რამდენად მძიმეა შენი (სტუდენტის) ჩანთა?

ინტერვიუ

დღევანდელი სტუდენტების მისამართით რა შეიძლება არ გაიგო, მაგრამ ყველაზე ხშირად, ალბათ, სიტყვა ,,ზარმაცი“. ცხადია, ეს, ხშირ შემთხვევაში, დამსახურებულად ნათქვამიც არის, მაგრამ ხშირი შემთხევა, თავის მხრივ, სულაც არ ნიშნავს ყველა შემთხვევას. რადგან ასეა, ამის მთქმელიც ისევე მცდარი შეიძლება იყოს, როგორც მართალი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს, გარვეულ შემთხვევებში, თავის მართლების საშუალება და შესაძლებლობაც გვეძლევა. ;)  

რა ვუყოთ, რომ თანამედროვე სწავლება, სტუდენტებისგან წიგნებისგან დაცლილ ჩანთას, მაგრამ სამაგიეროდ, მძიმე ნოუთბუქს ან ლეპტოპს მოითხოვს?! მაგრამ რა ვუყოთ ასევე იმას, რომ ეს ლეპტოპი თუ ნოუთბუქი მაინც უფრო ,,ტკბილია“, ვიდრე ,,მწარე“ და სტუდენტიც მის გამოყენებას, ხშირ შემთხვევაში, (მოდით, ვაღიაროთ ;) ) საკუთარი და არა უნივერსიტეტის დანიშნულებისამებრ იწყებს?!

ქრისტინა გვიჩიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი): – ჩანთა ყოველდრე დამაქვს. ისეთ ფაკულტეტზე ვსწავლობ, წიგნები თითქმის არ მჭირდება და მეც მხოლოდ ინგლისურის წიგნის ტარება მიწევს. ძირითადად, ონლაინ ბიბლიოთეკით ვსარგებლობ – დაბეჭდილი მაინც არაფერი არ არის.  ჩემი ჩანთაც, შესაბამისად, იმდენს იწონის,  რასაც ოთხი რვეული და სამი კალამი შეიძლება იწონიდეს.

ვახტანგ გურგენაშვილი (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი): – ჩანთას უნივერსიტეტში ყოველდღე ვატარებ. მასში ნოუთბუქი, მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხი წიგნი მაქვს. ნოუთბუქი იმიტომ დამაქვს, რომ არა თსუ-ში, არამედ შავ ზღვაში ვსწავლობ. დაახლოებით სამ-ოთხ კილოს იწონის ჩემი ჩანთა ყოველდღიურად, შეიძლება ხუთამდეც ავიდეს. ელექრონული ვერსიები ჩემს ფაკულტეტზე ნაკლებად მოიპოვება, უახლესი რედაქციებიც არ იდება და ამიტომ წიგნების ტარება მიწევს. ბიბლიოთეკითაც ვსარგებლობ და იქიდანაც მიწევს წიგნების გამოტანა.

ჯემალ მესხია (საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ორიენტირი“): – ჩემი ჩანთა საკმაოდ მძიმეა. წიგნებიც მიდევს და სხვა ნივთებიც. სწავლის დაწყებისას, წიგნების ყიდვა მიწევს და მერე მთელი წელი ჩანთით ვატარებ. ,,ორიენტირში“ ელექტრონულ ვერსიებს დიდად არ ვიყენებთ და შესაბამისად, ქსეროქსების და წიგნების ტარება მიწევს. ყოველდღიურად, ალბათ, 5-6 კილო ჩანთა დამაქვს და რომ გითხრათ, მარტო წიგნების და ქსეროქსების ხარჯზემეთქი, მოგატყუებთ.

მარიამ ნაჯარიანი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი): ჩანთით ლეპტოპი დამაქვს ხშირად და მკლავებიც დამაწყვიტა. თითქმის ყოველდღე პროექტები და პრეზენტაციები გვაქვს და რომც მინდოდეს, სახლში მაინც ვერ დავტოვებ. ამ ლეპტოპის და სხვა ნივთების წყალობით, ალბათ, 3-4 კილო ჩანთის ტარება მიწევს. წიგნების ტარებას რაც შეეხება, ელექტრონული ვერსიით ვსწავლობთ და ელექტრონული წიგნები გამომაქვს. შეიძლება კონსპექტებიც გავაკეთო და სასწავლო მასალა ამოვაპრინტერო კიდეც, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.

ნაზი რაჟამაშვილი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი): -აწონვით ნამდვილად არ ამიწონავს ჩემი ჩანთა და სხვათაშორის, ახლა მეც დამაინტერესდა. ისე, თითოეული საგნისთვის რვეული და შესაბამისი ქსეროქსები დამაქვს. ასევე ჩემთვის ბლოკნოტი სხვადასხვა საკითხის ჩასანიშნად და კალამი. ბიბლიოთეკითაც მიწევს სარგებლობა და თუ წიგნის გატანა შემიძლია, მაშინ ქსეროქსებს აღარ ვაკეთებ, მაგრამ, ეს იშვიათად ხდება. უფრო ხშირად მაინც ქსეროქსებს ვაკეთებ და მათ წიგნებად ვკრავ. ყოველდღიურად 2-3 კილო ჩანთის ტარება მაინც მიწევს.

ანა ხაჭაპურიძე: (თსუ): – ჩანთა ყოველდღე დამაქვს და ყოველდღიურად დაახლოებით ერთი კილოს ტარება მიწევს, ლექციებს გააჩნია. უფრო მეტად რვეულები დამაქვს, მაგრამ ეს იმას მართლა არ ნიშნავს, რომ წიგნების ტარება მეზარება. ლექციებს კითხულობენ და სტუდენტები თუ უნდათ რვეულში ჩაიწერენ, თუ უნდათ არა. ყველაფერი თსუ-ს საიტზე დევს და არ არის აუცილებელი წიგნების ტარება. ბიბლიოთეკით როცა ვსარგებლობ, მაშინ მიდევს წიგნი ჩანთაში.

მუხრან ბერიძე (საქართველოს უნივერსიტეტი): ჩანთა საერთოდ არ დამაქვს. ჩემს უნივერსიტეტთან საკმაოდ ახლოს ვცხოვრობ და ხშირად, როცა ლექციებს შორის ორსაათიანი შესვენებები მაქვს, სახლში თავისუფლად ვასწრებ წასვლას. ამიტომ შემიძლია ჩანთის გარეშეც ვატარო თითო-თითო წიგნი. შუალედურები ან უბრალოდ წერები როცა მაქვს, მაშინ წიგნი საერთოდ არ მჭირდება.

ეკა ჯოხარიძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი):წიგნები დამაქვს, მაგრამ, ძირითადად, გზაში წასაკითხად ვატარებ მხატვრულ ლიტერატურას. თუ ბევრი ლექცია მაქვს, მაშინ ჩანთაც შესაბამისად მძიმეა. ფოტოაპარატსაც როცა ვატარებ, მაშინ 2 კილომდე იწონის. ლექციების რაოდენობას გააჩნია, ხან დიდი ჩანთით დავდივარ, ხან კი პატარათი. ბიბლიოთეკაშიც ხშირად მიწევს წასვლა  და ისეთი წიგნები, რომელთა გატანაც შემიძლია, ყოველთვის გამომაქვს. ჩემი ჩანთაც, შესაბამისად, უფრო მძიმდება.

ნიკი სლოუ (თეატრალური უნივერსიტეტი): – მე თეატრალური ცოტახანია რაც დავამთავრე და ჩანთას აბსოლუტურად ყოველდღე ვატარებდი. მუსიკის დასაწერად ლეპტოპს და დინამიკებს ვდებდი შიგნით. უფრო რვეულები დამქონდა, წიგნები – იშვიათად. როცა ლეპტოპი გაქვს და უნიშიც ხშირად დაგაქვს, მაშინ არც რვეული გჭირდება და არც წიგნი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც თან ვატარებდი. ჩემი ჩანთაც შესაბამისად 6-7 კილოს იწონიდა, მაგრამ მიღირდა კიდეც ტარება.

ნიკა ჭარელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი): – ჩანთა სულ დამაქვს. საკმაოდ მძიმეა, ალბათ, 4-5 კილოს იწონის. წიგნებთან ერთად ყოველდღიურად თეთრი ხალათის და პლანშეტის ტარებაც მიწევს. თუ პრაქტიკული მაქვს, ფონეიდოსკოპიც თან დამაქვს.   

 

შორენა ღვაჩლიანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები