Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ჩაი

ჩაი
March 31
03:00 2014

ავტორი: ანიკა ლაზვიაშვილი – „ჩაი”

მოცხარი

მარტა ტრენინგზე გავიცანი. ჰალსტუხიანი, სათვალიანი კაცები ოთხი დღის განმავლობაში გვიხსნიდნენ, როგორ უნდა აგვერიდენინა თავიდან კონფლიქტები, ომები და როგორ დაგვემყარებინა მშვიდობა მთელ მსოფლიოში და ა.შ და ა.შ. ტრენინგის მეორე დღეს შევამჩნიე პირველად მარტა. სულ უკან იჯდა, უსაშველოდ გრძელი თმითა და სასწაულად მშვიდი სახით. ფერადი ფურცლები ეყარა მუხლებზე და ჩიტებს აკეთებდა. შესვენებაზე მარტას მაგიდას მივუჯექი. ქაღალდის ჭიქა ედგა წინ და რიგრიგობით ითბობდა ხელებს. პირველი ის ვუთხარი გასათბობადაც არ ვარგა-მეთქი ეს ჩაი. თავი დამიქნია.

სერბი აღმოჩნდა მარტა, რაც კოლეჯი დაამთავრა ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდა, მედდადაც მუშაობდა, “წითელ ჯვარშიც” ყოფილა, ერთი პერიოდი აფრიკაშიც უცხოვრია, მერე ყველაფრისთვის თავი მიუნებებია და უბრალოდ მოგზაურობდა და დრო და დრო ასეთ სულელურ ტრენინგებსაც ესწრებოდა. იმ საღამოს ჩემთან წამოსვლა შევთავაზე, ჰოსტელში ღამის გათევას მაინც აჯობებს-მეთქი, ვუთხარი. ვისხედით ჩემს ცივ ბინაში და დიდი ჭიქებით ვსვამდით მოცხარის ჩაის. მოეწონა მარტას, ხუჭავდა თვალებს და ისუნთქავდა ორთქლს. მომიყვა მერე, ომის დროს მოკლესო მამაჩემი. არც ბარიკადებზე მდგარა მამამისი და არც იარაღი ჭერია ხელში, საღამოხანს პური და სულ ცოტა კარაქი მიჰქონდა შინ და მაშინ მოუკლავთ სახლთან ახლოს. ყვებოდა, ყვებოდა მარტა და დიდი ყლუპებით სვამდა ჩაის. მე და დედამ ვიპოვეთო ქუჩაში, პურის პარკი ისე ჰქონდა ხელში ჩაბღუჯული, ვერ გავაშვებინეთ და ასევე დავმარხეთო. არც შუქი აგვინთია ღამით სახლში, არც დამჭკნარი ყვავილების სუნი დამდგარა ოთახებში, არც ხმამაღლა უტირია ვინმეს, ისე გამოვიგლოვეთო მამაჩემი. ვიჯექი მუხლებზე ხელებშემოხვეული და ვუსმენდი და ვუსმენდი, ისე მშვიდი იყო მარტა, მეგონა სადაცაა ბალხას ვიგრძნობ ხელებზე, ხეებს შორის მზე ჩამოაჭყიტებს და მუხლზე პატარა მწვანე ჭია ამაცოცდება-მეთქი. ღამითაც ვაკვირდებოდი, არც მხრები შეტოკებია, არც ცრემლი მოუწმენდია ჩუმად, ეძინა მშვიდად და მშვიდად.

ბოლო დღეს ტრენინგზე აღარ წავსულვართ, ზურგჩანთები მოვიკიდეთ და ჩემს ტყიპირა სახლში წავედით. უყურა, უყურა შავებში გამოხვეულ ბებიჩემს და მერე მაგრად ჩაჭიდა ხელები. მეტი არაფერი.

მზიან აივანზე ვიყავით მე და მარტა და ბებიაჩემის ვაშლის პეჩენიებს ვჭამდით, ცოტასაც ჩემს ძაღლს ვაჭმევდით. ჯემპრის სახელოებში თითებშემალული დაბორიალებდა მარტა აივანზე, მე კიდევ ვუყვებოდი, როგორ იჩხუბეს ჩემმა წინა მეზობლებმა რამდენიმე კვადრატული მიწისთვის, ორი ატმის ხისხელა ბაღჩისთვის, რომ წლებია ამის გამო ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. იმათ ღობეებს შორის კიდევ არის ის პატარა ადგილი დარჩენილი საცოდავად, გადაბალახებული, გამხმარი ხეებით, ზაფხულში გველებით, რომლებიც ხან ერთის სახლში მიძვრებოდნენ, ხან მეორისაში. მისმინა, მისმინა მარტამ, არც არაფერი უთქვამს ისე ჩაირბინა კიბეზე და დიდხანს ელაპარაკა ბებიაჩემს, მერე იმან თოხი და პატარა შეკვრები გამოუტანა. აივნიდან ვუყურებდი , როგორ გადაძვრა მარტა იმ მივიწყებულ ადგილას, ჯერ გამხმარი ბალახები მოთხარა, მერე ორმოები გააკეთა და მარცვლები ჩაყარა. რომ დაბრუნდა მიწიანი ჰქონდა ხელები და თვალები უციმციმებდა . იმ ღამეს ნახევრად ღია ფანჯარასთან იწვა, ხან ვარსკვლავებიან ცას უყურებდა, ხან საქონლის ეჟვნების ხმას და ძაღლის ყეფას აყურადებდა. მალევე წავიდა მარტა აქედან. ერთი უკრაინელი ბიჭი შეყვარებია და იმასთან დარჩა კიევში. რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდნენ, იმათი ფოტოები ან რაღაც ეკოლოგიური პრობლემის გასაპროტესტებელ აქციაზე იყო გადაღებული, ან ლუდით ხელში წვრილი, საშობაო ნათურებით მორთულ ბარში გამართულ კონცერტზე, ან ხეებს რგავდნენ. მშვიდად ვარო და კარგად – ასე მწერდა მარტა.

ვაშლი

უკრაინაში განსაკუთრებით რომ დაიძაბა ვითარება, სტამბოლში ვიყავი მაგ დროს. პატარა, მიხვეულ- მოხვეულ ქუჩებში დავდიოდი, აია სოფიასთან ნაყიდი ყვავილების გვირგვინი მეკეთა თმაზე, ჭრელი კაბით დავსეირნობდი სანაპიროზე და ვუყურებდი , როგორ ჩნდებოდნენ და იკარგებოდენ გემები ზღვაში. საღამოობით ღია კაფეებში ვისხედით მე და ნინა, ვლაპარაკობდით, როგორი ახალგაზრდები, თავისუფლები და ბედნიერები ვართ, როგორი კარგია, რომ თბილისიდან გამოვიქეცით. და ვსვამდით ვაშლის ჩაის.

ნისლიანი სტამბოლი თუ ნახე, მიხვდები რა საშინელებაა, როცა შუქურასთან დგახარ და უსმენ, როგორ აწვდიან ხმას ღია ზღვაში დარჩენილ გემებს, როგორია, როცა ხელის გაწვდენაზე არაფერი ჩანს და სახლამდე ძალიან შორია. იმ საღამოსაც დავისხი ვაშლის ჩაი და Facebook-ზე შევიხედე. ყველას უკრაინის დროშა ეყენა პროფილის ფოტოდ და მხოლოდ კიევში გადაღებული ვიდოები ჩანდა. ვერცერთს ვერ ვუყურე და ხელები დმიბუჟდა უცებ მარტას და იმისი ბიჭის ფოტო რომ დავინახე მაიდანზე, იდგნენ და ქაღალდის ჭიქებით ჩაის არიგებდნენ, მარტას მოკლე თმა ჰქონდა, ბიჭურად შეჭრილი. მარტას პასუხიც დამხვდა რამდენიმე დღის წინ მიწერილ წერილზე. წერილი ფოტოთი იწყებოდა, იდგა მარტა მწვანე ჯემპრით ფანჯრიდან შემოსულ სინათლეზე და მუცელზე ეწყო ხელები. მწერდა გუშინ გავიგეო, ახლა ძალიან მეშინიაო, ქვად ვაქცევ და ვერ გავაჩენო, პიოტრი მთელი დღე და ღამე აქციებზეა და მეც მინდა იქ ყოფნა, მაგრამ, თითქოს, ფეხები კუნძებად მექცნენო. ნეტა შენი სოფლის ცა ცოტა ხნით გადაეფაროსო აქაურობას, ის სიმშვიდეო.

სულ ვერაფერი ვუპასუხე, სულ.

აღარასოდეს დავლევ ვაშლის ჩაის.

კენკრა

აეროპორტიდან რომ გამოვედი ძვლებში გამიჯდა თბილისის სიცივე. შინ მისული გათენებამდე ვიჯექი ფანჯარასთან და კენკრის ჩაის ვსვამდი, ხელები ჭიქაზე მქონდა შემოხვეული, მაგრამ მაინც მეყინებოდა. ამ ბოლო დროს ავიჩემე ხელები დამიბერდნენ-მეთქი, სულ დაშვებულები , დამძიმებულები, დაძარღვულები დამყვებიან, სხვა ხელებს ვეღარ ეჭიდებიან, ვეღარ წერენ, ვეღარ თბებიან. დავლიე ჩაი და რაღაცამ უნდა მიშველოს-მეთქი, რაღაცა უნდა ვუშველო-მეთქი თავს და ჩავბარგდი ერთ ზურგჩანთაში.

ისეთი წიგნები მიყვარს ჟაკეტის დიდი ჯიბეში რომ მეტევა, ისეთი მოთხრობები, თბილისიდან შინ ჩასვლამდე რომ ვასწრებ წაკითხვას. და სანამ გზაში ვარ არ ვფიქრობ და ჩემი მწვანე ჭიშკარი რომ გამოჩნდება და ეზოში მზის გულზე ჩამომჯდარი ბებიაჩემი, ყველაფერი თავის ადგილას დგება.

და ვთქვი- აქ ყოფნამ უნდა მიშველოს-მეთქი.

მარტას წერილი უნდა მივწერო-მეთქი.

პიტნა

სიცივე მაღვიძებდა ყოველ დილას. უკვე მოესწრო ბებიაჩემს ჩემს ოთახში შემოსვლა და ფანჯრის გაღება. ჩავიმალებოდი საბანში და გავიტრუნებოდი, თვალები მიჩანდა მარტო და ფანჯრიდან ვხედავდი, როგორ მუქდებოდნენ მთები დილის მზეზე. ცეცხლის ტკაცატკუცს რომ გავიგონებდი და თბილი რძის სუნი დატრიალდებოდა სახლში, მაშინ ვდგებოდი. იჯდა ბებიაჩემი და ჭინჭარს უჭრიდა ჭუკებს. მივიდოდი, მოვეხვეოდი ზურგიდან, ჩამოვუშლიდი იმ გრძელ თმას და ვეფერებოდი და ვეფერებოდი, ხან ავუკეცავდი, ხან დავუწნავდი. გაზაფხულის თბილი ქარი რომ გაგივლის თითებს შორის, ეგეთი თმა ჰქონდა. ადგებოდა მერე, ჩავიდოდა ბაღში და პიტნას ამოიტანდა. დავაწყობდით პატარა ხის მაგიდაზე მურაბებს, ნაჩვრეტებიან ყველს და სულ ახალ გამომცხვარ პურს. ვიჯექი თვალდახუჭული და იმ პურის სურნელს ვიმახსოვრებდი. დიდი ჭიქებით ვსვამდით პიტნის ჩაის. ვისხედით დილის მზეზე, გაყუჩებულები, და მარტო ძაღლის ყეფა ისმოდა, ისიც ხანდახან. წავიდოდით მერე მინდორში მოთიბული ბალახის მოსაგროვებლად. დადიოდა და ნელ-ნელა აგროვებდა თივას და აშენებდა ბალახის სახლებს. მე კიდევ ვიწექი ძირს, დავადებდი სახეს მიწას და ვაყურადებდი, როგორ იზრდებოდა ბალახი, ვუყურებდი, როგორ გადადიოდა ჭიანჭევლა ჩემს მუხლებზე. მოვიდოდა მერე ბებო და ჩამომიჯდებოდა, თმიდან ბალახს სათითაოდ გამაცლიდა, ამოალაგებდა წითელ ვაშლებს, თავის გამომცხვარ ალუბლის პეჩენიებს. ჩავუდებდი მერე კალთაში თავს, ხელებზე პიტნის სუნი ჰქონდა ისევ, სახლის. მიმღეროდა ხოლმე ხანდახან, სულ ქარზე იყო ის სიმღერები, ასე მახსოვს.

მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა.

მერე მამაჩემის წყალმაც ჩაიარა.

და დამიბერდა.

აღარც მღერის, აღარც პიტნის ჩაის ვსვამთ, როცა ჩავდივარ ჩამოვსხდებით კუნძებზე და ვართ ჩუმად. აღარც გრძელი თმა აქვს , გაუთეთრდა კიდეც. ზაფხულის მზეზე გარეთ ჩამოვაბანინებ ხოლმე თმას, ვასხამ წყალს და ვეფერები თან. ბავშვობის მერე აღარც დამილევია პიტნის ჩაი. სულ ბებიაჩემის ხელებს მახსენებს, იმის თმას, ზაფხულის საღამოებს, სახლს.

 ფეჩთან იჯდა რომ შევედი, გაყუჩებული, მუხლებზე ხელებდაწყობილი და ტკაცუნობდა შეშა და ძველი, ყვავილიანი ჩაიდანიც დუღდა. ჩამეხუტა, ჩამეხუტა მაგრად და გამითბა ხელები. როგორ ჩამომისწრებ ხოლმეო. ვისხედით მერე და მარტაზე ვლაპარაკობდით, ვუთხარი- კიევშია -მეთქი ახლა. არც არაფერი უთქვამს მარტო ხელი ხელზე მომიჭირა მაგრად. ბოლოს მითხრა მაშინ რომ ყვავილები ჩათესა, მომრავლდაო ბაღში. ახლა იმათი შვილიშვილები გადადიან, იქ თამაშობენ და იქნებ იმ დიდებსაც რამე ეშველოთო.

ვკითხე ზაფხულში პიტნის ჩაის ჰო დავლევთ-მეთქი, დამიქნია თავი და გადამისვა თმაზე ხელი. მერე დიდხანს ვიდექი იმ ბაღთან, თავი წამოეყოთ მარტას ყვავილებს.

ნეტა ზაფხული მალე მოვიდოდეს.

ნეტა დიდხანს მყავდეს ბებიაჩემი.

 დაბრუნებულმა მივწერე მარტას შენი ყვავილები ამოვიდა და იმ ბაღში ბავშვები თამაშობენ- მეთქი და ჩვენი ფოტო მივაბი წერილს- ჩემს მზიან აივანზე ვდგავართ და ორივეს ბებიაჩემის ალუბლის პეჩენიით გვაქვს პირი გამოტენილი.

მალევე აციმციმდა ჩატი: ვაჩენ.

454 ნახვა
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31