ერთადერთი ჰუმანიტარი, რომელმაც წელს თსუ-ს გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვა

ინტერვიუ

მარიამ მანაგაძე თსუ-ს მესამე კურსის, ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტია. აქტიური და გამორჩეული ადამიანი და ერთადერთი ჰუმანიტარია, რომელმაც ამ წელს თსუ-ს გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვა. Studinfo.Ge მარიამს გაესაუბრა.

 

– მარიამ, ფართო საზოგადოებამ რომ გაგიცნოს, მოდი, მოკლედ მოგვიყევი შენ შესახებ. ვინ ხარ, საიდან მოხვედი და საით მიდიხარ?

– ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ, რომელსაც ძალიან ბევრი მიზანი აქვს. დავიბადე ხონში, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე. ბავშვობიდანვე აქტიური ვიყავი, უმეტესწილად სპორტულ ღონისძიებებში ვერთვებოდი, ასევე სკოლაშიც ვცდილობდი, კარგი მოსწავლე ვყოფილიყავი. კარგად მახსენდება სკოლის დრო.

– სკოლის მოსწავლე იყავი, როდესაც გახდი flex-ის გამარჯვებული და წახვედი ამერიკაში ერთი წლით. ელოდი თუ არა გამარჯვებას?

– სიმართლე გითხრა, ძალიან მინდოდა ამ პროექტში გამარჯვება. ჩემი შესაძლებლობებისდა მიხედვით, ვემზადებოდი პროექტში მონაწილეობის მისაღებად. თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, მოვახერხებდი თუ არა გამარჯვებას, რადგან კონკურენციაც მაღალი იყო. თუმცა შევძელი და გავხდი flex-ის მონაწილე.

– მოკლედ გვიამბე ამერიკაში გატარებული, დაუვიწყარი ერთი წლის შესახებ.

– ვსწავლობდი სკოლაში და ვირიცხებოდი მე-11 კლასში. ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად, ჩემს მეორე მშობლებთან ერთად სამხრეთის შტატში, მისისიპიში. ერთი წლის განმავლობაში სკოლის ღონისძიებებში ვიყავი ჩართული, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტული. სკოლის გუნდში ვთამაშობდი ბოულინგს, ბეისბოლს და კალათბურთს. გარდა ამისა, მოხალისედ ვმუშაობდი მოხუცთა თავშესაფარში. ვეხმარებოდი მათ სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებაში და ვუხალისებდით იქ მყოფ მოხუცებულებს რუტინულ დღეს სახალისო ღონისძიებებით. საბოლოოდ კი 100 საათზე მეტი ვიმუშავე მოხალისედ, რის შედეგადაც გადმომცეს პრეზიდენტის სერთიფიკატი და მედალი.

10306837_610900899003808_1602413739_n

– ერთი წლის შემდეგ კი დაუბრუნდი სამშობლოს და გახდი სტუდენტი. რატომ აირჩიე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?

– კი, ჩამოვედი და ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეიჯორად კი ავირჩიე ამერიკისმცოდნეობა. რატომ თსუ? ალბათ, იმიტომ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტია და ერთ-ერთი წამყვანია ჩვენს ქვეყანაში, არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს და ძალიან კარგი ლექტორები ასწავლიან. გარდა ამისა, ჩემი მეგობრებიც აქ სწავლობდნენ.  ძალიან კარგ შესაძლებლობებებს აძლევს ახალგაზრდებს იმისათვის, რომ უფრო მეტად განვითარდნენ.

– შესაძლებლობებთან დაკავშირებით, აქვე გკითხავ და აღვნიშნავ, რომ შენ ხარ ერთადერთი ჰუმანიტარი, რომელმაც ამ წელს გაიმარჯვა თსუ-ს ინგლისურენოვან გაცვლით პროგრამაში. ეხლა საით გაქვს გეზი აღებული?

– (იცინის). მართალია, შესაძლებლობებში სწორად ამას ვგულისხმობდი. პირველ რიგში ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა ასეთი შანსი. რაც შეეხება მიმართულებას – ერთი სემესტრის განმავლობაში ვიქნები ჩეხეთში, პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია. ჩვეულებრივ სწავლას გავაგრძელებ ჩემი პროფილით, თუმცა აქვე დავძენ, რომ მაინორად პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს აღებული და ვაპირებ ამ მიმართულების საგნების გავლასაც.

– მაინტერესებს, რა გეგმები გაქვს მომავალი ერთი სემესტრის განმავლობაში, რომელსაც პრაღაში გაატარებ?

– ვგეგმავ იმას, რომ აქტიურად უნდა გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და მაქსიმალურად ჩავერთო იქაურ ახალგაზრდულ კლუბებში. იქ მიღებული ცოდნაც და გამოცდილებაც კი შემდეგში გავუზიარო ჩემს მეგობრებსა და არამარტო მათ.

– სასიამოვნოა ამის მოსმენა. მიუხედავად იმისა, რომ ხარ ასეთი შრომისმოყვარე, აქტიური, ასევე აღმოვაჩინეთ, რომ გალობ. ეს ნიჭი როდის იპოვე შენს თავში?

– ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკა, დავდიოდი ხალხურ საკრავებზე და გიტარაზე, ამსათანავე, საგალობლებსაც ვსწავლობდი. შემდეგ უკვე შევუერთდი მგალობელთა გუნდს და აქაც ნელ-ნელა ვაგრძელებ ჩემს მოღვაწეობას.

– არ შემიძლია, არ გკითხო – შენი ჰობი?

– ზოგადად სპორტული აქტივობები. უფრო მეტად კი კალათბურთი, ასევე გიტარაზე დაკვრა, ეს ისე, ჩემთვის.

– საყვარელი წიგნი?

– რიჩარდ რაითის „ამერიკის  შვილი“, სადაც აღწერილია, ის რეალობა, რაც შავკანიანებმა გამოიარეს. ზოგადად მიყვარს ისტორიული წიგნები.

– დიდი მადლობა გვინდა გითხრათ ინეტერვიუსთვის. ვიცით, რომ ძალიან დაკავებული ხარ და დრო მაინც გამონახე იმისათვის, რომ ყოფილიყავი ჩვენი სტუმარი რუბრიკაში „სტუდენტური სახე“.

– მადლობა თქვენ.

 

მოამზადა სალომე წიქარიშვილმა

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები