რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მარიხუანას ლეგალიზაციამ ?

საინტერესო ფაქტები

მარიხუანას ლეგალიზებას აქვს როგორც დადებითი, აგრეთვე უარყოფითი მხარეები. არსებობს რისკები და სხვადასხვა საშიშროებები, რომლებიც გულისყურით შესწავლას საჭიროებს.

ლეგალიზაციის მომხრეთა არგუმენტებით, მარიხუანას ლეგალიზაცია ტურისტების მომრავლებას გამოიწვევს და ეს ეკონომიკურ მოგებას მოგვიტანს, აგრეთვე ლატენტური ანუ დაფარული მოხმარებისგან ავირიდებთ თავს, რაც ცალკე ძალიან ბევრ და დიდ პრობლემებს ქმნის.

მარიხუანას ლეგალიზებამ შესაძლოა პრობლემებიც მრავლად გამოიწვიოს, მართალია მარიხუანა ნაკლებ საშიშია ვიდრე სხვა ნარკოტიკული საშუალებები, მაგრამ რეალურად ძალიან ბევრი კვლევა ადასტურებს იმას, რომ “STRONG DRUG”-ის ანუ ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების, როგორიცაა ჰეროინი, ოპიუმი ან კუსტარული ნარკოტიკები (ნიანგი, ჯეფი, ვინტი) და ა.შ. მომხმარებელთა უმრავლესობამ ნარკოტიკებთან კავშირი სწორედ მარიხუანით დაიწყეს. მარიხუანა უმრავლესად არის ერთგვარი ტრამპლინი ნარკოსფეროში. მარიხუანა ხშირად ხდება პირველი კიბე სხვა უფრო მაღალ კიბეებზე ასასვლელად და ამის რისკი ძალზედ მაღალია. ეს მარტივი ფსიქოლოგიური მომენტია, რადგან, როცა ადამიანი გარკვეულ ზოგად საზოგადოებრივ წინააღმდეგობას (რომ ნარკოტიკი ცუდია) გადააბიჯებს და გასინჯავს მსუბუქ ნარკოტიკს, როცა გადალახავს პირველად ბარიერს, შემდგომ ბევრად უფრო უადვილდებათ ადამიანებს სხვა უფრო მაღალი ბარიერების გადალახვაც.

ორივე აზრს აქვს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამ საკითხის ხელაღებით გადაჭრა ძალზედ რთულია თუმცა ამ ეტაპზე შესაძლოა ითქვას, რომ ქართული მენტალიტეტიდან და მართლშეგნების დაბალი დონიდან გამომდინარე უმჯობესია მარიხუანა ლეგალიზებული არ იყოს.

ერთი რამ კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სასჯელის ზომები ნამდვილად ძალიან მაღალია და უნდა მოხდეს აღნიშნული სისტემის ლიბერალიზაცია. დროა ნულოვანი ტოლერანტობიდან ლიბერალიზაციისაკენ მივმართოთ ჩვენი იუსტიციის ექსპრესი. დროა სასჯელების დეპენალიზაცია მოხდეს და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპების მეტად ჩანერგვაზე, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებაზე მეტად ზრუნვა. აღდგენითი მართლმსაჯულებით და საზოგადოების მართშეგნების ამაღლებაზე ზრუნვით ბევრად უფრო კარგ შედეგებს მივიღებთ, ვიდრე სასჯელების გაზრდით და ადამიანების დაშინებით. კრიმინალურ განპირობებულობას თავისი პლიუსები აქვს, თუმცა ვფიქრობთ აღდგენითი მართლმსაჯულება ბევრად უფრო მოქნილი, ბევრად ინტელექტუალური და რაც მთავარია სამომავლოდ რეციდივის საშიშროების ნაკლებ შემცველია. პრობლემის გააზრებით ბევრად უფრო კარგად ხდება პრევენცია, ვიდრე დაშინებითა და მუქარით. ამიტომ, უპირველეს ყოფილისა აუცილებელია სასჯელების ლიბერალიზაცია და პასუხისმგებლობის ფორმების შემსუბუქება.

ახალგაზრდა კრიმინოლოგთა კლუბი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები