„ტურისტული სეზონი 2014“ ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში

განათლება

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „ტურისტული სეზონი 2014“, რომლის ფარგლებშიც, კოლეჯს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ეწვივნენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ბიზნესპარტნიორი ორგანიზაციების, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, უკრაინელმა და ფრანგმა ტურიზმის სფეროს სპეციალისტებმა კოლეჯის სტუდენტებთან ერთად, თავიანთი ხელოვნება წარმოადგინეს ზღვის პროდუქტების საფირმო კერძების მომზადებაში. სტუმრებმა კოლეჯი დაათვალიერეს, სასწავლო გარემოსა და სტუდენტთა ნამუშევრების პრეზენტაციებს გაეცნენ.

ქობულეთის თანამედროვე სტანდარტების პროოფესიული კოლეჯი უახლესი აპარატურითა და ტექნიკითაა აღჭურვილი.  სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს  სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი. პროფესიულ კოლეჯში „ახალი ტალღა“ სპეციალობები  აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების  პრიორიტეტული გეგმიდან  გამომდინარეა შერჩეული შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი,  ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო, ეკო, და ა.შ. ტუროპერატორი),  ბარმენი და სხვა.

განახლებული პროგრამები, შესაბამისი სასწავლო პირობები და მომზადების მაღალი დონე განაპირობებს იმ გარემოებას, რომ კოლეჯს ყოველწლიურად ასობით ახალგაზრდა ამთავრებს და თითქმის ყველა კურსდამთავრებული სასწავლებლის დამთავრებამდე იღებს დასაქმებაზე შეთავაზებას სხვადასხვა კომპანიიდან.

ღონისძიების მონაწილე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს ახალი პროგრამა გააცნო, რაც კოლეჯთან მომავალ თანამშრომლობას და კურსდამთავრებულთა დასაქმებაში ხელშეწყობას გულისხმობს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები