Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

,,სტუდენტური შემოქმედების“ რუბრიკის სტუმარია – გიორგი ოდიშვილი

,,სტუდენტური შემოქმედების“ რუბრიკის სტუმარია – გიორგი ოდიშვილი
April 16
13:46 2014

წერტილს

წერტილო,

უკვე ორი დღეა ვფიქრობ, რა მოგწერო. პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოგიხადო – ვერასდროს ვერ ვხვდები, სად დაგსვა; როცა ჩემთან ხარ, ოთახის ხან რომელ კუთხეში და ხან რომელში მყავხარ მიგდებული დასერილი ხოჭოსავით. შენც ჩუმად, ხმის ამოუღებლად ზიხარ და მიყურებ სივრცედაკარგული თვალებით, რომლებიც ყველანაირ ჰაეროვან პერსპექტივაზე ბევრს მეტყველებს.

წერტილო, მინდა დაგხატო, მაგრამ ვერ გხატავ – შენ ხომ ყველაზე დიდ მოცულობას იკავებ ჩემს სურათებში. ვიცი, რომ ბევრს არ უყვარხარ, რადაგან რაღაცის დასასრული ხარ, მაგრამ მე მიყვარხარ, იმიტომ რომ დასაწყისი ხარ. ხშირად მინდება ავიღო ჰორიზონტალურად მობზრიალე ფუნჯი და სადღაც კუბისტურ ტრაექტორიაზე დაგსვა. აი, იცი ეს ფიგურებგადაყლაპული ტრაექტორია რას მაგონებს? – გაგიკვირდება და ბათქაშჩამოშლილ კლინიკას, სადაც ცერებდაჭრილი ოთხთვალები ცხოვრობენ. ზუსტად ამ ოთხთვალებმა მითხრეს, რომ შენ ყველანაირი ტრაექტორიის ნაწილი ხარ და არამარტო კუბისტურის. ხოდა, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ შენ არაფრის ნაწილი არ ხარ, უბრალოდ, შენით არის ინდუცირებული ყველაფერი – თვალების მოჭუტვა, თითების ტკაცუნი, პირის წკლაპუნი; ერთი სიტყვით, მამოძრავებელი ძალა ხარ…

გეხვეწები, ამდენი ტლიკინის მერე არ შეისხა ფრთები და არ გამიფრინდე, თორემ დავიშლები, დამცვივა ჭანჭიკები და გავგორდები დრომოჭმული ვაშლივით…

წერტილო, მე გაგიღიმე და გითხარი რომ წ-ე-რ-ტ-ი-ლ-ი ხარ – ყველაფრის აზრი – ყველაფრის დასასრული და დასაწყისი – შენ სამყარო ხარ; ხოდა, ახლა დაბერე შენი შემწვარი ღრუბელივით აღმაგზნები ყურები და მომისმინე, ერთი ამბავი მინდა მოგიყვე კიბეებმიხატულ ჭაზე.

ბახ…ბუხ…დრახ…დრუხ…

წერტილო, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ თვალების დახუჭვა და კიბეების წარმოდგენაა საჭირო…რამე ხომ არ იტკინე?

…იანვრს სიცივისგან მოყინული ყურები ხელში ეჭირა, გულში კი მაცივრის კარები ღია დარჩენოდა და გარემოს  ვანილის ნაყინის ელფერს აძლევდა. მთვარეს კუბოკრული კაშნი მოეგდო უსასრულობაში ჩავარდნილ კისერზე, სიცივისგან კანკალებდა და წამის ყოველ მეასედში დარბოდა მოსაშარდად, თან იანვარს ლანძღავდა ლოლოებჩამოკიდებული შარდის ბუშტის გამო. მიკვირს, მაგრამ ხშირად კამათობენ მთვარე და იანვარი. იანვარი ხან ისე ბრაზდება, აიღებს ხოლმე კიდეებმიყინულ ცელს და რკალისებურად ჭრის გოგრისთავა მთვარეს…

ხოდა, წერტილო, იანვრის და მთვარის კანკალისაგან შეწუხებული ვეღარ გავჩერდი აგიზგიზებულ ბუხართან და გადავწყვიტე გარეთ, ფსიქიატრიული კლინიკასავით თეთრ სივრცეში გავსულიყავი საბოდიალოდ. ცხელი შოკოლადი მოვიმზადე და ბაბუაწვერის ფორმის ჭიკით გულის ჯიბეში შევინახე. ბუხრიდან ცოტა ცეცხლი ავიღე და ჯიბეებში ჩავიყარე უსახლკარო ბავშვებისთვის, რომლებსაც უმოძრაობისგან თვალები კეფაზე გადასდით; ნაძვებზე ყინულით თითებმიწებებულები დგნან და ელოდებიან ცეცხლის ნამცეცებს…

გარეთ რომ გავედი, ვანილის ნაყინისფერი გარემო მოვათვალიერე და გადავწყვიტე ჩემი სახლის მარცხენა მხარეს ვერტიკალურად აღმავალ ბილიკს გავყოლოდი. ბილიკი წითელი ლამპებით გაუნათებია ჩემ მეზობლად მცხოვრებ შერეკილ მოხუცს. ავუყევი ბილიკს და აღმოვაჩინე, რომ მისი თითოეული ნაწილი წარმოუდგენლად გლუვია…

დაცემის ხმა…

სიბნელე…

ყვავილების სურნელი ცხვირს უღუტუნებს…

წერტილო, აი, სასწაული – თვალებს ვახელ და სხეულში ადრენალინშერეული მუსიკა იწყებს სირბილს – გაოგნებისგან ჩემი ფაჩუჩები ხტუნაობას იწყებენ – გარშემო ყველაფერი მწვანეა, ხეები უსასრულოდ აზიდულან ცამდე, რომელსაც თეთრ ფურცელზე გაჭყლეტილი მალინის ფერი აქვს…

მრუდედ მისვენებულ ბილიკს გავუყევი და უცებ გაწურული ლიმონის სუნი ვიგრძენი. გავყევი ამ ნირვანას და ერთ ჭას მივადექი. აშკარა იყო ამ ჭიდან ამოდიოდა ეს ბუნებაზე მაღლა მდგომი სურნელი… ვერაფრით ვერ მოვიფიქრე ჭაში როგორ ჩავსულიყავი, ხოდა, ბებოს მოქსოვილი წინდიდან ამოვიღე ჩემი ცოცხის ტყუპისცალი ფუნჯი, ბაბუაწვერის ფორმის ჭიქაში ჩავყავი და ცხელი შოკოლადით ჭას კიბე მივახატე…

ჩავედი ჭაში, მაგრამ ვერცხლისფერ ბურუსში მხოლოდ ჭოტისფერი სავარძელი დავინახე… მივედი სავარძელთან და ლიმონის სუნი სიურეალიზმის გაბღინძულმა სურნელმა შეცვალა. უცებ თვალწინ წარმომიდგა სალვადორ დალის ულვაშები, რომლებიც ჰაეროვანი ვერტიკალურობითაა გაჟღენთილი… იმპერიალისტური და არითმული ცხოვრების გრაფიკიც თვალწინ დამიდგა..

ფეხები მომეკვეთა, თვალები დავხუჭე და პირდაპირ გილიოტინის გზით მთვარისკენ წავედი. ბილიკის კუთხეში გიოლიოტინა ნაზად იყურებოდა, ჩუმი სიკვდილიც მასთან იყო ცხოვრებამოწყურებული ღიმილით…

რაღაც შრიალი მომესმა, ცაში ავიხედე და წურბელისფერი დრაკონი დავინახე; დრაკონმა ბზრიალისებურად თავი ჩემსკენ მოატრიალა, ჩაიღიმა და ხორკლიანი ენა გამომიყო…

წერტილო, იცი რატომ მოგიყევი ეს ამბავი? – მინდა ორგანიზმში შემოხვიდე შენივე ფესვებით და ამ ამბის ბოლოს მოიკალათო, როგორც წრუწუნა იკალათებს ხოლმე შემთბარ ლოგინზე…

წავალ ახლა აივანზე და დაგელოდები როდის ჩამოვარდები…

532 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2014
M T W T F S S
« Mar   May »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930