კომუნისტები გადაჰყვნენ ხუდონჰესს, ალბათ, ესენიც გადაჰყვებიან – ფილმის პრეზენტაცია

კულტურა

„კავკასიურ სახლში“ სახლში მწერალ ნაირა გელაშვილის ფილმის პრეზენტაცია მოეწყო. დოკუმენტური ვიდეო მასალა წარმოადგენდა იმ ფაქტების ერთობლიობას, რომელიც ხუდონჰესის საკითხის გარშემო, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შეგროვდა.

საკითხის პრობლემურობა, დღეს, ან გუშინ არ დასმულა. ის სათავს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იღებს და ამას, ხაზი ფილმის პრეზენტაციაზეც გაესვა.

„კომუნისტები გადაყჰვნენ თავის დროზე ხუდონჰესს. ალბათ, ესენიც გადაჰყვებიან. არა უშავს, უკეთესებიც არიან“, – გაჟღერდა შეხვედრაზე.

დარბაზში ხალხის სიმრავლე, ფილმის შემოქმედებს და ხუდონჰესის აშენების მოწინაღმდეგებს, ნამდვილად კარგ ტონად უნდა მიეღოთ. თუმცა, ყველამ იცის, რომ მხოლოდ დარბაზის შევსებით ასეთი პრობლემური საკითხი ვერ მოგვარდება.

ფილმის დასრულების შემდეგ, დისკუსიაში საზოგადოების წარმომადგენელები ჩაერთვნენ. ექსპერტები, იურისტები, უბრალო მოქალაქეები საკუთარ აზრს გამოთქვამდნენ და მოჰყავდათ არგუმენტები, რომელიც, მათი აზრით, სრულიად ნათელს ხდის იმას, რომ ჰესის აშენების უკან კონკრეტული ჯგუფის პირადი კეთილდღეობის ინტერესები დგას და არა, სახლემწიფოს ან ხალხის კეთილი ნება.

„ნაირას გამოსვლა მახსოვს დაჯილდოებაზე, ძალიან მივესალმები მის პოზიციას. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ ხუდონჰესის მშენებლობის და საერთოდ, დიდი ჰესების“, – განაცხადა ფილმის პრეზენტაციაზე მოსულმა დარეჯან ბრეგვაძემ.

პრეზენტაციაზე ნაირა გელაშვილმა ყველა იმ ჯგუფს გადაუხადა მადლობა, რომელმაც თავდაუზოგავი შრომა ჩადო საკუთარი ქვეყნის და კოკრეტულად, სვანეთის გადასარჩენად. განსაკუთრებულად გამოჰყო სტუდენტთა მცირე გუნდი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა საშუალებით აპროტესტებს და მთავრობას ახსენებს, რომ საქართველოში მოიძებნებიან ისეთი ახალაგზრდები, რომელთაც ადარდებთ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, გარემო და ხალხის ბედი.

„მთავარი გზავნილი, მგონი აშკარა და ცხადია, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ პროექტი და ეს გადაწყვეტილება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ვერცერთი კუთხით. ეკონომიკური თვალსაზრისით ზარალის მეტი არაფერი მოაქვს, ენერგეტიკული პრობლემები არ წყდება, ეკოლოგიური თვალსაზრისით უბრალოდ კატასტროფის საწინდარია, ეთიკური თვალსაზრისით უზნეობაა, ადამიანთა უფლებების დარღვევაა. ძალათი გინდა გადაასახლო ხალხი, რომელსაც არ უნდა გადასახლება და თუ რელიგიური კუთხით მივუდგებით, ძალიან დიდი დანაშაულია, იმიტომ რომ შენ, ღვთის შექმნილ ბუნებას ანადგურებ, შენი სულელური პროექტების გამო და მიზეზი, ამ ფილმის გადაღებისა, რომელიც ხედავთ თქვენ, ძალიან მოკრძალებულია, იმიტომ რომ ჩვენ სხვა საშუალებები არა გვაქვს, არის ის რომ, ხუდონის აშენების მსურველები არიან ამა ქვეყნის ძლეირნი, თავად ხელსიუფლება“, – განაცხადა Studinfo-თან საუბარში ქალბატონმა ნაირა გელაშვილმა.

ფილმი უახლოეს მომავალში ინგლისურ და გერმანულ ეაზე ითარგმნება და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს დაეგზავნება.

გიორგი ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები