სუსტი სქესი ძლიერ სპორტში

სპორტი

ის ფაქტი, რომ ,,სუსტი სქესის წარმომადგენლები’’ სუსტები არ არიან ქალებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ. გენდერული თანასწორობა თუ უბრალოდ რაგბის სიყვარული?! საქართველოში არცთუ ისე ბევრმა იცის, რომ ქალთა რაგბი არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები რაგბიში იშვიათობაა, საქართველოში მორაგბე ქალების რაოდენობა 60-მდე მაინც აღწევს. მათ შორის 12 გოგონა ნაკრების წევრია, დანარჩენები კი ძირითადად არასრულწლოვნები არიან, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ქალთა რაგბის მომავალი აქვს და განვითარებისთვის მას მხოლოდ ხელშეწყობა და პოპულარიზაცია სჭირდება. ანა პოღოსიანი ერთ-ერთი იმ 12 გოგონათაგანია, რომლებიც საქართველოს სახელით მსოფლიო ასპარეზზე გამოდიან. ის ნაკრების კაპიტანია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული ქალთა რაგბი განვითარდეს და მომავალში დიდ წარმატებას მიაღწიოს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ანია პირველი თაობის მორაგბე ქალებიდან ერთადერთია ვინც დღემდე შემორჩა ნაკრებს:

„რაგბიში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. 2007 წელს, მაშინ, როცა საქართველოში ქალთა რაგბის ეყრებოდა საფუძველი, მე მძლეოსნობით ვიყავი დაკავებული, მანამდე ფეხბურთზეც დავდიოდი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ზურაბ დუგლაძე, მწვრთნელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქალთა რაგბის საქართველოში, ჩემს ვარჯიშზე იყო მოსული და შემომთავაზა რაგბიზე სიარული. ერთხელ მივედი რაგბის ვარჯიშზე და იმდენად მომხიბლა ამ სპორტმა, რომ დღემდე აქ ვარ და აქ ვიქნები, მთელი გულით და სულით ვითამაშებ, სანამ ამას შევძლებ.“ – ამბობს ანა.

ქალთა რაგბის ისტორია საქართველოში 2007 წლიდან იწყება, ეს ის პერიოდია, როცა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ზურაბ დუგლაძემ ქალთა რაგბის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. მაშინ არც სტადიონები იყო გაკეთებული და არც კომფორტული პირობები იმისთვის, რომ ამ სპორტით ქალბატონებიც დაინტერესებულიყვნენ, თუმცა რაგბის სიყვარულმა მაინც გააერთიანა რამდენიმე გოგონა საერთო მიზნით – საფუძველი ჩაეყარათ ქალთა რაგბისთვის, მიეღოთ სიამოვნება ამ სპორტისგან და ესახელებინათ თავიანთი სამშობლო. როგორც ანა პოღოსიანი ამბობს:
„სანამ რაგბის არ ითამაშებ, ვერ მიხვდები მის აზარტს და ინტერესს, ერთი თამაშიც კი საკმარისია იმისთვის, რომ „მოიწამლო“ ამ სპორტით.’’
დღეს უკვე 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რაგბის ქალთა ნაკრები ჩამოყალიბდა. როგორც ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე აღნიშნავს, ამ სფეროში გარკვეული წარმატებები ნაკრებს უკვე აქვს:

„წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჩვენი ქალთა ნაკრები წინა წელს გადმოვიდა A დივიზიონში, წელს A დივიზიონში ვითამაშეთ, ეს პირველი სეზონი იყო და შემდეგ წელს ვეცდებით, რომ ავიდეთ კიდევ ერთი დივიზიონით მაღლა. IღB-სგან მოთხოვნაა, რომ ქალების რაოდენობა გაიზარდოს 700-მდე და მომავალში უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადავიდეთ ელიტარულ დივიზიონში და თუ კარგად ვითამაშებთ, შეიძლება ოლიმპიადაზეც მოვხვდეთ, თუმცა ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა.“ – ამბობს გიორგი მაისურაძე.

ქალთა რაგბის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე საზოგადოების აზრი ორად იყოფა. თბილისის ფორუმზე გვხვდება გვერდი სახელწოდებით ,,მანდილოსანთა რაგბი,’’ სადაც ფორუმის წევრები ბევრს კამათობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის რაგბი მანდილოსნების სპორტი. ზოგიერთი თვლის, რომ რაგბი ეს სპორტის ისეთი სახეობაა, რომელიც ქალს არ უხდება და რომ ის მამაკაცების სპორტია, როგორც გარეგნულად, ისე თავისი არსით, ზოგის აზრით კი – სპორტი-სპორტია და ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთნაირად აქვთ უფლება სპორტის იმ სახეობით დაკავდნენ, რომელიც მათ მოსწონთ, იქნება ეს რაგბი, ფეხბურთი, ჩოგბურთი თუ მძლეოსნობა.
ქალთა რაგბის ნაკრების კაპიტანს რაგბი მხოლოდ მამაკაცების სპორტად სულაც არ მიაჩნია, ის თვლის, რომ რაგბის მამაკაცების თამაშს ისინი უწოდებენ, ვისაც სპორტი კარგად არ ესმის:

„ჩვენ ვთამაშობთ 7-ქალა რაგბის, რაც ბევრად განსხვავდება 15-სგან, იმიტომ რომ 7-ქალაში უფრო გაშლილი და საინტერესო თამაშია, აქ საჭიროა სისწრაფე და ინდივიდუალური ტექნიკა, არ არის აუცილებელი ჯახი და ძალისმიერი შეჯახება, ამიტომ ვთვლი, რომ რაგბი სულაც არ არის ისეთი უხეში სპორტი, როგორი წარმოდგენაც აქვთ მასზე.“

საქართველოში ზოგს არ სმენია ქალთა რაგბის შესახებ, ზოგს არ მოსწონს ქალები სპორტის ამ სახეობაში, ზოგი კი თვლის, რომ ქალთა რაგბის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული რაგბის ისტორიაში. უნდა აღინიშნოს, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში ქალთა რაგბი ძალიან განვითარებულია, ზოგ ქვეყანაში მეტად, ზოგში ნაკლებად, თუმცა იმაზე უკეთესად მაინც, ვიდრე საქართველოში. ამის მიზეზი ბევრია, ერთი ის, რომ საქართველოში ქალთა რაგბის პოპულარიზაცია დაბალია, რასაც ნაკრების კაპიტანი ანა პოღოსიანიც ადასტურებს:

„თუ პოპულარიზაცია არ გაეწია ამ სპორტს, ვინც ვართ დავრჩებით და ვიქნებით, სანამ შევძლებთ, შემდეგ კი აღარ იქნება შევსება. მართალია ახლა ტარდება პატარების ჩემპიონატი, მაგრამ იქ ძალიან პატარები არიან და დიდი სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის.“

ქალთა რაგბის წარმატებისთვის პოპულარიზაციასთან ერთად მნიშვნელოვანია იმ სტერეოტიპების დანგრევა, რაც დღევანდელ საზოგადოებაშია. სწორედ ამის შემდეგ გაიზრდება ქალთა რაგბის მიმართ ინტერესი, რაც სტიმული იქნება როგორც ამჟამინდელი ნაკრების მოთამაშეებისთვის, ასევე ნაკრების მომავალი წევრებისთვისაც. როგორც გუნდის მწვრთნელი გიორგი მაისურაძე აღნიშნავს, მომავალ წელს იგეგმება სტანდარტული 15-ქალა რაგბის ნაკრების ჩამოყალიბება, რაც წინ გადადგმული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქალთა რაგბის და ზოგადად რაგბის ისტორიაში.

ავტორი : თათა ბერელიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები