Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი რექტორ გიგა ზედანიას ღია წერილით მიმართავს

ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი რექტორ გიგა ზედანიას ღია წერილით მიმართავს
April 30
13:50 2014

მოგმართავთ გულისტკივილით, რომ ყურად არ იღებთ სტუდენტთა არგუმენტირებულ მოსაზრებებს. არ თანამშრომლობთ ამ შემთხვევაში სამართლის სკოლის ხელმძღვანელობასთან, ღებულობთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და ფიქრობთ, რომ უნივერსიტეტი არის თქვენი კორპორაცია, სადაც ყველა თქვენი გადაწყვეტილება მიღებული იქნება უპირობოდ და შესრულებული იქნება უსიტყვოდ

სტუდენტების მსგავსად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი გიორგი თუმანიშვილი უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სტიპენდიების გაცემის სისტების ცვლილებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება და რექტორს ღია წერილით მიმართავს.

Studinfo.ge“-წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

რექტორს, ბატონ გიგა ზედანიას

ბატონო გიგა,

თქვენ უკვე თვეზე მეტია, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ხართ. რექტორად თქვენი არჩევა ყველას გაგვიხარდა და გგულშემატკივრობდით. სამწუხაროდ, უნივერსიტეტში ,,ზედა რგოლის’’ მენეჯერების (რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) შეცვლის შემდეგ საუნივერსიტეტო ცხოვრება სამართლის სკოლასთან მიმართებაში წარიმართა თქვენი მხრიდან, ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, აბსოლუტურად გაუგებარი, არალოგიკური და დაუფიქრებელ-გაუაზრებელი არაერთი ნაბიჯის გადადგმით.

იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ პირადი კომუნიკაციის რესურსი, როგორც აღმოჩნდა ამოვწურეთ, ამ ეტაპზე მსურს ღიად ვისაუბრო ერთ-ერთ საკითხზე ე.წ. სტიპენდიების თემაზე, კერძოდ კი, სტუდენტთა სტიპენდიით დაფინანსების წესს ვგულისმობ.

სამართლის სკოლა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. როგორც იცით, სამართლის სკოლა დაარსდა ბიზნეს-სამართლის ფაკულტეტის გაყოფის შედეგად 2010 წლის ივნისში.
სტუდენტთა რაოდენობა სამართლის სკოლაში ყოველწლიურად იზრდება:
2011 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით – 867 აქტიური სტუდენტი;
2012 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით – 968 აქტიური სტუდენტი;
2013 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით – 1280 აქტიური სტუდენტი.

4 წლის განმავლობაში სტუდენტთა რაოდენობა 415 სტუდენტით გაიზარდა, რაც 53,6%-იან მატებას ნიშნავს. 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე ჯამში დარეგისტრირდა (არჩევანი გააკეთა) 12622 აბიტურიენტი. სულ გამოცხადებული იყო 350 ვაკანტური ადგილი, რაც გულისხმობს, რომ ერთ საბაკალავრო ადგილზე ჯამური კონკურსი ყველა არჩევანის მიხედვით იყო 1 ადგილზე 36 სტუდენტი. აღნიშნული მაჩვენებელი წამყვანი მაჩვენებელია ქვეყანაში არსებულ, აკრედიტირებულ საბაკალავრო პროგრამათა შორის.

დღეისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არის 9911 აქტიური სტუდენტი (საბაკალავრო საფეხურზე), აქედან 1048 სტუდენტი სწავლობს სამართლის სკოლაში, რაც საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტთა საერთო რაოდენობის 10,54%-ია.

სამართლის სკოლა არის ადგილი, სადაც სტუდენტები ეუფლებიან ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროფესიას, იურისტობას, რომლის სათავეშიც არის კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და სამართლიანობის კონცეფციები. სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში გვევლინებიან ან/და მოგვევლინებიან უფლებადამცველებად, ბრალმდებლებად, მოსამართლეებად, ნოტარიუსებად, კორპორაციების იურისტებად და მრავალ სხვა მეტად მნიშვნელოვან თანამდებობის პირებად. სადაც არ უნდა იმუშაოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულმა, ის პირველ რიგში სამართლიანობის, კანონის უზენაესობის სადარაჯოზე იქნება და არის.

სამართლიანობისთვის ბრძოლა არ არის იებით და ვარდებით მოფენილი გზა. ეს არის პრინციპების, უფლებების დაცვისა და საკუთარი შინაგანი სიძლიერის გზა, რომელიც არც ისე მარტივი სავალია ცხოვრებაში.

თქვენ მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც ეხება სტუდენტთა სტიპენდიების განაწილების წესს, არის შინაარსობრივად უსამართლო და პირდაპირ ხელყოფს სამართლის სკოლის სტუდენტთა შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ თანასწორუფლებიან, თანაბარ შეჯიბრებითობაში.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული პიროვნების, მაგალითად – თქვენი კორპორაცია. ეს არის ერთობა სტუდენტების და პროფესორების. უნივერსიტეტს ჰყავს ადმინისტრაცია იმისათვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ეფექტურად იყოს წარმართული საუნივერსიტეტო ცხოვრება. ადმინისტრაცია არ ნიშნავს ერთ ან ორ ადამიანს და შედგება მრავალი ადამიანისაგან, რომლებიც ერთად უნდა განიხილავდნენ უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და შემდეგ ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს. რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცვლილებამდე ეს ასეც იყო. მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში განიხილებოდა პროფესორებთან, სტუდენტებთან და დეკანთა საბჭოსთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფაკულტეტები (სკოლები) არიან უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი წყარო, ხოლო ფაკულტეტის (სკოლის) მართვის ორგანოებია საბჭო, დეკანი, რომელთა აზრის უგულვებელყოფაც უმეცრების ტოლფასია.

სტიპენდიების საკითხი, (ისევე როგორც ბევრი სხვა საკითხი, რომლებზეც ამ ღია წერილის ფარგლებში განგებ არ ვისაუბრებ) სამწუხაროდ, არ იყო განხილული უნივერსიტეტის ფაკულტეტების (სკოლების) დეკანებთან და მათთვის აზრი არავის უკითხავს, რაც უკვე, პირადად ჩემთვის სამწუხაროა, ვინაიდან მიუთითებს კომუნიკაციის პრობლემაზე რექტორსა და ფაკულტეტების (სკოლების) დეკანებს შორის.

ახლა სახელდობრ ბრძანების შინაარსის უსამართლობის შესახებ.

როგორც ზევით აღვნიშნე, სამართლის სკოლაში სწავლობს 10,54% სტუდენტი (საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტთა საერთო რაოდენობიდან). სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამა თვისობრივად და შინაარსობრივად განსხვავდება სხვა ფაკულტეტების თუ სკოლის საბაკალავრო პროგრამებისგან. შესაბამისად, ყოვლად უსამართლოა, რომ სამართლის სკოლის სტუდენტი, რომელიც ერთ სასწავლო სემესტრში გადის შვიდ ან რვა სასწავლო საგანს ,,ეჯიბრებოდეს’’ სხვა პროგრამების, მაგალითად: მუსიკის ან სასცენო ხელოვნების, ან/და მულტიმედიური სცენოგრაფიის, თეატრმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. ეს შინაარსობრივად არასამართლიანია, ხოლო განათლების მენეჯმენტის თვალსაზრისით – არასწორი.

სტიპენდიას აქვს თავისი ფილოსოფიური მნიშვნელობა, რაც პირველ რიგში სტუდენტთა მოტივაციის გაზრდასა და წახალისებას გულისხმობს. შეუძლებელია სტიპენდიის ფილოსოფიური შინააარსი შენარჩუნებულ იქნას იმ პირობებში, როდესაც სამართლის სკოლის სტუდენტები – 10,54% ,,ეჯიბრება’’ დანარჩენ 89,46 %-ს სხვა მრავალი პროგრამის სტუდენტებს მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით. ეს არის არალოგიკური და ასევე არასამართლიანი. მით უფრო, როდესაც თვისობრივად განსხვავდება ხვადასხვა ფაკულტეტზე (სკოლაში) საბაკალავრო პროგრამებზე არსებული სწავლების ფორმატი და მინიმალური მოთხოვნები სტუდენტთა მიმართ.

შექმნილი სიტუაციის განსამუხტად 28 აპრილს ჩემს მიერ ორგანიზებულ იქნა თქვენი შეხვედრა სამართლის სკოლის სტუდენტებთან. შეხვედრა, ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ წარმომადგენლობითი აღმოჩნდა, ვინაიდან ადმინისტრაციის მხრიდან შეხვედრას ჩემსა და თქვენს გარდა ესწრებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის (მის შესახებ დეტალურად ვისაუბრებ სხვა ღია წერილებში), იურიდიული სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელები და კიდევ მრავალი ადამიანი, რომელთა მისია ამ შეხვედრაზე ყოვლად გაუგებარი იყო.

შეხვედრისას მისასალმებელი და შემაჯამებელი სიტყვა მე წარმოვთქვი, ხოლო შეხვედრის ძირითადი ნაწილი ისაუბრეთ თქვენ. მეც და სამართლის სკოლის სტუდენტებსაც გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ სრულიად არ გაინტერესებთ ის, რა საკითხზე სასაუბროდაც შევიკრიბეთ და რაც მთავარია, აბსოლუტურად არ გაინტერესებთ სტუდენტთა აზრი, რომელიც ცალსახად გაჟღერდა შეხვედრის დროს.

როგორც აღმოჩნდა, უნივერსიტეტში არსებობს პრობლემები, ასე ვთქვათ, ნიშნის ,ჩუქებასთან’’ დაკავშირებით. ვგულისხმობ შეფასების განხორციელებას შესაბამისი კრიტერიუმების გარეშე, ოღონდ ეს პრობლემა არ არის სამართლის სკოლაში. სტუდენტებს სამართლის სკოლაში უწევთ საკმაოდ რთული პროგრამის შესწავლა/დაძლევა და მათი ცოდნის შეფასება არის ადეკვატური და შეფასების კრიტერიუმებზე დაფუძნებული. პრაქტიკულად შეუძლებელია ერთ სტუდენტს ჰქონდეს შვიდ ან რვა სასწავლო საგანში საშუალო არითმეტიკული 100 ქულა. თუ მაგალითის ფარგლებში ვიტყვით, რომ ერთი ტესტური ტიპის კითხვა არის – 1 ქულა. გამოდის, რომ რვა სასწავლო საგნის პირობებში სტუდენტმა 800 კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი, რაც რობოტთა ფენტეზის ჟანრია და არა – რეალობა. ჩემდა გასაკვირად, უნივერსიტეტში საკმაოდ ბევრი სტუდენტია, რომელსაც საერთო შეწონილი (საშუალო არითმეტიკული) ქულა მრავალ საგანში აქვს 98, 99, 100. რაც ერთის მხრივ შეიძლება იყოს მისასალმებელი, ხოლო მეორეს მხრივ – დამაფიქრებელი.

სტიპენდიების განაწილების წესი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ფაკულტეტებზე (სკოლებში) არსებულ აქტიურ სტუდენტთა რაოდენობის პროპორციულობის პრინციპს. ეს ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა უნივერსიტეტისათვის, სადაც რამოდენიმე ფაკულტეტია (სკოლაა) და არაერთი საბაკალავრო პროგრამა. აქტიურ სტუდენტთა რიცხვი დინამიურია, სტიპენდიების განაწილების მომენტისათვის უნივერსიტეტის სასტიპენდიო ფონდი უნდა იყოფოდეს პროცენტულად იმ ოდენობით სხვადასხვა ფაკულტეტების (სკოლების) სტუდენტებზე, რა ოდენობის აქტიური სტუდენტიც არის იმ მომენტში ამ ფაკულტეტზე (სკოლაში). სამართლის სკოლის შემთხვევაში, ეს ამ ღია წერილის შედგენის მომენტისათვის არის 10,54%. შესაბამისად, სასტიპენდიო ფონდის 10.54 % -ის მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ სამართლის სკოლის სტუდენტებს. ბუნებრივია ეს თანხა უნდა გადანაწილდეს სამართლის სკოლის სტუდენტთა სარეიტინგო სიის მიხედვით იმდენ სტუდენტზე, რამდენისთვისაც იქნება საკმარისი სასტიპენდიო ფონდის 10,54%-ის შესაბამისი თანხა.

სტუდენტთა უკმაყოფილების გაჩენის შემდეგ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, თქვენს მიერ წარმოდგენილ იქნა ე.წ. დამატებითი სია სტუდენტებისა, რომლებმაც უნდა მიიღონ სტიპენდია ამ სემესტრში. ამ დამატებით სიას არავითარი ლოგიკური და საბაზისო საფუძველი არ აქვს თუ არა სტუდენტთა უკმაყოფილების სიტუაციური, ერთჯერადი განმუხტვა, რაც სტიპენდიების განაწილების წესის შინაარს არ ცვლის.

მოგმართავთ გულისტკივილით, რომ ყურად არ იღებთ სტუდენტთა არგუმენტირებულ მოსაზრებებს. არ თანამშრომლობთ ამ შემთხვევაში სამართლის სკოლის ხელმძღვანელობასთან, ღებულობთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და ფიქრობთ, რომ უნივერსიტეტი არის თქვენი კორპორაცია, სადაც ყველა თქვენი გადაწყვეტილება მიღებული იქნება უპირობოდ და შესრულებული იქნება უსიტყვოდ.

უნივერსიტეტი არის ერთობა ადამიანებისა, რომელთაც აერთიანებს განვითარების სურვილი, სადაც თითოეულ ინსტიტუციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. სტუდენტს აქვს საკუთარი თვითშეგნება და რაც მთავარია, ღირსება; პროფესორი არის მოტივირებული, ლაღი და სურს, რაც შეიძლება მეტი ცოდნა გაუზიაროს მათ, ვინც მის მოსასმენად არის მოსული, ხოლო ცოდნის შეფასება ხორციელდება რელევანტულად და ადეკვატურად; ფაკულტეტი (სკოლა) არის საკუთარი ავტონომიურობის მქონე ინსტიტუციური წარმონაქმნი, რომლის მმართველი ორგანოა ფაკულტეტის (სკოლის) საბჭო და ფაკულტეტის (სკოლის) დეკანი. არსებობს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები, რომლებსაც არ შეიძლება რექტორი ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უთითებდეს თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ და რა გადაწყვეტილება მიიღონ ან/და არ მიიღონ.

სხვა საკითხებზე უახლოეს მომავალში დავწერ, ასევე ღიად, ვინაიდან დასამალი არაფერი მაქვს.

პატივისცემით,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სამართლის სკოლის დეკანი,
პროფესორი,
გიორგი თუმანიშვილი”,- ნათქვამია ღია წერილში.

1,939 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2014
M T W T F S S
« Mar   May »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930