“წიგნი ყველა სოფელს” – მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

ახალგაზრდული ორგანიზაციები

1 აგვისტოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პროექტის ,,წიგნი ყველა სოფელს’’ პრეზენტაცია შედგა.

“წიგნი ყველა სოფელს” – არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობის’’ და „წიგნის მეგობრების’’ ინიციატივით  განხორციელდება.   სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, „ვისოლ ჯგუფის“, საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  „დავითიანნის“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“, „პალიტრა L”-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის  და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლებისსასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და ზემოთ ჩამოთვლილ, პარტნიორ ორგანიზაციებს აერთიანებს 1 აგვისტოდან დაიწყო. სწორედ, ამ დროიდან საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ და ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ ვაკისა და რუსთაველის ობიექტებზე, „დავითიანნის“ ოფისებში რუსთაველის გამზ. N 21/23-სა და სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოში მიიტანოს წიგნები და გააჩუქონ ისინი მათთვის, ვისთვისაც წიგნი ხელმიუწვდომელია. 

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ წიგნების დახარისხების შემდგომ, რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბლიოთეკა’’ იზრუნებს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც მისცემს საშუალებას გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში. „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და პირველად კახეთის რეგიონს ესტუმრება.

პროექტის პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი პროექტის სხვა მხარდამჭერებთან ერთად დაესწრნენ.

„წიგნი ყველა სოფელს“ გრძელვადიანი პროექტია და ამჯერად სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. მოსახლეობის აქტიურობიდან გამომდინარე პროექტი სხვა რეგიონების ბიბლიოთეკების მომარაგებასაც ისახავს მიზნად.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები