თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს მიმართულებებს ახალი დეკანი უხელმძღვანელებს

უნივერსიტეტების სიახლეები

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტს ახალი დეკანი, გიგა ბედინეიშვილი უხელმძღვანელებს. ქალბატონები – ნინო ალადაშვილი და თეკლე გურიელიძე, რომელთა ხელმძღვანელობითაც სკოლებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ბიზნესგანათლების ლიდერები არიან, ასოცირებული დეკანების რანგში გააგრძელებენ გიგა ბედინეიშვილთან ერთად მუშაობას.

საინვესტიციო ბანკირს, გიგა ბედინეიშვილს, ოცწლიანი ბიზნესგამოცდილება აქვს სამომხმარებლო, საბანკო, ნავთობის, სამთო და მეტალურგიის დარგებში. მას საქართველოს გარდა ინგლისში, ავსტრიაში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და რუსეთში უმუშავია ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: RJ Reynolds, Salomon Brothers/Citi და Salford Capital Partners.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, ახალ დეკანი გიგა ბედინეიშვილი ორივე უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე არაერთ საკითხზე იყო საუბარი. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის აზრით, სწავლის ხარისხი უარესდება. ლექტორებმა, რომლებმაც თავის დროზე შექმნეს ძლიერი ფაკულტეტი, დღეს უნივერსიტეტს ტოვებენ. მათი აზრით შეპირებული პირობები არ შეესაბამება არსებულს. სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა შეხვედრაში მონაწილე თანაკურსელების სახელით სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა. სადაც საუბარია იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ბიზნესის ფაკუტლეტის სტუდენტები აღმოჩნდნენ.

სტუდენტების განცხადებით, არაფერი საწინააღმდეგო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან არ აქვთ. უბრალოდ, სურთ  გამოსწორდეს ის პრობლემები, რაც არსებობს უნივერსიტეტში.

გთავაზობთ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტის სრულ ვარიანტს.

”ჩვენ ამ სტატუსს ვწერთ თავისუფალი უნივერსიტეტების იმ სტუდენტების სახელით, რომლებმაც დღეს დეკანთან შეხვედრა დატოვეს და პროტესტს გამოხატავენ უნივერსიტეტში მიმდინარე ცვლილებეებთან დაკავშირებით. გვესმის, რომ ძალიან ბევრისთვის ვინც იმ აუდიტორიაშ იმყოფებოდა გაუგებარი იქნებოდა თუ რატომ გამოვხატეთ ასეთი ფორმით ჩვენი სათქმელი და შეიძლება ამ ფაქტს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთდეს, ამიტომ გვინდა მოგაწვდინოთ ხმა და გითხრათ, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისადმი და მათ არც ზევიდან ვუყურებთ. საქმიე იმაშია, რომ ჩვენ ჩავაბარეთ თავისუფალ უნივესიტეტში, უნივერსიტეტში, რომელიც გვთავაზობდა ჩვენთვის მისაღებ პირობებს, ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ახლანდელი პირობები “შეპირებულს” არ შეესაბამება და ჩვენც მოტყუებულები ვრჩებით (სწავლის ხარისხი უარესდება, ლექტორები, რომლებმაც თავის დროზე ჩამაყალიბეს ბიზნესის ფაკულტეტი ტოვებენ ჩვენს უნივერსიტეტს და ა.შ.). ამ მიზეზების აქ ჩამოთვლის ნაცვლად თქვენც მოგაწვდით იმ პრობლემების სიას, რომლებიც გვაწუხებს და იმედია მისი გაცნობის შემდეგ ნათელი გახდება, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს. მინდა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების იმ ჯგუფის სახელით გითხრათ რომ ჩვენ არაფერი არ გვაქვს საწინააღმდეგო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან. უბრალოდ გვინდა რომ გამოსწორდეს ის პრობლემები რაც არსებობს ჩვენ უნივერსიტეტში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის რადგან ჩვენ ბევრი საერთო პრობლემა გაგვაჩნია და ერთმანეთს გასაჭირში უნდა დავეხმაროთ. როდესაც აგრარულ უნივერსიტეტს აკრედიტაციას ართმევდნენ ჩვენ ვიდექით თქვენ გვერდით და იგივე მხარდაწერის იმედი გვაქვს თქვენგანაც” – ნათქვამია სტუდენტის განცხადებაში.

პოსტი გამოხატავს მხოლოდ სტუდენტთა გარკვეული ნაწილის მოსაზრებებს, და არა, მთლიანად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების პოზიციას.

გიორგი ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები