Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სანაგვე ურნა ფორმით ვიცით, მაგრამ დანიშნულებით?!

სანაგვე ურნა ფორმით ვიცით, მაგრამ დანიშნულებით?!
October 09
22:56 2014

თქვენ ხომ არ იცით, ყველა პრობლემის იძულებით მოგვარება საქართველოს გარდა კიდევ სადმე თუ ხდება?! ქვეყანა, სადაც ბევრი კანონი და სანქციაა საჭირო, საზოგადოების განვითარების მხოლოდ დაბალი დონით თუ დაიკვეხნის. ჯარიმები და სანქციები ყველგანაა, მაგრამ თუ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც გარემო და მისი სისუფთავის დაცვაა, მხოლოდ ძალდატანებით შეიძლება მოგვარდეს, მაშინ საქმე სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანთან გვქონია. ,,მინახავს, როცა სანაგვე ურნა გვერდით არის და მაინც გარეთ აგდებენ ნარჩენებს. ეს ხალხის დაუდევრობასა და შეუგნებლობაზე მეტყველებს“. მოკლედ, ჩვენ მგონი სანამ ყველა რეკორდს არ მოვხსნით, არ გავჩერდებით!

თამთა წამალაშვილი: – სიმართლე გითხრათ, პიკნიკებზე იშვიათად დავდივარ და მაშინაც რომ ნაგავი მხვდება, ძალიან არ მსიამოვნებს. არ ვარ კმაყოფილი გარემოს მდგომარეობით, ძალიან დაბინძურებულია და დიდ დისკომფორტს მიქმნის. ხალხის გაუაზრებელი საქციელი, ძალიან აზარალებს მას. ხშირ შემთხვევაში, როცა პიკნიკისთვის სადმე მიდიან, ახლოს სანაგვე ურნები არ არის, რის გამოც, ნარჩენებს იქვე ყრიან. ამით კი ჰგონიათ, რომ გასამართლებელი მიზეზი აქვთ. შეიძლება სანაგვე ყუთი არ იყოს და ისევ უკან წამოიღო, რა მოხდა მერე?! გარემოს დაბინძურებას ისევ ეს არ სჯობს?!  ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ თვითონ ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. მინახავს, როცა სანაგვე ურნა გვერდით არის და მაინც გარეთ აგდებენ ნარჩენებს. ეს ხალხის დაუდევრობასა და შეუგნებლობაზე მეტყველებს, როცა ვერ შეუთვისებიათ და გაუანალიზებიათ გარემოს მნიშვნელობა ჩვენი სიცოცხლისთვის. მგონი ჩვენ ჯარიმების გარდა არაფერი გვიშველის და ეს ჯარიმა რაც უფრო მკაცრი იქნება, მით უფრო მივესალმები. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ თითოეული ხე ჩვენი სიცოცხლისთვის ძალიან ძვირფასია.

თორნიკე ზაქიაშვილი:ყოფილა სიტუაცია, როცა ნაგავი მეც დამიყრია. შეიძლება უმნიშვნელო და ძალიან მცირე რამე დააგდო, მაგრამ ყველამ თუ იგივე ქმედება გააკეთა, გარემო ძალიან დაბინძურდება. ჩვენ, ქართველები, საკუთარი სურვილით არ ვუვლით გარემოს და ამ სიტუაციას, მგონი, ჯარიმის მეტი არაფერი გამოასწორებს. ადრე, მანქანის მართვისას ღვედებსაც არ იკეთებდნენ, მაგრამ რაც ჯარიმები შემოვიდა, ყველა იძულებული გახდა გაეკეთებინა. გარემოს დაცვის კუთხით მთავრობაც და არასამთავრობო სექტორიც პასიურობს. მისი გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაა საჭირო. საზოგადოების განვითარება რომ დაბალია ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამის შედეგია გარემოს დაბინძურებაც. ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა გეტყვის, რომ ევროპულ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, არადა ასეთი ქმედებებით რეალურად შორს ვართ ამისგან. ამბიცია ბევრი და ძალიან დიდი გვაქვს, მაგრამ მთავარია რას ვაკეთებთ ამისთვის. ყველაფერი ხომ ქმედებებით ფასდება?! გული მწყდება, რომ ხალხის განვითარების დონე ასეთი დაბალია. ბევრს ნარჩენების გარემოში ,,მოსროლა“ ურჩევნია, კულტურულად სანაგვე ურნებში ჩაყრას.

ელენე ლაკია: – ბუნებაში ხშირად გავდივარ და თვალიც მომიკრავს, როგორ ანაგვიანებენ გარემოს. არ მსიამოვნებს, როცა უკულტუროდ ექცევიან მას და მათი ქმედებებით აზარალებენ. ყველა ადგილზე ვერ ვიტყვი დანაგვიანებულიათქო, მაგრამ არის ადგილები, სადაც პიკნიკისთვის ვერ დაჯდები. ყველამ ნება უნდა იბოძოს და სანაგვე ყუთში ჩაყაროს ნარჩენები. მგონი, ჩვენი განვითარების დონე ჯერ კიდევ დაბალია და ეს, პირველ რიგში, გარემოს მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაში მჟღავნდება.

  შორენა ღვაჩლიანი

400 ნახვა
Tags
Share

About Author

შორენა ღვაჩლიანი

შორენა ღვაჩლიანი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2014
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031