სულ სხვანაირი გამოცდები

სტუდენტური ცხოვრება

წარმოიდგინე, რომ ხვალ გაქვს გამოცდა, რომელიმე ფრიად მნიშვნელოვან საგანში. მოკლედ მისი ჩაბარება ამ სემესტრის სამკვდრო–სასიცოცხლო ამბავია. ჰოოდა, თუკი შენ მიეკუთვნები სტუდენტთა უმრავლესობას, შენი ასოციაციები იქნება ასეთი: ძალიან გეზარება, ცოტა გეშინია და მაქსიმალურად წელავ დროს წიგნამდე/კონსპექტამდე მისასვლელად. აკეთებ ყველაფერს უაზროდ და უმისამართოდ, ოღონდ კი მეცადინეობის დაწყება კიდევ ერთხელ გადადო. როდესაც უკვე კარგად ღამდება და მასალის გადაშლას აღირსებ, ისე გეძინება, რომ რასაც კითხულობ, ნახევარს ვეღარც იაზრებ… წიგნებზე ჩაძინებულს მაღვიძარა გაღვიძებს და ასე ნახევრად მომზადებულ–გამოძინებული მიუყვები გამოცდისკენ მიმავალ გრძელ (მოკლეც რომ იყოს ფუნდამენტურად მაინც გრძელ) გზას.

მერე იწყება გამოცდაც, დამკვირვებლები გიქმნიან უარყოფით აურას, წერაც გეზარება და თან ნაწილიც გავიწყდება რაც იცოდი და სრულიად უკმაყოფილო და მრავალტანჯული სახით ტოვებ აუდიტორიას.

Tamo Bidzinashviliiii

თამო ბიძინაშვილი (თსუ, მეოთხე კურსის სტუდენტი): გამოცდებში და ამისთვის დილით ადრე გაღვიძებაში არაფერია კარგი, მე პოზიტივს ვერ ვხედავ. ერთადერთი რაც შეძლება დადებითი დავინახოთ არის ის, რომ ექსტრემალურ სიტუაციბში გადაწყვეტილების მიღებას გამოიმუშავებ, რადგან როდესაც იცი რომ ერთი დღე გაქვს გამოცდამდე ყველა ხერხს მიმათავ, რომ საქმე გაიადვილო და ჩააბარო კონკრეტული საგანი“.

მოკლედ ესაა საშუალო სტატისტიკური სტუდენტური გამოცდის კარიკატურა. ალბათ ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც სიტყვა „გამოცდის“ ხსენებაზე პოზიტიური ასოციაცია გაუჩნდება.

დადებითი შეიძლება გაიხსენო გონების დაძაბვის, ფიქრისა და ძალდატანების შემდეგ. ჰოდა, ჩემი სტატიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მინდა ყველამ ერთად კარგად დავძაბოთ გონება და გავიხსენოთ ყველაფერი სახალისო და დადებითი, რაც შეიძლება გამოცდებს უკავშირდებოდეს. დამიჯერეთ, თუ ამას შეძლებთ და ამ ერთი შეხედვით სრულიად უარყოფით მოვლენასაც მოუძებნით რაღაც კარგს, მისთვის მომზადებაც უფრო გაგიმარტივდებათ, ჩაბარებაც და უკეთესი შედეგების მიღებაც, თანაც ისე, რომ საერთოდ აღარ ინერვიულებთ.

Sopo Kenia

სოფო ყენია (თსუ, მეოთხე კურსის სტუდენტი): „დადებითი? აი მაგალითად, თუ მოგწყურდება და საგამოცდო აუდიტორიაში აპარატში წყალი დაგვხვდება ხო გიხარია? მაგრამ ჯერ სად ხარ. თუ წყალთან ერთად ჭიქაც დაგხვდება შენი სიხარული ორმაგდება. კიდევ შეგიძლიათ ხალხზე დაკვირვებით გაერთოთ. ზოგს ხომ უდევს 10-10 კონსპექტი მაგიდაზე, დამკვირვებლები ეუბნებიან გამოიტანეთ კონსპექტები გამოცდა იწყებაო, ესენი კიდევ ბოლო წამებშიც ვერ ეშვებიან კითხვას. ჰოოდა მოდის დამკვირვებელი და ართმევს, სტუდენტიც თავის მხრივ ებღაუჭება, როგორც კატა ძეხვს“.

ახლა ისევ წარმოიდგინეთ, რომ ხვალ გაქვთ გამოცდა და იფიქრეთ შემდეგი ლოგიკით: რაც არ უნდა მნიშვნელოვნად ჩანდეს საგანი, ჩვენი განწყობა მაინც უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ საგანი არის მორიგი და ჩვეულებრივი. შენ უკვე ნაკლებად გეზარება და საერთოდ აღარ გეშინია. როგორც კი ახერხებ, მაშინვე მიდიხარ წიგნებამდე და კონსპექტებამდე და სანამ მასალას არ წაიკითხავ სხვა საქმეებს დროებით თავს ანებებ. 2–3 საათში ამჩნევ, რომ სამეცადინო უკვე აღარ გაქვს, შეგიძლია საღამო მეგობრებთან ერთად გაატარო, ფილმს უყურო ან ნებისმიერი სხვა სასიამოვნო საქმიანობით დაკავდე. ღამეც საკმარისად გძინავს, მაღვიძარაც ისე უარყოფითად აღარ მოქმედებს შენზე, გამოცდამდე გზაც მოკლდება. მერე იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი, ნახულობ იმ კურსელებსაც, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავს და გიხარია. კონსპექტებით ხელში მაგიდასთან უშედეგოდ ჯდომის ნაცვლად, გამოცდის დაწყებამდე ადამიანებს ეკონტაქტები და შენი განწყობაც ერთი–ორად მაღლდება. მერე სრულიად უმტკივნეულოდ იწყება და მიმდინარეობს გამოცდაც.

Rusa Gogisvanidzeშენ ხომ ამჯერად აღარ ღელავ და წერ ყველაფერ იმას, რაც იცი და რაც გინდა რომ დაწერო. დამკვირვებლებიც (როგორც არ უნდა მოიქცნენ), ისე „სასტიკად“ აღარ გეჩვენბა და ყველაფერი მიმდინარეობს ბუნებრივად და მარტივად. გამოცდის დასრულების შემდეგ კი აუდიტორიას ღიმილით ტოვებ (შენ ხომ ერთით ნაკლები გამოცდა დაგრჩა დასაწერი!!!) და ისევ კურსელებთან საუბარს განაგრძობ (ოღონდ არა საგამოცდო საკითხებზე!!!).

რუსა გოგისვანიძე (თსუ, მეოთხე კურსის სტუდენტი): „გამოცდებისთვის ძირითადად ყოველთვის მომზადებული ვარ ხოლმე. თუმცა თუ მოხდა ისე, რომ სწავლა ვერ მოვასწარი, ნამდვილად არ ვნერვიულობ და არც სტრესულ სიტუაციაში ვვარდები. ყველაფერი ძალიან მარტივია, ტესტის შემთხვევაში იმოქმედე გამორიცხვის მეთოდით, თემის შემთხვევაში კი წერე რაც გინდა და ეხება ან არ ეხება მოცემულ თემას. ცარიელი ფურცლის დატოვებას ნამდვილად ასე სჯობს და შეიძლება გაგიმართლოს. ასე რომ, სანერვიულო მართლა არაფერია“.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]<P

მოკლედ, გამოცდებში კატასტროფული არაფერია და როგორც თითქმის ყველაფერს, მასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები. მთავარია დარწმუნებული იყო, რომ ჩააბარებ და თუ ვერ ჩააბარებ, არც ეგაა პრობლემა. ნამდვილ სტუდენტობას ხომ ისე ვერ შეიგრძნობ, თუ ერთი გამოცდა მაინც არ გაქვს ჩაფლავებული.

ავტორი: სალომე მუმლაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები