Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი

თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი
June 02
17:48 2014

თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ოფიციალურად 3 ივნისს, 20:00 საათზე გაიხსნება. ნაჩვენები იქნება 2013 წლის გრან-პრის მფლობელი ფილმი „გზაგასაყარზე“ – რეჟისორი ზურაბ დემეტრეშვილი. საფესტივალო დღეების განმავლობაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციულ კორპუსში მოეწყობა კინოჩვენებები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებაბი, რომელზეც დასწრება თავისუფალია.
კინომცოდნე, პროფესორ ირინა დემეტრაძის ხელმძღვანელობით პროფესიონალთა ჯგუფმა 300-ზე მეტი წარმოდგენილი ფილმიდან ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 50 შეარჩია. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 23 ქვეყნის კინოსკოლა: ფინეთი, გერმანია, ბელგია, ისრაელი, დანია, ბრიტანეთი, კოლუმბია, უკრაინა, რუსეთი, მაროკო, ჩეხეთი, ფილიპინები, სლოვაკეთი, ავსტრია, თურქეთი, ესპანეთი, ინდოეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ბრაზილია, ვიეტნამი, საბერძნეთი და საქართველო.
ფესტივალის საერთაშორისო ჟიური დაკომპლექტდა სხვადასხვა კინოსკოლის წარმომადგენლებით: დირკ ჰოიერი (Baltic film school, Estonia); ბერტ ბეიენსი (RITS school of art, Belgium), ზუზანა გინდლ-ტატაროვა (Eurimage Board Member, VSMU Slovakia), რომან შირმანი (უკრაინის კინოკავშირის გენერალური მდივანი, პროფესორი), რონ ნინიო (Sem Spiegel Film and TV School, Israel). ჟიურის ყველა წევრი მოაწყობს მასტერკლასს ან საინფორმაციო შეხვედრას.
ჟიურის წევრების შეფასებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმი და დასახელდება ფესტივალის გრან-პრის მფლობელი. ასევე, გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რასაც სტუდენტები ეუფლებიან მსოფლიოს კინოსკოლებში: რეჟისურა, ხმა, მონტაჟი და ოპერატორის ნამუშევარი.

5 ივნისს, 15:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კინოგანათლების საკითხების განსახილველად წელს პირველად მოეწყობა „მრგვალი მაგიდა“, სადაც მოწვეულია 15 ევროპული და რეგიონული კინოსკოლა. თბილისში შეიქმნება საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც თანამშრომლობის მემორანდუმით გააერთიანებს რამდენიმე უნივერსიტეტს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ღონისძიებას დაესწრება საქართველოს, თურქეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, შვედეთის, ისრაელის, რუმინეთის, ბელგიის, ბულგარეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის წამყვანი კინოსკოლების რექტორები, კინოფაკულტეტის დეკანები და პროფესორები.
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ფესტივალს დაესწრება ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი ფილმების 20 ავტორი. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში, გაიცნობენ ქართველ კოლეგებს და ითანამშრომლებენ მათთან „უწყვეტი კადრის“ უორკშოფში. ფესტივალის პარალელურად გადაღებული რამდენიმე კოპროდუქცია ნაჩვენები იქნება ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 7 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ეზოში.
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ქალაქ თბილისის საკრებულო, ისრაელის საელჩო საქართველოში.
ფესტივალის პარტნიორები არიან: სავაჭრო სახლი „გოლეთიანი, NOKIA X, კონიაკი „სარაჯიშვილი“ და კომპანია „წყალი მარგებელი“ – „ნაბეღლავი“.
მედია პარტნიორები: რადიო „ფორტუნა, ახალი ამბების სააგენტო „GHN”, გაზეთი „Georgia Today“, ჟურნალი „FOCUS“ და ტელეკომპანია “Music Box”.

სტუდენტური ფესტივალის პროგრამა :

unnamed (1)

223 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
June 2014
M T W T F S S
« May   Jul »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30