Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

არის თუ არა უნივერსიტეტებში თეორიულთან ერთად პრაქტიკული სწავლება

არის თუ არა უნივერსიტეტებში თეორიულთან ერთად პრაქტიკული სწავლება
December 23
12:27 2014

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა სტუდენტისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემას ახერხებს და ცოტა თუ ფიქრობს, რომ მას თეორიულად ათვისებული საგნის პრაქტიკულად გამოყენებაც ასწავლოს. თავად სტუდენტები კი, ისევე, როგორც დარგის სპეციალისტები, თანხმდებიან, რომ სრულყოფილი განათლება ორივე კომპონენტის ერთობლიობით განისაზღვრება და თეორია, მრაქტიკის გარეშე თითქმის ნულის ტოლია.

რთულია, მაგალითად, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტს სპეციალობა მხოლოდ თეორიულად ასწავლო.

რთული აღმოჩნდა ქეთისთვისაც პირველად “ნიუსის” დაწერა და იმის აღიარება, რომ უნივერსიტეტში უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტმა, სინამდვილეში სპეციალობაში არაფერი იცოდა. ალბათ, ჯობდა, სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტიკის ისტორიის სწავლის ნაცვლად, ან თუნდაც მის პარალელურად ესწავლებინათ ის, თუ როგორ უნდა შეექმნა ისეთი ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც ამ ქვეყნების წამყვან ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდვის ღირსი იქნებოდა.

უნივერსიტეტში პრაქტიკის არარსებობაზე საუბრობს “სტუდენტურ ამბებთან”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ლიზი არსოშვილი.

„ძირითადი სპეციალობა ევროპისმცოდნეობა მქონდა, მეორადი კი ჟურნალისტიკა. ჟურნალისტიკაზე მხოლოდ თეორიას მასწავლიდნენ და იმ ლექციაზე, სადაც ნიუსი უნდა მეწერა, ორი თუ სამი ინტერვიუ დაგვაწერინეს, ისიც კითხვები ერთმანეთს დავუსვით. რაც შეეხება ევროპისმცოდნეობას, არ იქნებოდა ცუდი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან გვქონოდა შეხვედრები. მხოლოდ ევროკავშირის სტრუქტურისა და ისტორიის ცოდნა არ კმარა”, – ამბობს ლიზი არსოშვილი.

უნივერსიტეტში ამ მხრივ ვითარება მნიშვნელოვნად დღესაც არ არის  შეცვლილი. “სტუდენტური ამბები” ამ საკითხით დაინტერესდა და გადაწყვიტა გაერკვია, დღეს თუ უზრუნველყოფენ უნივერსიტეტები სტუდენტებისთვის თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობასაც და რა სახე აქვს მას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტი სტუდენტების ნაწილს ე.წ. პრაქტიკებზე სხვადასხვა დაწესებულებებში უშვებს, თუმცა ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს და მათი რაოდენობა ძალიან მცირეა, რადგან შესაბამის ორგანოებს სტუდენტთა დიდი ნაკადის მიღების საშუალება არ აქვთ.

სპეციფიკიდან გამომდინარე ამ მხრივ ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა თინა ჩიქოვანმა “სტუდენტურ ამბებს” უთხრა, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს 1-ლსა და მე-2 კურსზე პოლიკლინიკებში კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ასათვისებლად უშვებს, ხოლოდ მე-3 და მე-4 კურსიდან სტუდენტები ზოგადი ქირურგიისა და პროპედენტიკის მიმართულებას ყოფილი ალადაშვილის კლინიკასა და პირველ საავადმყოფოში გადიან. მე-5 კურსიდან კი სწავლება ძირითადად კლინიკურ ბაზებზეა დამყარებული.

სამედიცინო უნივერსიტეტის მსგავსად, თეორიულ სწავლებასთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ მეცადინეობას აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებში. როგორც “სტუდენტურ ამბებს” უნივერსიტეტების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა კოკაიამ უთხრა, ორივე უნივერსიტეტში, ყველა მიმართულებაზე სტუდენტს თეორიული ცოდნის დაუფლებასთან ერთად, შესაძლებლობა აქვს პროფესიული უნარები პრაქტიკულად გაიღრმავოს, რაც მათ დასაქმებას მაქსიმალურად უწყობს ხელს.

“აგრარულ უნივერსიტეტში, მაგალითად ვეტერინარიის ფაკულტეტზე, სტუდენტი პრაქტიკულ სწავლებას უნივერსიტეტისვე ვეტ-კლინიკაში გადის, სადაც პროფესიონალ ვეტერინართან ერთად სწავლობს ცხოველებთან მუშაობას. ისინი პროფესიონალი ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ მაქსიმალურად არიან ჩართულები ცხოველების სამკურნალო პროცესში. რაც შეეხება თავისუფალ უნივერსიტეტს, მაგალითისთვის, სამართლის სკოლის სტუდენტები უნივერსიტეტში სამართლის კლინიკებში გადიან პრაქტიკულ სწავლებას, სადაც ისინი გამოცდილი ადვოკატების ზედამხედველობის საფუძველზე  უფასოდ ემსახურებიან მოქალაქეებს, კერძოდ უწევენ სამართლებრივ კონსულტაციებს და წარმოადგენენ მათ ინტერესებს სასამართლოში. სამართლის სტუდენტები ასევე სხვა და სხვა ორგანიზაციაში გადიან სავალდებულო სტაჟირებას. ბიზნეს სკოლის სტუდენტები კი აუცილებელ სტაჟირებას გადიან სხვადასხვა კომპანიებში. ასევე, მათ შეუძლიათ ერთ-ერთი არჩევითი საგნის ფარგლებში შექმნან საკუთარი ბიზნესი, პროექტი, გეგმა, ხარჯები. ეს ერთ-ერთუ მთავარი მიზეზია იმის, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 97% შეადგენს, რაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მონაცემია”,- განმარტა ბექა კოკაიამ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების პროცესი თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებსაც გულისხმობს. მით უფრო, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე, სადაც სტუდენტთა პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, თსუ-ს თანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული სხვადასხვა მედიასაშუალებასთან. მათ შორის: საზოგადოებრივ მაუწყებელთან, „რუსთავი-2-თან“, “ერთსულოვნებასთან“, რადიო „ფორტუნასთან“, ჟურნალისტთა რეგიონულ ასოციაციასთან და ა.შ.

განათლების საკითხებში ექსპერტთა აზრით, დღეს უნივერსიტეტებში პრაქტიკული სწავლება არასაკმარისია. აქა იქ გამონაკლისების მიუხედავად, საერთო სურათი არასახარბიელოა. პრაქტიკული სწავლება გაცილებით მნიშვნელოვანია და შესაბამისად, აღნიშნულს ყურადღება უფრო სერიოზულად და უფრო მასშტაბურად უნდა მიექცეს.

და მაინც ისეთ პოპულალურ სპეციალობებზე, როგორიცაა ჟურნალისტიკა, იურიდიული, ტურიზმი, მენეჯმენტი და ა.შ თეორიულ სწავლებასთან ერთად მათთან პრაქტიკულად შეხებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ამბობენ, სწორედ გამოცდილებასა და პრაქტიკასთან ერთად მოდის იმაზე მეტი ცოდნა, ვიდრე ამას მხოლოდ თეორიული სწავლება ითვალისწინებს.

რა ვითარებაა ამ მიმართულებით თქვენს უნივერსიტეტში? მოგვიყევით თქვენი პრაქტიკის შესახებ 🙂 

ავტორი: ქეთი არის© გიგოლაშვილი

656 ნახვა
Tags
Share

About Author

taaa

taaa

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2014
M T W T F S S
« Nov   Jan »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031