Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორ ვაკონტროლოთ სხეულის ენა გასაუბრების დროს

როგორ ვაკონტროლოთ სხეულის ენა გასაუბრების დროს
June 11
15:57 2014

არაერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ მხოლოდ წამის მეათედია საჭირო იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას სხვა ადამიანზე. ასე რომ, გასაუბრების დროს, უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოვახდენთ პირველივე წამებიდან. წარმოგიდგენთ პერსონალის მართვის სპეციალისტების რამდენიმე რჩევას, რომლებიც გასაუბრების დროს გამოგადგებათ:

თუკი ინტერვიუზე დაგიბარეს, ეს უკვე ნიშნავს, რომ თქვენი წერილობითი დოკუმენტაცია მათთვის მოსაწონია. ახლა კი, თქვენი ღირსებების პირადად დამტკიცების საშუალება გეძლევათ. თუმცა, ამისათვის მხოლოდ საუბარი არ არის საკმარისი. დადგენილია, რომ კომუნიკაციის 93 % არავერბალურია. ასე რომ, სხეულის ენის კონტროლი მნიშვნელოვანია.

პირველი შთაბეჭდილება

კანდიდატები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ მათ სხეულის ენას მხოლოდ ინტერვიუს პროცესში აკვირდებიან. ზოგჯერ, ეს დაკვირვება შენობაში შესვლამდეც კი იწყება.

პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ გარემოს, სიტუაციის შესაფერისად გაცვიათ.

არ დაგავიწყდეთ „სუნთქვა“ (რაც ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ სტრესულ სიტუაციებში), გაიმართეთ და წარადგინეთ საკუთარი თავი მისაღებში. აქ მომსახურე პერსონალს ხშირად თხოვენ აზრის გამოთქმას იმის შესახებ, თუ რამდენად აღელვებულად, ან, საკუთარ თავში დარწმუნებულად გამოიყურებიან პოტენციური თანამშრომლები. ასე რომ, დააბალანსეთ და აკონტროლეთ ხმის ტემბრი – ვინც ასე საუბრობს, უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება.

თვალებით კონტაქტი და ღიმილი ყოველთვის კარგი დასაწყისია – ის გვიჩვენებს, რომ სასიამოვნო, ყურადღებიანი და თავაზიანი ხართ.

ნუ დაიწყებთ საუბარს დაუყოვნებლივ, ან, ნუ გაემართებით სკამისაკენ, თუ არ შემოგთავაზებენ.

ინტერვიუს პროცესში

მნიშვნელოვანია, ინტერვიუ დაიწყოთ ხელის ჩამორთმევითა და ღიმილით, რათა თქვენი თავდაჯერებულობა წარმოაჩინოთ.

სწორი სხეულის ენა დაგეხმარებათ, წარმოაჩინოთ სხვა ძირითადი ნიუანსებიც, რომელთაც, ინტერვიუერები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეძიებენ თქვენში. აჩვენეთ, რომ ყურადღებით, გააზრებულად უსმენთ: დაუქნიეთ თავი, გაუღიმეთ, დაემოწმეთ თვალებისა და წარბების მოძრაობით; თუმცა, არ გადაამლაშოთ. წარბების ზედმეტი მოძრაობა, შეიძლება, სარკასტულად ან ხელოვნურად გამოიყურებოდეს. იყავით გახსნილი და არა თავდაცვითი.

ნუ გადაიჯვარედინებთ ხელებს გულ-მკერდზე. უმჯობესია, ხელის გულები გაშლილი გქონდეთ და შეინარჩუნოთ „გახსნილი“ პოზა.

კითხვებზე პასუხის გაცემისას, შეინარჩუნეთ თვალებით კონტაქტი (თუმცა, არა – ზედმეტად დიდ ხანს) და გამოიყენეთ ხელის მოძრაობები საკუთარი პოზიციის უკეთ გამოსახატავად. ხელები მაგიდასა და საკუთარ მხრებს შორის ინტერვალში ამოძრავეთ. თუ მაგიდისაგან მოშორებით ზიხართ, უფრო ქვემოთაც შეიძლება. სწორედ ეს არის ე.წ. „სიმართლის სივრცე“.

მეტი გულწრფელობისათვის, ზოგჯერ, წინ გადაიხარეთ. უკან გადახრა და ძირს ყურება, შეიძლება, ყოყმანობისა და მღელვარების ნიშნად ჩაითვალოს.

იყავით ბუნებრივი. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების შესრულებისას თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, ეს არაბუნებრივადაც გამოჩნდება სხვის თვალში, ამიტომ, ეცადეთ, ზედმეტი მცდელობით სიყალბეში არ გადახვიდეთ. ისაუბრეთ მშვიდი  და აუღელვებელი ხმით.

დამშვიდობების ხელოვნება

დასასრულს, ხელი აუღელვებლად მოჰკიდეთ თქვენს ნივთებს, შეუფერხებლად ადექით და ღიმილით დაუქნიეთ თავი. ამ დროს, შეგიძლიათ, ინტერვიუერის ჟესტებსაც დააკვირდეთ. ამით დაახლოებითი წარმოდგენა შეგექმნებათ, თუ რას შეიძლება ფიქრობდეს ის თქვენზე. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ისინი კარგად არიან გაწვრთნილნი, რათა მათი შთაბეჭდილებები ადვილად ვერ გამოიცნოთ. ამიტომ, ნუ დატოვებთ ოთახს უარყოფითი ფიქრებითა და შიშებით დატვირთული. იფიქრეთ მხოლოდ კარგზე.

თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა

www.career-advice.monster.com

www.cimaglobal.com

888 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
June 2014
M T W T F S S
« May   Jul »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30