პროპაგანდა და არჩევნები

დღევანდელ მსოფლიოში არჩევნებს დიდი მნიშვნელბა ენიჭება. იგი სახელმწიფოებში დემოკრატიულობის მთავარი თუ არა, ერთ–ერთი ძირითადი კომპონენტია. მის გარეშე არ არსებობს დემოკრატია, რადგან არჩევნები ადამიანების არჩევანის გამოხატვის საშუალებაა. თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ არჩევნების ჩატარება არ გულისხმობს დემოკრატიის არსებობას, აუცილებელია, იგი ჩატარდეს დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვით და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ადამიანი თავისუფალი არჩევნის, საკუთარი არჩევნის გაკეთებას. თუმცა საინტერესოა, არის კი ელექტორატი ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი და ეს არჩევანი მისი საკუთრებაა? რა ხდება არჩევნებიდან არჩევნებამდე და რითი „იკვებება“ ამ დროს მოსახლეობა?

დემოკარტიული არჩევნების პრინციპებიდან გამომდინარე, დაცული უნდა იყოს არჩევნის თავისუფლება, რაც გულისხმობს, რომ დაუშვებელია ვინმემ ზეწოლა მოახდინოს ამომრჩეველზე და მის არჩევანზე. ამ პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, არჩევნები დემოკრატიულად არ ჩაითვლება და ხელისუფლებაც არალეგიტიმურად გამოცხდდება. ამის გამო, „დემოკრატიულ“ ქვეყნებში ვერავინ ბედავს ამომრჩეველზე ფიზიკური, თუ რაიმე სხვა სახის პირდაპირი ზეწოლა მოახდინოს და ერთი შეხედვით ელექტორატი თავისით იღებს გადაწყვეტილებას. რეალობა კი სქელი ფარდის უკანაა დამალული და მას პროპაგანდა ჰქვია. პროპაგანდის საშუალებით, ამომრჩეველის აზრის ფორმირება და საზოგადოებრივი შეხედულებების ჩამოყალიბება ხდება. ვინაიდან პროპაგანდის ზემოქმედებით ადამიანი თავისით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, იგი ზეწოლად არ ფასდება და მისი გამოყენება დანაშაულად არ ითვლება. მაგრამ თუ პროპაგანდა ადამიანზე ზეწოლას არ ახდენს, სამაგიეროდ, მის აზრს სხვისთვის სასურველ ფორმას ანიჭებს და სხვა პიროვნებისთვის სასურველ ქმედებას განაპირობებს. ეს კი პირდაპირ და აშკარა ზეწოლაზე უფრო ბასრი იარაღია არჩევნების დროს.

 ტერმინი პროპაგანდა ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს და აღნიშნავდა 1622 წელს რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას პროტესტანტიზმის წინააღმდეგ. ორგანიზაცია ხალხში ისეთ აზრს აყალიბებდა, თითქოს ყველა პროტესტანტი კათოლიციზმის უარყოფის გამო ჯოჯოხეთის ბობოქარ ცეცკლში დაიწვებოდნენ.[1] პროპაგანდა ესაა ერთი ადამიანის ან ჯგუფის მიერ შემუშავებული გზავნილი კონკრეტული საზოგადოების მიმართ, რომელიც განაპირობებს ამ საზოგადოების აზრის ფორმირებასა და ქცევას. პროპაგანდა რამდენიმე ნაწილად შეიძლება დავყოთ: გამგზავნი–გზავნილი–მიმღები–პირველადი შედეგი–ქმედება–საბოლოო შედეგი. გამგზავნია ის პიროვნება თუ ჯგუფი, რომელიც აწარმოებს პროპაგანდას სასურველი შედეგის მისაღწევად; გზავნილი ის საშუალებაა რითაც პროპაგანდა მიეწოდება საზოგადოებას; მიმღები თავად ხალხია; პირველადი შედეგია მიმღებში აზრის ფორმირება, რომელიც იწვევს ქმედებას და ბოლოს საბოლოო შედეგია ის, რაც ამ ქმედებას მოჰყვება. სწორედ პირველადი და საბოლოო შედეგებია პროპაგანდის მიზნები.

 პროპაგანდა შეიძლება იყოს პირობითად კარგიც და ცუდიც, გააჩნია თუ რისთვისაა გათვლილი და რა შედეგებს მოიტანს იგი. მაგალითად წიგნის პროპაგანდა დადებითად შეიძლება შევაფასოთ, რადგან იგი გათვლილია იმისკენ, რომ ხალხს შეაყვაროს წიგნების კითხვა, რაც გაზრდის საზოგადოებაში განათლების დონეს. თუმცა არსებობს „ცუდი“ პროპაგანდაც, როგორიცაა საშინელებათა ფილმების ჩვენება მკვლელობებზე, რაც ზრდის აგრესიას ადამიანებში.

პროპაგანდა სხვადასხვა სახით აღწევს ხალხამდე. პროპაგანდის საშუალებებია: სიტყვა, ფოტო, კინო, სიმბოლოები და სხვა. უძველესი საშუალებაა სიტყვა, რომელიც დღესაც ეფექტურად გამოიყენება პოლიტიკოსების თუ სხვათა მიერ საჯარო გამოსვლებსა და დაბეჭდილ წიგნებში, ბროშურებსა და რეკლამებში. სიტყვით წარმოებული პროპაგანდა გაცილებით რთულია, ვიდრე პროპაგანდის სხვა საშუალებები, რადგან მას გააზრება სჭირდება, რომელიც მიმღებმა ისეთნაირად უნდა გაიაზროს როგორც მიმწოდებელს სურს. ამდენად სიტყვიერ პროპაგანდას სასურველია თან ახლდეს მისი ჭეშმარიტების განმსაზღვრელი არგუმენტები და ფაქტები, რათა მიმღებს აღარ დასჭირდეს მისი განსაზღვრა და უკვე მზად მიეწოდოს. ამას ხშირად აკეთებენ პოლიტიკოსები მაშინ, როდესაც საჯაროდ გამოდიან სიტყვით. მათი საუბარი გაჯერებულია ოპონენტების დასაბუთებული კრიტიკით, საკუთარი ქმედებების საუკეთესოდ წარმოჩენითა და მშვენიერი მომავლის დახატვით, რომელიც მათ გარეშე წარმოუდგენელია. ამგვარად პოლიტიკოსის მიერ წარმოებული სიტყვიერი პროპაგანდა მისი ოპონენტების მიმართ ხალხში ნერგავს უარყოფით შეხედულებას, ახდენს საზოგადოების აზრის ფორმირებას, რომ იგია საუკეთესო და მისი ყველა ქმედება გამართლებულია და ხალხს აძლევს იმედს, რომ მასთან ერთად მშვენიერი მომავალი აქვს ქვეყანას. ამის საუკეთესო მაგალითია ჰიტლერის სიტყვით გამოსვლები, რომლებსაც ემატებოდა ემოციები და რომელიც ხალხს საკმაოდ იყოლიებდა. სიტყვიერ პროპაგადას აქტიურად იყენებდნენ მეორე მსოფლლიო ომის დროს როგორც ნაცისტურ გერმანიაში, ასევე საბჭოთა კავშირში, ამერიკასა და სხვადასხვა ქვეყნებში.

არსებობს უნებრლიე პროპაგანდაც, რომელიც საერთოდ გამგზავნის გაუთვითცნობიერებლად ხდება. მაგალითისთვის მოვიყვან ისევ წიგნის პროპაგანდას: პირი, რომელიც, მაგალითად, ავტობუსით მგზავრობისას წიგნს კითხულობს, თავისდაუნებურად ახდენს წიგნის პროპაგანდას და, შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს გააზრებული, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია მის ამ ქმედებას. ამგვარად უნებლიე პროპაგანდა პროპაგანდის ერთ–ერთი სახეობაა, რომლის მწარმოებლებიც შესაძლოა თითოეული ჩვენგანი იყოს სხვადასხვა ვითარებაში.

დავუბრუნდეთ კვალავ არჩევენების პროპაგანდას. აღვნიშნავ, რომ არჩევნები მხოლოდ ის დღე არაა, როდესაც ელექტორატი საარჩევნო კაბინებში ხაზავს სასურველ კანდიდატსა თუ პარტიას. არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდსაც მოიცავს, რომლის დროსაც ოპონენტი პარტიები თუ კანდიდატები მაქსიმალურად ცდილობენ, მოხიბლონ და თავის მხარეს გადაიყვანონ ამომრჩევლები. ამ პროცესს წინასაარჩევნო კამპანიას უწოდებენ და გაჯერებულია პროპაგანდით. როგორც უკვე ვთქვი პროპაგანდა ესაა გზავნილი, რომელიც განაპირობებს კონკრეტული საზოგადოების აზრსა და ქმედებას. ამდენად წინასაარჩევნო პერიოდში ყველანაირი გზავნილი ელექტორატის მიმართ შეიძლება პროპაგანდად ჩავთვალოთ, რადგან კანდიდატების მიზანია ამომრჩეველთა აზრი იმგვარად ჩამოყალიბდეს რომ არჩევნებზე მათ მისცენ ხმა. ამგვარად ხორციელდება აზრის და ქმედების ფორმირება კანდიდატების მიერ. თუმცა სათავეში მოსული მართველი ძალა არჩევნების შემდგომ ცდილობს, რომ იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვინც ხმა მისცა, შეინარჩუნოს თავის მომხრედ და ასევე გადმოიბიროს მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი. ამიტომ იგი მიმართვს სხვადასხვა ქმედებას, რომელიც საზოგადოებაში იგზავნება. დროთა განმავლობაში ეს გზავნილი ხალხის შეხედულების ფორმირებას ახდენს და მეტ–ნაკლებად იწვევს სასურველ ქმედებას. ამგვარად არჩევნებიდან არჩევნებამდე ხალხი პროპაგანდით „იკვებება“. თუმცა ეს ნაკლებად საგრძნობია, რადგან პროპაგანდა ქვეცნობიერის დონეზე მოქმედებს და ყველა ემოცია, აზრი თუ მოქმედება, რაც პროპაგანდის შედეგად ყალიბდება, ადამიანს ჰგონია, რომ მისია და ეს ასეცაა.

დღეს სიტყვა პროპაგანდას უარყოფით კონტექსტში ხმარობენ და მის მაგივრად პოლიტიკურ მარკეტინგს იყენებენ ან მარტივად – „პიარს“ არქმევენ. „პიარი“ და პროპაგანდა თუნდაც იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ „პიარი“ უფრო აშკარაა, ამ დროს მიმღები აცნობიერებს, თუ რისკენაა მიმართული გზავნილი, პროპაგანდის დროს კი ამის არათუ ამოცნობა, არამედ გააზრებაც კი ვერ ხერხდება. „პიარი“ პროპაგანდასთან შედარებით მოკლე ვადებზეა გათვლილი და „საქონლის გაყიდვას“ ემსახურება. პროპაგანდა კი უფრო დროში გაწელილია და ამიტომ უფრო მეტად ჯდება საზოგადოების გონებაში. „პიარი“ პროპაგანდის მხოლოდ მცირედი ნაწილია. პროპაგანდა უფრო ფილოსოფიურია. იგი წვეთ–წვეთად ეწოდება ხალხს, მოქმედებს მათ ემოციებზე, გუნება–განწყობაზე, ღრმად იდგამს ადამიანში ფესვებს და განაპირობებს აზრის ისეთ ფორმირებას, რომელიც პროპაგანდის მწარმოებლისთვის სასურველ შედეგს იწვევს.

დროში გაწელილი პროპაგანდის საუკეთესო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 50–60 წლის წინ ტარდებოდა თეთრკანიანთა და შავკანიანთა თანასწორობის პროპაგანდა, რამაც შექმნა იმის ნიადაგი, რომ უკვე XXI საუკუნეში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად შავკანიანი აერჩიათ.

პროპაგანდის შინაარსიდან გამომდინარე, რომელიც დროში გაწელილია, ხელს უწყობს მმართველი პარტიების ხელისუფლებაში დიდი ხნით დარჩენას, რომლებიც „წინასაარჩევნო“ კამპანიას არჩევნებიდან არჩევნებამდე აწარმოებენ. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი პიარის საშუალებით საზოგადოებას პირდაპირ უხმობენ და მოუწოდებენ მათ მხარდასაჭერად. ამდენად საარჩევნო პროპაგანდა გამუდმებით იწარმოება და გვინდა თუ არა, ჩვენ მისი მიმღებნი ვართ.

ნიკა ჩერქეზია

[1] მაცაბერიძე, მ. (2012). პოლიტიკურიპროპაგანდა.თბილისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები