Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მარო მაყაშვილი

მარო მაყაშვილი
February 25
00:00 2014

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში რაღაც წიგნის ძებნის დროს ერთ–ერთ თაროზე მარო მაყაშვილის დღიური შემხვდა. ამ დღიურის მხოლოდ პატარა ნაწილია შემორჩენილი, რომელიც მარომ 1918–21 წლებში დაწერა. ზუსტად ამ თარიღის გამო დავიწყე კითხვა. უფრო სწორად ვთვლიდი, რომ მაინტერესებდა საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელოვანი მონაკვეთის ახალი დეტალები, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი: უფრო მეტად მაინტერესებდა მარო მაყაშვილი ჰეროიზაციის გარეშე.

ყველა, ვინც მარო მაყაშვილზე წერს, ან ლაპარაკობს, ხაზს უსვამს სიცოცხლის სიყვარულს, ენერგიულობას, აქტიურობას. ის „ისპანკით“ დაავადებულიც კი ისე წერს, თითქოს დატვირთული დღის მერე დაიღალა და წამოწვა დასასვენებლად და არა 1 თვე იტანჯებოდა მძიმე ავადმყოფობით. ამ შემთხვევაშიც ისევე დალაგებული, გაწონასწორებულია, ლაკონიურად, გულწრფელად წერს, როგორც სხვა დროს. მარო „ქართული ტან-ვარჯიშობის საზოგადოება შევარდენის“ წევრი იყო. ეს პირველი პრეცედენტია საქართველოში. ამ წლებში ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნაკლებად აქტიურობდნენ, ამიტომ სპორტში მათმა გამოჩენამ დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ქალის სპორტით დაკავებას ეწინააღმდეგებოდა მაროს ერთ–ერთი ამხანაგი. მასთან კამათისას: „მე (მარო ი.ს.) ვამტკიცებ, უმაგისოთ კარგა ვერ განვითარდება საქართველოში ქალი.“ მისი მამა, კოტე მაყაშვილი კი იგონებდა, რომ ამ საზოგადოების მოწინააღმდეგეებს პასუხობდა ლათინური გამოთქმით: „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო.“ მას სულ ქალაქგარეთ მიუწევდა გული, მაგრამ იყო გამონაკლისიც: „თბილისში შევარდენის გულისთვის მინდოდა დარჩენა.“

e1839be18390e183a0e1839d-e1839be18390e183a7e18390e183a8e18395e18398e1839ae18398

ასეთივე აქტიური იყო ცოდნის მიღებაშიც. მას არ ჰქონდა უბრალოდ ერუდირების სურვილი. მას აინტერესებდა მოვლენები და იღებდა მათზე ინფორმაციას სხვადასხვა გზით. „სცენა მიყვარს გაგიჟებით“, იმდენად, რომ „რამდენჯერ გამოვპარულვარ სახლიდან წარმოდგენაზე.“ ის არაჩვეულებრივად იცნობდა თბილისის თეატრალურ სივრცეს. აფასებდა წარმოდგენებს, ადგილობრივ, თუ საგასტროლოდ ჩამოსულ დასებს. რა თქმა უნდა, ჰყავდა ფავორიტები: „თუ რამე მომწონს სცენაზე არტისტში, ალაგას ვეღარ ვზივარ, ვღელავ და არ ვიცი ჩემი აღტაცება რაში გამოვხატო.“ ამიტომ „ევგენი ონეგინის“ სამჯერ ნახვის მერე თქვა: „კიდევ ოცჯერ შემიძლიან წავიდე.“ განიცდიდა ნაცნობი დასის ჩანაცვლებას: „წინათ სიხარულით იმიტომ დავდიოდით, რომ ვიცოდით ხვალ ან ზეგ არტისტულში ვიქნები, ან საცა წავალ იქნება მსახიობი დორსკი, ან დნეპროვი…“

მაროს უყვარდა ლიტერატურაც: „რა კარგია წიგნი, მეტადრე თუ ძალიან საინტერესოა. მე შემიძლიან მთელი დღეები ვიჯდე და ვიკითხო ერთიმეორეზე.“ ამის გამო „[დედამ] იცის ხოლმე „აი თავის რომანებს ჩაუჯდა და ვეღარაფრით ვერ გააცლიო.“  ის მსჯელობდა, რატომ მოეწონა ან არ მოეწონა ნაწარმოები. ზოგადად, ყველაფერზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას ცდილობდა. ფიქრობდა, თვითონ როგორ მოიქცეოდა პერსონაჟის ადგილას.

რაღაც მომენტში თითქოს თავის თავზე ლაპარაკი ბეზრდება. ამ დროს თავისი ცხოვრების კრედოს აყალიბებს: „სხვაზე ფიქრი უფრო კარგია.“ მზრუნველობის სურვილი ბევრ ეპიზოდში ჩანს. ამის საუკეთესო მაგალითია ბრძოლის ველიდან მშობლებისთვის გამოგზავნილი წერილი. ის ომშია! მშობლებს კი სწერს, რომ ძმის ამბავი შეატყობინონ, თან ამშვიდებს მათ. ომიდან. სთხოვს თხილისა და ტკბილეულის გაგზავნას, ისიც მორიდებით. მისი გადაწყვეტილება დაიცვას თავის ქვეყანა ამავე თვისების გამოვლინებაა: „მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემულეთა.”  

მაროს, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჰქონდა ოცნებები, აწუხებდა ყოფითი პრობლემები. „ძალიან მინდა, ყველა ენები შევისწავლო ისე, რომ მშვენივრად ვიცოდე“ – ამიტომ იგი წარმატებით ეუფლებოდა ინგლისურსა და გერმანულს.  „მე მაქვს წარმოდგენილი ის, თუ როგორ ვიცხოვრებ მე, როცა სწავლას დავამთავრებ. მექნება ჩემი სახლ–კარი, ჩემებურად გაწყობილი.“ სოფელში სახლის ქონის საშუალებას კი მას აძლევდა ოჯახის ფინანსური მდგომარეობა და ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ამის გამო. „გაჭირვება. რა არის ფული? იგი ხელის ჭუჭყია, როგორც ამბობს ხალხი, მაგრამ ამ ჭუჭყს დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში.“ მისი მამა, კოტე მაყაშვილი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ასეთი თანამდებობის მიუხედავად, მისი ქალიშვილი თავის დღიურში წერდა: „ეხლა, როცა ვხედავ, რა გაჭირვებაშია მამა, გული მეწვის. ერთი ის მუშაობს 6 კაცზე.“ მარო არ ეგუებოდა ამ მდგომარობას და თეატრის, კინოს, წიგნების გარდა ადამიანებთან ურთიერთობით იღებდა დადებით ენერგიას. ხშირად სტუმრობდა ნათესავებს, მეგობრებს. „ძალიან მიყვარს მგალობლიშვილებთან დროს გატარება. საუცხოო ოჯახია.“ „წმინდა ელენე და კონსტანტინეს დღე იყო და ამის გამო მოსალოცად წავედით. მე და ქეთო ვიყავით ელო ავალიშვილთან. ოჰ, როგორ ვიცინოდით, სულ პირი გვიღიმოდა.“  ერთხელ თავისი თანატოლი ახლობლის თბილისში სასწავლებლად ჩამოყვანაც კი მოუნდომებია, უნდოდა სულ მის გვერდზე ყოლოდა მეგობარი.

ხშირად, გმირებს, გამორჩეულ საზოგადო მოღვაწეებს, სპეციალისტებს, მწერლებს, მხატვრებს… პარნასზე შემოვსვამთ ხოლმე. ჩვენი პარნასი იმდენად მაღალია, რომ ვეღარც ვხედავთ, რომ ისინი ადამიანები იყვნენ, რის გამოც მთლიანობაში ვერ ვიაზრებთ მათ, როგორც პიროვნებებს და მათ, როგორც შემოქმედებს.  დღიური ამ მთლიანობის დასანახად მშვენიერი საშუალებაა: ის არ იწერება მკითხველისთვის, ამიტომ მასში ხშირად ხვდება ისეთი აზრები, რომელიც შეიძლება ავტორმა არავის გაუზიაროს დღიურის გარდა.  „ამას წინათ მეხუთედ შემხვდა „ის“. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც კი შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს, არ ვიცი რისთვის, იმიტომ რომ ვწითლდები, თუ…“ „ის უნახავს ქეთოს დღეს, მე კი არა.“   მოზარდისთვის ჩვეული გაზვიადებით: „ღმერთო, გემუდარები, გეხვეწები მონა შენი, დავიჭირო გამოცდები და სწავლა კარგად დავასრულო“ და „მეშვიდე კლასის მოსწავლე ვარ, ვაშა!!!“ ეს „მძიმე“ განცდები სწავლას ეხება, თორემ სასწავლებლის ამხანაგებთან ის ყოველთვის ხალისიანად ატარებდა დროს: „ნიცა დაბალი და სქელია. ვაჯავრებთ ხოლმე, რომ ის არის стройная, изъяшная, гибкая. ეს სულ ხუმრობით ხოლმე. ისიც გვეხუმრება და დაიწყებს თავისი ტლანქი ფეხებით და ხელებით სხვადასხვა პას გამოყვანას და ჩვენც გაგიჟებით ვიცინით.“ ამხანაგებმა სასწავლებელში „ბალიც“ მოაწყვეს, სადაც დაპატიჟეს პოეტები, მსახიობები, მომღერლები. მათ შორის აქტიურობდა პაოლო იაშვილი, რომელიც გოგონებს ახალისებდა. საერთო ჯამში წვეულებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე: „მე პირველად ვიყავი საღამოზე და ისე ნასიამოვნები არასოდეს არ დავრჩენილვარ.“

ამ ყოფით მოვლენებთან ერთად, ხშირად აღელვებს საქართველოც: „ეჰ, რა დროს წინანდელზე ფიქრია და პირად გრძნობებზე ლაპარაკია. ამ დღეებში წყდება საქათველოს ბედ–იღბალი.“  დამოუკიდებლობა:  „ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს“; „დაწვრილებით აღვსწერ, როცა ვნახავ ამ უდიდეს დღესასწაულს ქართველთა ცხოვრებაში“; „1 წელი საქართველოს დამოუკიდებლობისა მართლაც რომ იშვიათი მოვლენაა“; „გულში მწამს სამშობლოს თავისუფლება. უსათუოდ წითელი ბაირაღები უნდა გამოვკიდო?“ შინა პოლიტიკა: „1 მარტს გამოცხადდა დამფუძნებელი კრება“; „ყოველი სოციალისტის ლაპარაკში ეხლა ნაციონალისტურ–პატრიოტული ელემენტებიც შეიპარა. ყველამ იგრძნო, რომ საქართველოში სოციალისტობა შეუძლებელია, მაგრამ სოციალისტებს არ უნდათ, რომ სხვებმა ჩააჩუმონ ისინი და მაინც მაგ პარტიას აღმერთებენ.“ ომი: „ამ უკანასკნელ დროს მტრებმა არ დაგვაყენეს. ყოველ მხრიდან თავს გვესხმიან. იქ ახალციხე თათრებმა აიღეს, აქ სოჭი მოხალისეთა რაზმმა დენიკინის მეთაურობით“; „ომი, მერე რა ომი. ათასობით იღუპება ხალხი. ევროპა დაწყნარდა, მსოფლიო სტიქია ჩაწყდა. თითქოს ყველამ მოისვენაო. ჩვენ კი უბედურება დაგვატყდა თავს. ბინძურმა ხალხმა გამოგვიცხადა ომი“; უცხოეთი: „გერმანიაში რევოლუცია დაიწყო. ვილჰელმი გადადგა. თავისი მანიფესტი გამოაცხადა. თბილისიდანაც მიდიან გერმანელი ჯარისკაცები“;  „რამდენი სტუმარი მოდის, რამდენი და ნეტა როგორები არიან? რა მიზანი აქვთ ერთმა ღმერთმა იცის“; ხშირად მისდის ფიქრი აქამდეც: „როცა მეფე ერეკლეს ჯარი ამ მთებს გადაივლიდა, მაშინ მთებიც ბანს აძლევდნენ, თავის სიხარულს მარტო მაშინ გამოხატავდნენ. ერეკლე, პატარა კახი, სდუმს, მთაც ხმას არ იღებს. მასთან ერთად შესწყდა საქართველოს კეთილდღეობა. ორთავა არწივი აღარ ასვენებს. ბოლოს ეს არწივიც მოკლული იქნა. მისი კლანჭები აღარავის აღარ აშინებს. თითქო ძილისგან გამოიღვიძა ბუნებამაც, ქედმაც გაიღიმა. მიზეზი ამ ყველაფრისა, საქართველო აღდგა“; აფასებს ისტორიას: „სამშობლო საქართველო აღარ იყო. მტერი სამშობლოს კი არ აწუხებდა, სამშობლოს უცხო პატრონს, რომელსაც მტერი უნდა მოეგერიებინა და საბრალო ქართველი წაასხა. სად არის სამართალი?“ (პირველ მსოფლიო ომზეა ლაპარაკი); ზოგჯერ მძაფრი ემოცია: „ეგ (რუსეთი ი.ს.) ერთია მგონი ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისგან დაწყევლილი. ღმერთო მოგვიმართე ხელი.“ ის აფასებს ყველაფერს, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება. მაშინაც კი, როცა ეროვნული იდეები  პოლიტიკასთან იკვეთება. ამის გამო ის შეფასებაში თავს არ იკავებს.

მარო მაყაშვილის ბიძაშვილი იხსენებდა: „ჩვენი, ქალთა პირველი სკოლა სამხედრო ტაძართან ახლოს იყო. წლისთავზე, 26 მაისს რამდენიმე მოსწავლემ გაკვეთილები მივატოვეთ, ყვავილები ვიყიდეთ და მაროს საფლავზე მივიტანეთ. ხომ პატარები ვიყავით, მაგრამ უკვე ვიცოდით რატომ დაიღუპა მარო. რომ მან ამ დღისთვის შესწირა თავი.“

„რაკი ქართველი ხალხი, მისი გრძელი ისტორიის მანძილზე, უფრო ხშირად სხვათა ქვეშევრდომი ყოფილა, ჩანს ნიჰილისტები სჭარბობდნენ ჩვენში ოპტიმისტებს. მაგრამ რაკიღა ქართველი ხალხი დღესაც ცოცხალია, ქმნის, იღწვის, შრომობს და მომავალს აშენებს, ეტყობა, ოპტიმისტები უფრო ღონიერი და ძლიერი იყვნენ“ (ა. ბაქრაძე) ამიტომ იმედი მაქვს მარო მაყაშვილის სიტყვები გამართლდება: „როგორც გაზაფხულმა გაიღვიძა, ისე ქართველი ერი იფშვნეტს თვალს. უნდა ველოდოთ, რომ სულ გამოფხიზლდება.“

ირაკლი სალია

870 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2014
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728