ეროვნულმა ნაკრებმა სეზონი მოგებით დაიწყო

სპორტი

5 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ლიხტენშტაინის ნაკრებს 2:0 სძლია. მატჩი სანახაობრივად არ გამოირჩეოდა, „ჯვაროსნები“ უპირატესობას მთელი თამაშის განვმავლობაში ფლობდნენ. ანგარიში დებიუტანტმა გიორგი ჭანტურიამ 25-ე წუთზე გახსნა.   სტუმრებმა ოქრიაშვილის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს, რის შედეგადაც 11-მეტრიანი დაინიშნა, 76-ე წუთზე ჯანო ანანიძემ შანსი გამოიყენა და სხვაობა 2 ქულამდე გაზარდა.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა შეაფასეს.

თემურ ქეცბაია (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „კარგია, რომ სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ. ლიხტენშტაინი არაა იმ გუნდებივით ძლიერი, რომლებიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს ჯგუფშია. ამ თამაშმა წარმატებით ჩაირა, თუმცა მიზნის მისაღწევად მეტის გაკეთება მოგვიწევს. ჯერ ჩვენი ფეხბურთელებიც არ არიან სასურველ ფორმაში. სექტემბრისთვის უკეთეს ფორმაში იქნებიან და, იმედი გვაქვს, სასურველ შედეგს მივაღწევთ.“

სანდრო კობახიძე: „ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ნორმალურად ჩავატარეთ, ლიხტენშტაინზე გაცილებით ძლიერი მეტოქეები გვეყოლება, სექტემბრამდე კიდევ გვექნება ამხანაგური შეხვედრა და საშუალება  გვაქვს თამაშის ხარისხი გავაუმჯებესოთ.“

გიორგი ჭანტურია:  „წლის პირველი მატჩი იყო, ზოგ მომენტში შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა. ვეცადეთ, გულშემატკისრისთვის სიხარული  მოგვეტანა. მადლობა მათ, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა. წელი კარგად დავიწყეთ და შევეცდებით, ასე გავაგრძელოთ. რაც შეეხება ჩემს გატანილ გოლს, შეიძლება ითქვას, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა სადებიუტო თამაშში გოლის გატანა, მიხარია, რომ ეს შევძელი და ნაკრებს დავეხმარე.“

ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას მაისში გამართავს, თუ ვინ იქნება „ჯვაროსნების“ მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.

ხატია ცარციძე
ფოტოგრაფი – ვახტანგ ხეთაგური

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები