სტუდენტური სახე – მარიამ ხულუზაური

ინტერვიუ

მარიამ ხულუზაური ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ის საკმაოდ აქტიური ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლისაა, უკვე 6-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. თავისუფალ დროს ხატვითა და მუსიკით ერთობა.  ვფიქრობთ, რომ საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა და საინტერესო შეხედულებები აქვს სხვადასხვა საკითხზე.

–    მარიამ, პირველ რიგში გაგვეცანი.

– მე ვარ მარიამ ხულუზაური, მაგრამ ყველა მარიშკას მეძახის. ვსწავლობ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობაზე.

–  გინდოდა თუ არა ჟურნალისტიკაზე ჩაბარება?

– ჟურნალისტიკა ჩემთვის ყოველთვის მიმზიდეველი სპეციალობა იყო და, მიუხედავად გარშემომყოფების დიდი მცდელობისა,  მაინც ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე.

–   რა წარმოდგენა გქონდა ამ პროფესიაზე და დღეს რა აზრის ხარ?

– ჟურნალისტიკა საინტერესო და ექსტრემალური სამუშაოს გულისხმობს. ჩემი აზრით, ჟურნალისტად უნდა დაიბადო და შემდეგ განვითარდე, ჩამოყალიბდე. ჟურნალისტიკაში წერის უნარი და კულტურა უმნიშვნელოვანესია. იდეალური წერის კულტურაკი დიდი შრომის შედეგად ყალიბდება. ჟურნალისტიკა ბოლომდე შეუსწავლია, შეუცნობელია, დაუსრულებელია. მასში მეტი სიახლე უნდა ეძებო. იმაზე მეტი, ვიდრე ლექტორი გასწავლის ან შენი გამოცდილებით იღებ. ხშირად დავდივარ სემინარებსა და ტრენინგებზე, რომ გავიგო იმაზე სულ ცოტათი მეტი, ვიდრე მანამ დევიცოდი. სრულყოფილება თავდაუზოგავი შრომით, ბევრი კითხვით და გამოცდილებით მიიღწევა. მიუხედავად ჟურნალისტიკაში ჩემი სულ რაღაც 6- წლიანი გამოცდილებისა, ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

–    რამდენად აქტიური სტუდენტი ხარ და რაში გამოიხატება ეს აქტივობა?

–   სიმართლე გითხრათ, აქტიურ სტუდენტზე მეტად, აქტიური მოქალაქე ვარ, რაც გამოიხატება, ჩემს სოციალურ აქტიურობაში.

–    მუშაობ თუ არა? ან თუ მუშაობდი, რამდენი ხანია, სად?

–  ამჟამად  არ ვმუშაობ, თუმცა მაქვს ექვს-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება წამყვან პრესას, რადიოსა და ტელევიზიაში.

–    ჟურნალსიტიკის გარდა, კიდევ რამით ხომ არ ხარ დაკავებული?

–  ჩემი თავისუფალი დრო სრულად ეთმობა ხატვას, წერასა და მუსიკას. ვხატავ სტენსილებსა და გრაფიტებს კედლებზე, თუმცა ვხატავ ასევე ფურცელზეც. ვუკრავ რამდენიმე ინსტრუმენტზე და ვარ მოქმედი ბლოგერი.

–    როგორია შენი საუნივერსიტეტო ცხოვრება?

–  ამ მხრივ, მივიჩნევ, რომ კომფორმისტი ვარ და არაფრით განვსხვავდები სხვა სტუდენტებისგან. დავდივარ ლექციებზე, ვაქტიურობ სემინარებზე და წელიწადში ოთხჯერ მივდივარ საგამოცდო ცენტრში შუალედურებისა და ფინალურების ჩასაბარებლად. ჩემი საუნივერსიტეტო ცხოვრება, სამწუხაროდ, თავისუფალი დროის უკმარისობიდან გამომდინარე,  უნივერსიტეტის კედლებს არ სცდება.

–   რა პრობლემას ხედავ უნივერსიტეტებში და სტუდენტებში?

–  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფულით აღარავინ ეწყობა უმაღლეს სასწავლებლებში, მაინც არიან უნივერსიტეტის კედლებში ისეთი ადამიანები, რომლებსაც სწავლა სულაც არ აღელვებთ და მხოლოდ მშობლების დაჟინებული მოთხოვნიდან გამომდინარე ჩააბარეს.  უნივერსიტეტის მთავარ პრობლემას სწორედ დაბალ საკონკურსო ბარიერებში ვხედავ, რადგან ხშირად ერთასა და იმავე უნივერსიტეტში მოხვედრა შეუძლია იმ ბავშვს, რომელსაც სწავლა ძალიან უნდა და იმ ბავშვსაც, რომლისთვისაც სწავლა პრიორიტეტული სულაც არ არის. შემდეგ ხდება ის, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ვიღაცას უკეთესი ნაცნობი აღმოაჩნდება რომელიმე დაწესებულებაში და  ხდება იმ ბავშვის კონკურენტი, რომელსაც სწავლა ნამდვილად სურდა.

– შენი აზრით, როგორია დღევანდელი ქართული ჟურნალსიტიკა? როგორ ჩანს, ის შენი გადასახედიდან?

–   ჟურნალისტიკა ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა, რადგან ის აყალიბებს საზოგადოებრივ ღირებულებებსა და ქმნის საზოგადოებვრივ აზრს.  ჯანსაღად მოზროვნე საზოგადოება კი განსაზღვრავს სახელმწიფოს პრესტიჟს.

დღესდღეობით, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  საქართველოში ჟურნალისტიკა ჟურნალისტიკის ადგილას არ დგას,რადგან მედიაში დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი არაპროფესიონალი ჟურნალისტები არიან.  ტელევიზიაში მუშაობა უკვე მემკვიდრეობით ხასიათის მატარებელ სამსახურად იქცა.  ჩვენს თვალწინ, ყოველდღიურად, ჟურნალისტები არღვევენ ეთიკური ჟურნალისტიკის მთავარ პრინციპებს და სამწუხაროდ, ამაზე მედიამონიტორინგის სამსახური დუმს.

–  გაქვს თუ არა ჰობი?

– ძალიან მიყვარს ექსტრემალური სპორტი და არასდროს ვუშვებ შანს, ვიფრინო პარაპლანით, გადმოვხტე პარაშუტით ან ხიდიდან ბანჯით. ძალიან მიყვარს  მაღალსართულიანი კორპუსის კედლებზე როუფით სტენსილების ხატვა.

–   თავისუფალ დროს რას აკეთებ?

–   ჩემი თავისუფალი დრო სრულად ეთმობა მეგობრებს, ხატვას, წერასა და მუსიკას.

–   გიყვარს თუ არა წერა? ბლოგები, ჩანაწერები…

–   ძალიან მიყვარს წერა. 12 წლისდან დღემდე ვარ მოქმედი ბლოგერი.

–   შენი აზრით, რა არის მთავარი წარმატებისთვის?

– ჩემი აზრით, ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავდაჯერებულობა, თავისუფლება და ნიჭი, რათა წარმატებას მიაღწიოს.

–   რა არის აუცილებელი მიზნის მიღწევისთვის?

–   თავდაუზოგავი შრომა.

– როგორ ფიქრობ, დღეს საქართველოში როგორ უნდა დაიმკვიდროს თავი კურსადმთავრებულმა თავის პროფესიაში?

– ჩვენს ქვეყანაში თავის დამკვიდრების სხვადასხვა საშუალება არსებობს, სამწუხაროდ. პატიოსანი შრომით თავის დამკვიდრება ჩვენს პროფესიაში საკმაოდ რთულია, თუმცა შეუძლებელი არაფერია.  პროფესიაში პატიოანად თავის დასამკვიდრებლად აუცილებელია პროფესიული ცოდნა,  ზოგადი განათლება, კარგი აზროვნება, წერის კულტურა და თავდაჯერებულობა.

–  შენი აზრით, ადამიანი კარიერისთვის ყველაფერზე უნდა წავიდეს?

–  იქედან გამომდინარე, რომ ჩემთვის ღირსება და თავისუფლება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, ჩემთვის, მიუღებელია კარიერისთვის  ღირსებისა და თავისუფლების დაკარგვა.

მოამზადა ხატია გოგოხიამ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები