რაზე შეთანხმდნენ სტუდენტები და განათლების მინისტრის მოადგილე?

განათლება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილესა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც აუდიენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა აღნიშნეს, გიორგი შერვაშიძე და ახალგაზრდები რიგი საკითხების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული შეხვედრა სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე დაიგეგმა. განათლების უწყების ხელმძღვანელობასთან უნივერსიტეტების მენეჯმენტში არსებული ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა გუშინ საპროტესტო მსვლელობა გამართეს, სადაც განათლების სამინისტროსგან სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და გამჭვირვალე საუნივერსიტეტო მენეჯმენტი მოითხოვეს.

შერვაშიძის განცხადებით, სტუდენტებმა კითხვები რამდენიმე პრობლემური საკითხის თაობაზე დასვეს, რაზეც უწყების მხრიდან მოგვარების პირობა მიიღეს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ახალგაზრდები განათლების უწყების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებში პირადად ჩაერთვებიან და პროცესების მიმდინარეობას გაუწევენ მონიტორინგს.

როგორც მინისტრის მოადგილებ აღნიშნა, სტუდენტს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს ისეთი ცოდნა, რომელიც მას ახალ რეალობაში კონკურენტულს გახდის, რაც გულისხმობს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ქვეყანა ახალ, ერთიან ევროპულ სივრცეში შედის.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა თსუ–ს სტუდენტებთან. მოთხოვნა იყო ის, რომ ძალიან ბევრი რამ, რაც კეთდება განათლების სამინისტროს მიერ, არ არის ცნობილი. ეს არის პრობლემა რა თქმა უნდა. საუბარი იყო იმ პრობლემურ საკითხბზე, რომელიც უპირველესად უკავშირდება განათლების ხარისხს, უკავშირდება იმ ტენდენციებს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. ჩვენ გავაცანით ის ხედვა, რომელიც გააჩნია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია, მათ შორის შეფასების თემები. ვისაუბრეთ თემებზე, თუ რა ფორმით უნდა ჩაერთონ სტუდენტები ყველა იმ საქმიანობაში, რომელსაც სამთავრობო გუნდი ახორციელებს. ჩვენ შევთანხმდით იმ რეჟიმზე, რა ფორმით მოხდება ჩართვა და როგორ იმუშავებენ სტუდენტები სპეციალისტებთან ერთად. ხარისხიანი განათლება – მხოლოდ სტუდენტების მოთხოვნა არაა, ეს ჩვენი მოთხოვნაც არის. შევთანხმდით იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ ერთად იმისთვის, რომ რეალურად, სტუდენტეს ჰქონდეს საშუალება მიიღოს ხარისხიანი განათლება უმაღლეს სასწავლებელში“,– განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

შეხვედრიდან გამოსული სტუდენტების შეფასებით, სამინისტრო მათ პროტესტზე ადეკვატურად რეაგირებს და ყველა დაგეგმილ ღონისძიებებში აუცილებლად ჩაერთვებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა. ადეკვატურად რეაგირებენ ჩვენ პროტესტზე თუ წუხილზე. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, საუბარი და გეგმები არაჩვეულებრივი იყო, მთავარია დაველოდოთ საქმეს და მე იმედი მაქვს, რომ ანალოგიურად განვითარდება საქმეც, როგორც იყო საუბრისას. ჩვენ გვინდა, რომ მათ ვენდოთ და ჯერჯერობით ვაკვირდებით სიტუაციას. ძალიან მალე იქნება უმაღლესი განათლების კონცეფციის წარმოდგენა და სტუდენტებიც უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში და ვიქნებით მთავარი აქტორები იმისა, რომ გავაკონტროლოთ ეს პროცესი. პერმანენტულად მოვითხოვთ აქტიურ რეფორმების გატარებას სამინისტროს მხრიდან. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ – მათ შორის დაფინანსების, ხარისხის კონტროლზე, ინსტიტუტებისა დაპროფესორების დაბრუნებაზე უნივერსიტეტებში“,– განაცხადა შეხვედრის ერთ–ერთმა მონაწილემ სანდრო ცაგარელმა.

გიორგი არის© ხურცია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები