Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„სტუდენტების იდეა პრემიერს“

„სტუდენტების იდეა პრემიერს“
March 13
14:14 2014

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს და ახალგაზრდებს კომუნიკაციის ახალ, ეფექტურ ფორმას სთავაზობს.
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ამ მიზნით, პრემიერის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე, სპეციალური აპლიკაცია – „სტუდენტების იდეა პრემიერს“ შეიქმნა.
საქათველოს მთავრობის მეთაური მზად არის, ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი თაობის მოსაზრებებსა და იდეებს გაეცნოს და მათ აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ამიტომ გთავაზობთ კომუნიკაციის ყველაზე მოხერხებულ საშუალებას – „ფეისბუკზე“ ჩემი ოფიციალური გვერდისთვის შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია – „ახალი თაობის იდეა პრემიერს“. მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი მაქვს, მაინც მოვახერხებ გავეცნო თქვენს მოსაზრებებს, თქვენს იდეებს და მქონდეს თქვენთან კომუნიკაცია. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ. მერწმუნეთ, ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში თქვენი მონაწილეობა, თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვიქნები, თუ ჩაერთვებით ამ პროექტში, მიიღებთ მონაწილეობას ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე ფორუმებსა და განხილვებში, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის ხვალიდან გაიხსნება“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

სტაჟირება სახელმწიფო სტრუქტურებში

წარჩინებული სტუდენტები სახელმწიფო სტრუქტურებში 6-თვიან სტაჟირებას გაივლიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სტაჟიორების შერჩევა აკადემიური მოსწრებისა და რიგითობის მიხედვით მოხდება.
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორი სათანადო სერტიფიკატს მიიღებს.
ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ მსგავსი ინიციატივები სტუდენტებისთვის სწავლის, ცოდნისა და გამოცდილების მიღების დამატებითი სტიმული იქნება.

„დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს ქვეყანას მისცემს განათლებული და კვალიფიციური სპეციალისტების მთელ თაობას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე.

სტუდენტური საცხოვრებელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, რეგიონებიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი აშენდება.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღო.
როგორც პრემიერმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, წლების განმავლობაში ეს გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა და მთავრობა აღნიშნულ პროექტზე უკვე მუშაობს.
საერთო საცხოვრებელი აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით და შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა, რათა სტუდენტებს საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება ჰქონდეთ.
„არც ერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მის შვილს განათლების პერსპექტივა არ ექნება“, – აღნიშნა პრემიერმა თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრაზე.

საერთაშორისო განათლების ცენტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საერთაშორისო განათლების ცენტრი შეიქმნება, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროექტს განახორციელებს.
აღნიშნული ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო.
პრემიერის განმარტებით, მთავრობა ეძებს გზებს, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ კარგი განათლების მიღება – ერთის მხრივ, საქართველოში ამაღლდეს განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, მეორეს მხრივ კი, ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს განვითარებას მოახმარონ.
საერთაშორისო განათლების ცენტრში, რომელიც უშუალოდ პრემიერის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ყველა ფინანსური რესურსის, მათ შორის საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების სახსრების კონსოლიდაცია მოხდება.
ცენტრი განახორციელებს იმ პროექტებს, რომელთაც აქამდე განათლების სამინისტრო ახორციელებდა – საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველებს სახელმწიფო დააფინანსებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, დაფინანსდება ის მიმართულებები, რომლის დეფიციტიც დღეს ქვეყანაშია. პრიორიტეტული სექტორების გამოსავლენად სპეციალური კვლევები ჩატარდება.
პრემიერის აღნიშნულ ინიციატივაში, ჩადებული იქნება პირობა, რომ საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ სპეციალისტები დაბრუნდებიან საქართველოში და სახელმწიფოს საქმიანობაში ჩაერთვებიან. ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში დაბრუნებული სპეციალისტების დასაქმებას.
„ჩვენი მიდგომაა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის ადამიანური რესურსი, რომელიც, პრინციპში, ჩვენი ყველაზე დიდი აქტივია. მთელი ეს ძალისხმევა გამიზნულია იმისთვის, რომ ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და გამოიმუშაონ უნარები, რაც მომავალში მნიშვნელოვნად განაპირობებს ქართული ინტელექტუალური რესურსის კონკურენტუნარიანობას“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

528 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31