Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები – გაეროსა და Jetpac–ის რეიტინგები

პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები – გაეროსა და Jetpac–ის რეიტინგები
March 31
03:10 2014

ობიექტურად, ყველაზე ბედნიერი ადამიანები დანიაში ცხოვრობენ, თუმცა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ყველაზე ხშირად ბრაზილიელები იღიმებიან

Forbes–ის მასალები

პლანეტის ყველაზე ბედნიერი ადამიანები ლათინური ამერიკის და კარიბის აუზის ქვეყნებში ცხოვრობენ. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს Jetpac–ი – სტარტაპი, რომელიც სოციალური ქსელების ანალიტიკითაა ცნობილი. ორგანიზაციამ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სია ბოლო პერიოდში Instagram–ზე გამოქვეყნებული 150 მილიონი ფოტოს გაანალიზების შედეგად შექმნა. ბედნიერების კრიტერიუმად კი ანალიტიკოსებმა ფოტოებზე გამოსახული ადამიანების ღიმილი და ფოტოების „ლაიქების“ რაოდენობა აიღეს.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ხშირად ბრაზილიის მოქალაქეები იღიმებიან, მეორე ადგილზე ამ კრიტერიუმით ნიკარაგუაა, რომელსაც კოლუმბია, ბოლივია და კოსტა–რიკა მოსდევენ.

საინტერესოა, რომ ამ კვლევის შედეგები საერთოდ არ ემთხვევა სულ ახლახანს გაეროს მიერ ჩატარებულ კვლევას World Happiness Report–ს, რომელიც, Jetpac–ის მონაცემებისგან განსხვავებით, უფრო ობიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, ვიდრე უბრალოდ ღიმილია. ეს კრიტერიუმებია: სიცოცხლის ხანგრძლივობა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ–ს მოცულობა, სოციალური დახმარება, ცხოვრების წესის შერჩევის შესაძლებლობა, კორუფციის დონე და ა.შ.

შედეგად, 130 ქვეყანას შორის ანალიტიკოსებმა ყველაზე ბედნიერ ქვეყნებად სკანდინავიის სახელმწიფოები დაასახაელეს. თუმცა გაეროში, ისევე როგორც Jetpac–ში, აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ლათინურ ამერიკაში ბედნიერების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მცხოვრებნი გაცილებით ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ თავს.

„ფორბსი“ ორივე რეიტინგის ლიდერთა ხუთეულს გთავაზობთ:

გაეროს რეიტინგი:

1. დანია: გარდა იმისა, რომ დანია პირველად არ სახელდება მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად, ის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფოცაა. აქ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მშპ–ა ერთ სულ მოსახლეზე, თუმცა ამავდროულად, ფიზიკურ პირებზე ერთ–ერთი ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადიც მოქმედებს.

2. ნორვეგია: ნავთობისა და გაზის მარაგებით მდიდარი ქვეყანა ასევე გამოირჩევა ერთ სულ მოსახლეზე მაღალი შემოსავლებით და მსოფლიოში ცხოვრების ერთ–ერთი უმაღლესი სტანდარტით.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ბედნიერების განცდას მატებს ნორვეგიის შესანიშნავი ბუნება.

3. შვეიცარია თითოეული ზრდასრული მოქალაქის სიმდიდრის დონის მიხედვით მსოფლიოს ლიდერ ქვეყნად მიიჩნევა. ქვეყნის თითქმის ყველა მცხოვრებს აქვს შესაძლებლობა, ისიამოვნოს მთელ მსოფლიოში ცნობილი სამთო კურორტებით, შვეიცარიის რივიერას სილამაზითა და ჟენევის ტბის კურორტებით.

საყოველთაო კეთილდღეობას ისიც განაპირობებს, რომ შვეიცარიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები 1815 წლის შემდეგ არ ყოფილა და ქვეყანა ყველა ომის დროს თავის საფირმო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შვეიცარიელები მსოფლიოში ყველაზე ბევრ შოკოლადს მიირთმევენ.

4. ჰოლანდიაში ეს–ესაა დაიწყო ქვეყნის ნაციონალური სიმბოლოს – ტიტების აყვავების პერიოდი. კიოკენჰოფის ცნობილი პარკი დამთვალიერებელს 20 მარტიდან უკვე იღებს. ტიტების ზეიმი პარკში 18 მაისამდე გასტანს. ცხადია, ჰოლანდიელთა ბედნიერებას მხოლოდ ტიტები არ განსაზღვრავს. მათი პატარა ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მოცულობით იმ სახელმწიფოების ათეულში შედის, რომლებიც საქონლისა და მომსახურების უმსხვილეს ექსპორტიორებს წარმოადგენენ.

ალბათ, ბედნიერების გარკვეული „წილი“ მოდის დედაქალაქ ამსტერდამის ლიბერალურ ცხოვრების წესზე – იქ ლეგალიზებულია პროსტიტუცია, ყავახანებში კი მარიხუანას ლეგალურად შეძენაა შესაძლებელი.

5. შვედეთი მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად კორუფციული ქვეყნების რეიტინგში შედის, ასევე არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დემოკრატიული და მდიდარი სახელმწიფო.

შვედურ ბედნიერებას ადგილობრივი ტრადიციები განაპირობებს. მაგალითად, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შვედური მოვლენაა lagom–ი, რაც ზომიერებას ნიშნავს – ესაა საკმარისობის განცდის ქონა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი შვედური ტრადიცია – fika, რაც ყავაზე შესვენებას ნიშნავს. შვედეთში ითვლება, რომ კოლეგებთან ჭიქა ყავაზე ურთიერთობისთვის ყოველ საათში ერთხელ აუცილებელია 15 წუთის გამოყოფა.

Jetpac–ის რეიტინგის მიხედვით კი, მსოფლიოში ყველაზე ხშირად ბრაზილიელები იღიმებიან და, შესაბამისად, სწორედ ბრაზილიაა პლანეტის უბედნიერესი ქვეყანა.

1. Instagram–ის ფოტოებზე აღბეჭდილ ბრაზილიელებს ბედნიერების საფუძველი აქვთ – მათი ეკონომიკა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, იზრდება მოქალაქეების კეთილდღეობაც. ბრაზილიის ეკონომიკის ყველაზე დიდი დარგი ტურიზმია – ქვეყანა იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ შეუძლია, ტურისტებს პრაქტიკულად ყველაფერი შესთავაზოს.

რა თქმა უნდა, ბრაზილიელებს ბედნიერების განცდას მატებს ყოველწლიური კარნავალები, რომლებიც თებერვალში იმართება.

2. „ღიმილის რეიტინგში“ მეორე ადგილზეა ნიკარაგუა, რომელიც კარიბის აუზის ერთ–ერთი უმსხვილესი სახელმწიფოა. თუმცა მის მცხოვრებლებს ღიმილის არცთუ ბევრი საფუძველი აქვთ: მათ ქვეყანა რეგიონში ერთ–ერთი უღარიბესია, მოსახლეობის 80%–ზე მეტის დღიური შემოსავალი კი 2 დოლარსაც ვერ აღწევს.

ამის მიუხედავად, მისი მცხოვრებლები ალბათ ცხოვრების დადებით მხარეებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ – კერძოდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ქვეყანას სულ უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს, ტურიზმი კი ადგილობრივი ეკონომიკის ყველაზე დიდ ნაწილად იქცა.

3. კოლუმბია: ათწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ კოლუმბია ბოლოს და ბოლოს გაჯანსაღების გზაზეა – ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით იზრდება. ყოველწლიურად მას სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს.

აქ ნახავთ შესანიშნავ პლაჟებს, ტყეებს, უდაბნოებსა და ეროვნულ პარკებს.

4. ბოლივია – Instagram–ში მომღიმარი ბოლივიელები, ალბათ, დარწმუნებულნი არიან, რომ ბედნიერება ფულში არ არის. ბოლივიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, ეკონომიკა ნელა იზრდება, საგარეო ვალები კი – სწრაფად. ამ ფონზე სტაბილურ ზრდას მხოლოდ ტურიზმი აჩვენებს და ქვეყნის ბიუჯეტის შევსების უმნიშვნელოვანესი წყაროა.

5. კოსტა–რიკას მცხოვრებლებს ბედნიერებისთვის არაერთი მიზეზი აქვთ – მათი ქვეყანა რეგიონში ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და მდიდარია. კოსტა–რიკა ასევე ითვლება მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქვეყნად – აქ კარგად იცავენ ბუნებას, ახლახანს კი ნადირობა აკრძალეს.

ამასთან, ცენტრალური ამერიკის მასშტაბით, ის ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებად ქვეყნად ითვლება.

წყარო : კომერსანტი

1,649 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2014
M T W T F S S
« Feb   Apr »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31