„მშვიდი ცურვა“ – პრეზენტაცია

კულტურა

დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ირაკლი ჩარკვიანის რომანის „მშვიდი ცურვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

საღამოს უძღვებოდნენ მარიკა ბაკურაძე და გიორგი კეკელიძე. მოწვეული სტუმრები საუბრობდნენ საკუთარ შთაბეჭდილებებსა და ირაკლისთან დაკავშირებულ მოგონებებზე. რომანი პირველად რვა წლის წინ დაიბეჭდა: „ხალხი ეძებდა წიგნს, იყო მოლოდინი და ხელმეორედ გამოიცა“, – განაცხადა „ინტელექტის“ წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ. პირველ და მეორე გამოცემას შორის განსხვავება თანდართულ ფოტომასალაშია, არქივი, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ „მშვიდი ცურვა“ ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაში ერთადერთი რომანია.

9801a3a3af2c

წიგნის ხელმეორედ გამოცემამ ფართო აუდიტორიის ინეტრესი გამოიწვია. მოსწავლეები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები, მათ ერთად შექმნეს გარემო, სადაც შემოქმედი იგრძნობოდა.

„ირაკლის მამობა, დედობა არ იყო ადვილი. ცხოვრება მუდმივი სიურპრიზებით, ამბოხებით, რევოლუციით გამოირჩეოდა, რთული ცხოვრება იყო. ირაკლი სტოიკური სიმშვიდით იღებდა ლანძღვასაც და ქებასაც. მშობლებისთვის ძნელი იყო შვილის გამომწვევი პოპულარობა. ადვილი არ არის მისი შემოქმედების შეფასება, ბავშვი, რომელსაც დაბადებიდანვე იცნობს მშობელი, ხდება შემოქმედი, რომელსაც უსმენენ, მასზე ლაპარაკობენ, ძნელია, დაიჯერო, რომ მას შეუძლია საზოგადოებაზე ზეგავლენა. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც ირაკლის შემოქმედების შეფასება გვიძნელდებოდა. დღეს კი მისი პოპულარულობის დინამიკა მატულობს, ყოველდღიურად ვხედავ და ვგრძნობ ამას, ახალგაზრდები მოდიან, პატარები ირაკლის სახელით ავტოგრაფს მთხოვენ და ეს ყველაფერი მადლიერებას იწვევს ჩემში. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი ნამდვილად იყო ნიჭიერი შემოქმედი“, – ამბობს გელა ჩარკვიანი.

კოტე ყუბანეიშვილმა ხაზი გაუსვა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებით ძლიერებას, ზეგავლენის უნარს: „მომღერალი და პოეტი, მე ირაკლი ასეთი შემიყვარდა და, სანამ ცოცხალი ვარ, აზრს ვერაფერი შემაცვლევინებს.“

მისმა მეგობრებმა ირაკლი ორი განსაკუთრებული ნიშნით დაახასიათეს: შინაგანი მოკრძალება და საფრთხის გადალახვის ძლიერი უნარი.

„ბორხესი ამბობს, კაფკას საშუალებით შეიძლება წაიკითხო მისი წინამორბედი, ირაკლის საშუალებით კი შეიძლება წაიკითხო კლასიკური ლიტერატურა: რუსთაველი, გალაქტიონი, ჭავჭავაძე…“

გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.

თეკლე ქაროსანიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები