, ლანდაუერმა დაიმსახურა ის, რომ მისი დაბადებიდან 130 წლის შემდეგ, გერმანიიდან ძალიან შორს მცხოვრებმა რიგითმა გულშემატკივარმა მას მადლობა გადაუხადოს.


ლევან ლორთქიფანიძე

1,265 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031