ნახევარი მსოფლიო ერთ დარბაზში

კულტურა

გინახავთ ნახევარი მსოფლიო ერთ დარბაზში?! აუცილებლად ნახავდით, თუკი მოხვდებოდით „ემიტ 2014“-ზე (Emit 2014). ეს არის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, რომელიც სტამბოლში ყოველწლიურად ტარდება და სადაც 70-მდე ქვეყნის კულტურაა წარმოდგენილი.

გამოფენა თორმეტ დიდ დარბაზს აერთიანებს. დარბაზები ერთმანეთს ღია დერეფნით უკავშირდებიან, რომელიც სავსეა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით. ყველა იღიმის, ერთმანეთს უღიმიან. უმეტესობამ იცის, თუ რა მიზნით ჩამოვიდა. სტუმრების დიდი ნაწილი ახალ ტურისტული კომპანიებს პარტნიორობისთვის ეძებს. ჩამოსულნი არიან ბიზნეს გეგმებით, საინტერესო წინადადებებით, საბუთებით სავსე ჩემოდნებითა და ჩამოსართმევად გამზადებული მარჯვენა ხელით.

მიაბიჯებენ წითელ ხალიჩაზე უზარმაზარ საგამოფენო დაფებს შორის, იპოვიან სავარაუდო ბიზნეს პარტნიორს, დასხდებიან მყუდრო კუთხეში, მიირთმევენ ტკბილეულსა და ჩაის და განიხილავენ სხვადასხვა ბიზნეს გეგმას.

დაბნეულ ტურისტებსაც შეხვდებით, თვალების აქეთ-იქით ცეცებით ხან ერთ საგამოფენო დაფასთან მიდიან, ხანაც მეორესთან. ყურადღებით ათვალიერებენ სხვადასხვა ქვეყნის ფოტოებს, აგემოვნებენ ტკბილეულს და ცნობისმოყვარე ხელებით ყველაფერს ეხებიან, მერე აღფრთოვანდებიან და რამდენიმე კითხვასაც დასვამენ.

გამოფენაზე სტუმრის ყურადღებას ბევრი უცნაური რამ მიიქცევს. მაგალითად, წითელ ხალიჩაზე მოსეირნე უზარმაზარი თურქული კანგალი (თურქული ნაციონალური ძაღლის ჯიში). ეს სამოცდაათ კილოგრამიანი დიდ ბეწვიანი ცხოველი დაღლილი და შეწუხებულია.  „მე მიყვარს დიდი ძაღლები“ – ხმამაღლა ინგლისურად იძახის ერთ-ერთი სტუმარი და თავზე ხელს უცაცუნებს კანგალს.

ყურადღებას იქცევს წითელ ხალიჩაზე მჯდომი ტაილანდელი გოგონა, რომელიც პატარა ხელით ნაკეთ ქოლგაზე ზეთის საღებავებით ყვავილებს ხატავს. ტაილანდური მუსიკა ისმის, რომელსაც მეზობელი საგამოფენო დაფიდან აფრიკული ჰანგები ერევა. აქ კი უკვე სამხრეთ აფრიკიდან, კენიელი მოცეკვავე ბიჭები, ნახევრად შიშვლები, წელს ქვემოთ პირსახოც შემოფარებულები ტამტამების რიტმებზე ცეკვავენ. შთამბეჭდავი სანახაობაა.

ცოტა მოგვიანებით არგენტინული ტანგოს ჰანგები გაიტაცებენ გამოფენის სტუმრებს. არგენტინის საგამოფენო დაფასთან მოიყრიან თავს და ორი მოცეკვავე წყვილის ცეკვას თვალს ადევნებენ.

სტუმრებს ბევრი სიარულისგან ხალიჩის ბეწვი აკრობიათ და ფეხსაცმლის ძირები შეწითლებიათ. ეტყობა, რამდენიმე საათია დარბაზიდან დარბაზში დადიან. მათ ყურადღებას იემენიდან ჩამოსული ნაციონალური მუსიკალური ანსამბლი იქცევს,  ქუვეითელი მუსიკოსები, თიხის ნაკეთობები, გრძელ ფეხებზე შემდგარი მოსეირნე საფრთხობელები, ხალიჩის მქარგველი თურქი ქალები, კუბელი ცეცხლოვანი მუსიკის ჰანგები ან, თუნდაც, საქართველოს ხედები საგამოფენო დაფასთან.

წლევანდელ „ემიტ“-ს არც ქართული კულტურის წარმომადგენლები აკლდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად მონაწილეობს სტამბოლის ტურისტულ გამოფენაზე.

„ტურიზმი ეს არის ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველაზე კარგი ტონი. ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ საქართველოში ტურისტები თურქეთიდან და არა მხოლოდ თურქეთიდან.“ – გვეუბნება ნინო ჯინჭარაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების უფროსი.

წელს საქართველოს საგამოფენო დაფა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და არც განსაკუთრებულად მიმზიდველია სტუმრებისთვის. თუმცა, როგორც ნინო გვიყვება, ორი წლის წინ საგამოფენო დაფასთან ქართული ცეკვისა და მუსიკის ანსამბლები  წარმოდგენებს მართავდნენ, ასევე იყო ქართული სამზარეულოსა და ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციაც.

„სამწუხაროდ, წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით არ იყო შესაძლებლობა, რომ ამის ორგანიზება მოგვეხდინა.“ – გვეუბნება ნინო და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ წელს საქათველო ღირსეულად წარსდგებია „ემიტზე“.

ტურისტული დეპარტამენტის გარდა, ბათუმის ტურისტულ სააგენტო და რამდენიმე სასტუმროს წარმომადგენელიც ესწრებოდა გამოფენას. ნინო გვიხსნის, რომ ეს გამოფენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ტურისტული სფეროთი დაინტერესებულ ყველა ადამიანს აქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს ერთ სივრცეში შეხვდნენ.

„2014 წლის „ემიტი“-სგან ველით რაც შეიძლება მეტ კავშირს ტურისტულ სააგენტოებს შორის და რაც შეიძლება მეტ ტურისტს ჩვენს ქვეყანაში. იმედს ვიტოვებ, გამოფენა  ქვეყნებს შორის ახალი ურთიერთობებით დასრულდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტულ თნამშრომლობას, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.“ – ამბობს ნინო ჯინჭარაძე.

და არა მხოლოდ საქართველო, არამედ ნახევარი მსოფლიო მოელოდა კულტურულ ურთიერთობების გაღრმავებას. 30 იანვარს გრანდიოზული ცერემონიალით გახსნილი გამოფენა ოთხი დღის განმავლობაში დაახლოებით 131.000 ადამიანს სტუმრობდა. ოთხი დღის შემდეგ კი ყველა შინ უფრო მეტი  ნაცნობით, ახალი გეგმებით, იმედებითა და წითელი ხალიჩის მტვერით დაბრუნდა.

1797025_733139810039238_990269795_n

1654492_733139840039235_48209063_n1608972_733139846705901_1705488851_n

 

მაგდა გუგავა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები