Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პირველად ამერიკაში – ქართველი სტუდენტის ამერიკული ცხოვრება

პირველად ამერიკაში – ქართველი სტუდენტის ამერიკული ცხოვრება
June 05
11:20 2014

10274288_10201155697254428_596032151724297024_n
პირველად ამერიკის დედაქალაქში, ვაშინგტონში, ჩემს უცხოელ მეგობართან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავ. ღონისძიება ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროში, სხვადასხვა ქვეყნის ელჩი, ჩაცმის ფორმალური ეტიკეტი, უამრავი მონატრებული ქართული საჭმელი, ამ ყველაფრის შემხედვარე მიჩნდება კითხვა, როგორ მოვხვდი აქ? მსგავსი რამ პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში. მინდა გავიხსენო ის ამბები, რამაც ამდენ, ახალ, პირველ გამოცდილებებთან მომიყვანა.

როდესაც კერძო სკოლა „ლოგოსში“ ვსწავლობდი, ვოცნებობდი ამერიკაში სწავლაზე. მინდოდა, ჩემი თვალით მენახა ის ქვეყანა, რომელსაც ასე აქებს ყველა, რომელსაც თავისუფლებისა და დემოკრატიის აკვნად მოიხსენიებენ.

2013 წელს, როდესაც ყველანაირი გამოცდა ჩავაბარე, თერთმეტ უნივერსიტეტში გავაგზავნე საბუთები და შვიდი დადებითი პასუხი მივიღე, საბოლოოდ ნიუ იორკში „მანჰეტენვილ კოლეჯში“ წასვლა გადავწყვიტე, სადაც ჩემი ძმა უკვე მეორე წელია სწავლობს. თუმცა ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა მითხრა, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო ეგრედ წოდებულ ”ლიბერალ ართს კოლეჯების“ პირველ ასეულში მოხვედრილ სტუდენტებს აფინანსებდა. ვაშინგტონისა და ჯეფერსონის კოლეჯი, სადაც ამჟამად ვსწავლობ, სწორედ ამ ასეულში იყო. დედლაინის დღეს მივიტანე საბუთები, მაინც რაიცი რახდებას, რომ ვეძახით ეგეთ ვარიანტში. ერთ კვირაში გასაუბრებაზე დამიბარეს და ინტერვიუდან ერთი საათის შემდეგ დამიკავშრიდნენ; ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა „გილოცავთ დაფინანსების მიღებას“, უცებ ვერ მივხვდი, რა მოხდა, დიდი მადლობა გადავუხადე ქალბატონს და ორი წუთით სიხარულისგან გავშეშდი.

ჩემს ოჯახში მაინც დიდი დილემა გაჩნდა. უნდა მიმეღო დაფინანსება და წავსულიყავი დასავლეთ პენსილვანიაში, შორს ყველასგან და ყველაფრისგან თუ ჩემს ძმასთან, ნიუ იორკში, სადაც შედარებით მეტი გადასახადია, რომელიც ჩემი ოჯახისთვის არცთუ ისე ადვილად დასაფარი თანხაა. ჩემი ოჯახის წევრებს, რათქმაუნდა, ძმების ერთად ყოფნა ერჩივნათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც პენსილვანიაში წასვლა გადავწყვიტე, რასაც არ ვნანობ.

თბილისში ვერ ვხედავდი, სად უნდა მესწავლა, რა უნდა მეკეთებინა მომავალში და ჩემი მარტო წასვლით ვიფიქრე, ყველაფერს დამოუკიდებლად ზედმეტი ზეგავლენების გარეშე გავუსწორებდი თვალს. მართლაც, პირველად ამერიკაში ჩამოსვლამ ბევრი რამ მასწავლა: გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, პრიორიტეტების განსაზღვრა, საკუთარი საქმის კეთება, დროის მენეჯმენტი და ცხოვრებისთვის უამრავი საჭირო რამ. ამერიკაში მივხვდი, რომ აქ ადამიანი თვითონ თუ არ შეეცადა და იშრომა, არც ნამდვილი მეგობარი ეყოლება, არც საქმე ექნება და, რა თქმა უნდა, კარგი ოჯახიშვილობითაც ვერ დაიწყებს სამსახურს.

სანამ წავიდოდი, ბევრი მეუბნებოდა – „ამერიკელები ცივი ხალხია“. აქ შეიძლება ოჯახური ატმოსფერო არ დამხვდა, მაგრამ ნელ-ნელა ის მარტოობის გრძნობა გამიქრა, მახსოვს, როგორ ჩამოვედი პიცბურგის აეროპორტში და ვიგრძენი, რომ ჩემით უნდა გამეკვლია გზა, მშობლების და მეგობრების დახმარების გარეშე. ამ დროს უკვე იწყებ ხალხის შეწუხებას, კითხვას, სად რა არის, როგორ უნდა მიხვიდე გარკვეულ ადგილას, რა უნდა გააკეთო, ეს ყველაფერი კი შეუდარებელი შესაძლებლობაა საკუთარი თავის გამოსაცდელად.

როცა უკვე ბევრი ადამიანი გავიცანი და ბევრი მეგობარი შევიძინე, ამერიკელებზე შთაბეჭდილება შემეცვალა. უბრალოდ, უცნაური შეგრძნებაა, როდესაც საქართველოდან, სადაც ბევრი მეგობარი მყავს, უცებ საერთოდ სხვა პლანეტაზე აღმოვჩნდი, სადაც თავის ხელახალი წარმოჩენა დამჭირდა, ახალ გარემოში დასამკივრებლად.
მქონია მომენტები, როდესაც მხოლოდ სახლი მინდოდა და სხვა არაფერი: არც ლექციები, არც ამერიკული წვეულებები და არც „იზი გოინგ“ გოგოები. მინდოდა, თბილისში დავბრუნებულიყავი და მთელი დრო ჩემს ახლო ადამიანებთან ერთად გამეტარებინა. ამასთანავე, მქონდა დიდი ვალდებულება ჩემი დაფინანსებების გასაგრძელებლად, უმაღლესი ნიშნები უნდა მიმეღო. დავბრუნდი კიდეც ერთი კვირით თბილისში, ვნახე მონატრებული ხალხი და თან მივხვდი, რომ ერთგვარი შვებაა ახლობელი ადამიანების ნახვა, მაგრამ წარსულზე ფიქრი და სახლში ყოფნის სურვილი ცხოვრებაში წინ ვერ წამწევს და ამ ყველაფრის შეცვლა დავიწყე.

სწავლა დიდად არ გამჭირვებია, გარკვეული გამონაკლისებს თუ არ გავიხსნებ, ყველა ლექცია საინტერესო და მრავლისმომცემია. ამ კოლეჯში არამარტო სწავლა, არამედ ყოველდღიური ცხოვრება მართლაც ეხმარება სტუდენტს, იფიქროს მეტი, გაუჩნდეს მეტი მოტივაცია და გაიფართოვოს ინტერესის სფერო. ამერიკულ კოლეჯებში ყველანაირი საშუალებაა, რომ მრავალი ახალი რამ აღმოაჩინოთ.

მე პირადად, რაც შეიძლება მეტ ღონისძიებებში ვმონაწილეობ, ვმუშაობ კოლეჯის რადიოში, სადაც ჩემი საავტორო შოუ მიმყავს, ვიწვევ უცხოელ სტუდენტებს და მათ სამშობლოზე, ახალ აღმოჩენებზე აშშ-ში და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ვესაუბრები. ასევე, ვწერ კოლეჯის გაზეთში, ყველას აინტერებდა უკრაინაში მიმდინარე ამბები და ამ თემაზე სტატიებიც მე დამავალეს.

სწავლასთან და მუშაობასთან ერთად, გართობასაც არ ვუთმობდი ნაკლებ დროს, ვთამაშობდი რაგბის გუნდში, ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქალაქში, ახალ მეგობრებთან ერთად და ამერიკული წვეულებებსაც ვსტუმრობდი. უკვე დროც აღარ მქონდა ნოსტალგიისთვის. სწორედ ამისთვის ჩამოვედი ამ ქვეყანაში, რომ ბევრი ახალი, პირველი გამოცდილება დავაგროვო, ბევრ ახალ ადამიანს შევხვდე, განვვითარდე, მუდამ წინ ვიყურო და ახალ-ახალი მიზნები დავისახო.

პირველი წელი უკვე დასრულდა და მენატრება კიდეც ჩემი უნივერსიტეტი, ლექციები, კაფეტერიის საოცრად კალორიული საკვები, კოლეჯის წვეულებები, მოგზაურობა და, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები.

1470218_10201120711859815_8202422560802344680_n

ამჟამად აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში, ზაფხულის ინტერნშიპზე ამერიკის ხმაში (Voice of America) ვმუშაობ, საიდანაც მივიღე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ცერემონიის მოსაწვევი.

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ მიჩვენა, რომ სიახლე და პირველი გამოცდილებები ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერების მომტანია. 26 მაისისადმი მიძღვნილ მიღებაზე ახლდგაცნობილი პროფესორისგან მივიღე შვედეთის საელჩოს წვეულების მოსაწვევი და დღეს სწორედ ამ ღონისძიებას დავესწრები.
ჩემი რჩევა იქნება, რომ ცხოვრებაში უარი არ უთხრათ ახალ გამოცდილებებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მარტოობის, ახლობლებისგან შორს ყოფნის გეშინიათ.

იოსებ ჟორჟოლიანი
06/03/2014
ვაშინგტონი

1,817 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
June 2014
M T W T F S S
« May   Jul »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30