ევროპეიზაცია ქართულად

ARIS ბლოგერი

სალომე საგინაშვილი

„აწმყო შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავლისა“ – ამ ყველასათვის ნაცნობმა ფრაზამ საკუთარი არსი და რაობა XXI საუკუნეში რატომღაც ვეღარ შეინარჩუნა, დავიწყებას მიეცა. არადა რიგით ქართველს  რომ ჰკითხოთ, შეურაცხყოფად მიიღებს ,  დამცირებული სახით გისაყვედურებთ, რომ ზემოთხსენებული სიბრძნე მისთვის ფასდაუდებელი და ძვირფასია.

რა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე: ვენახები უჩეხიათ, უცხოეთში ძალად წაუყვანიათ მშობლიური მიწიდან აყრილი შვილები და მაინც მათ მეხსიერებაში დარჩენილა დედა-სამშობლო – საოცნებო,  სანატრელი. თქვენ იცით, რომ ფერეიდნელ ქართველებს სწამთ, თუ ცისარტყელის ბოლოდან „გამაიჭვრეტენ“, მონატრებული მიწის სურნელს იგრძნობენ.  ეს სამშობლოს მონატრებაა. დღეს წინაპართა თავდადებული სიყვარული და გმირობა გაზვიადებულ არაკად გვეჩვენება, ისე დავშორებივართ მათ.  ეს ის სამშობლოა, სადაც დედა ქუდზე კაცს ზრდიდა და ომში მიმავალს აბარებდა: „ზურგში დაჭრილი ნუღარ დაბრუნდები, ბრძოლის  ველზე სისხლის ბოლო წვეთამდე მედგრად იდექიო.“ ეს ის ქვეყანაა, სადაც ღალატი ყველაზე დიდ უზნეობად ითვლებოდა და სადაც კაცური სიტყვის უტყუარობას ულვაშის ღერითაც კი ამოწმებდნენ. დღეს უნდობლობა, გაუტანლობა, ნიჰილიზმი მოგვძალებია და ჩვენს წალეკას ლამობს. ეს ღვთის ერთგული მიწაა და თავის რწმენის  მოწმედ თუნდაც ასი ათასი ქართველის თავდადებაც ეყოფა, რომ აღარ ჩამოვთვალოთ მოწამე მეფე-დედოფალთა, ღვთისმსახურთა  თუ  აზნაურთა   დიდი დასი.

თანამედროვეობაში ეს ყველაფერი  რატომღაც  იაფად შევაფასეთ, ძალიან იაფად.

ბევრი რამ გვეამაყება ქართველობას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავმოსაწონი მართლაც ბევრი გვაქვს. არსებობს ასეთი სიბრძნე: „ადამიანი საკუთარ თავში კარგს  გაცილებით მეტს ხედავს, ვიდრე ცუდსო.“ არც ქართველები ვართ ამ ცნებისადმი მწყრალად განწყობილნი.

„ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს.“ – ეს ანდერძია, რომელსაც ღირსეულად პატრონობა სჭირდება. თუმცა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული ეს ყოველივე, რადგან საქართველო დღეს  საკუთარი   თავის  რეალიზებას, წარმოჩენასა და გეოპოლიტიკურ  ადგილს  ევროპულ, ევროატლანტიკურ ჭრილში  ხედავს და  არა   ევრაზიულ  ან  პოსტსაბჭოთა  სივრცეში.  რამდენი   ადამიანიცაა  ჩვენს  ქვეყანაში, დაახლოებით იმდენივე   აზრს   მოისმენთ  ამ საკითხის  ირგვლივ: რამდენად გვჭირდება ჩვენ ევროპული გზის არჩევა, ანდა რა ფასეულობები უნდა „ვისესხოთ“ მათგან.

მახსენდება  ზურაბ  ჟვანიას   წარმოთქმული ფრაზა, 1999 წლის 27 იანვარს,  ქ. სტრასბურგში   ევროსაბჭოს  გენერალური  ანსამბლეის  სხდომაზე:  „მე   ვარ  ქართველი და  მაშასადამე,  ვარ  ევროპელი!“  მას შემდეგ აგერ უკვე 15 წელი გავიდა. ამ სიტყვების ავტორი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ თავად ფრაზა არ კარგავს აქტუალობას.

როდესაც   ევროპაზე   ფიქრს   ვიწყებ, ჩემი  აზროვნება ორი  მიმართულებით იშლება: პირველი ღირებულება, რომელიც ევროპასთან ასოცირდება,  არის   განათლება,  რადგანაც   ჩვენ   საბჭოთა   კავშირის   ჩრდილში დიდხანს  ვცხოვრობდით. მეორე, მიჩნდება   უკამყოფილების  და   სინანულის  განცდა, რომ  ისტორიულმა  ვითარებამ  ევროპული  განვითარების კვალი აგვირია. მიუხედავად ამისა,  მგონია, რომ   ავბედითობამ   და   მრავალსაუკუნოვანმა   ჟამიანობამ  საქართველოს  ისტორიაში  თავისი   დადებითი   როლი   მაინც  ითამაშა  და  ქართველ ერს  სასიცოცხლოდ   მნიშვნელოვანი  თვითმყოფადობის  მძაფრი  განცდა  ჩამოუყალიბა.  მიმაჩნია, რომ დღეს   ორი   მიმართულება   უშლის   ხელს  ჩვენს  სრულფასოვან,  ევროპულ   პოლიტიკურ  და   იდეურ  ინტეგრაციას:

ადამიანები, რომლებსაც ვერ, ან არ აქვთ კარგად გააზრებული ევროპული ფასეულობები,  ეროვნულ   საფრთხედ   აღიქვამენ   ინოვაციებს,   სიახლეებს  და ზოგადად,   ყველაფერ  სიახლეს, რამაც   ჩვენი   ქვეყანა   განვითარების   გაცილებით მაღალ   ეტაპზე   უნდა  მიიყვანოს. რაც   შეეხება  მეორე   მიმართულებას, მგონია, რომ  მისი   მიმდევრები,  არც  თუ   ისე  ბევრნი არიან.  თითქოს ცდილობენ, ძველი ტრადიციები, ადათები და წეს–ჩვეულებები დავიწყებას არ მიეცეს. კარგია. ჩვენ ხომ მდიდარი ისტორიის და ღირსეული წარსულის მქონე ერი ვართ.  თუმცა დროთა ცვლა ცხოვრებაა. ეს  კი  მსოფლმხედველობის მკვეთრ მეტამორფოზას იწევს. ლოგიკურია, საუკუნეების  წინ   ჩამოყალიბებული  ტრადიცია  დღეს, XXI  საუკუნეში,   აქტუალურობას დაკარგავს,  გახუნდება  და   მალე   დავიწყებას   მიეცემა.  არის   ტრადიციები,  რომლებიც არასოდეს,  არცერთმა    ჩვენგანმა   არ   უნდა   დაივიწყოს   და  არის ისეთებიც, ზურგი რომ ვაქციოთ, არაფერი დაშავდება, პირიქით, ჩვენი ერი ბევრად წინ წაიწევს.

 არავის ეგონოს, რომ თითქოს „ტრადიცია“ დრომოჭმული სიტყვაა და მისი გამოყენება სირცხვილია.

ევროპეიცაზია,  პირველ რიგში,  ჩვენი  ქვეყნის   განვითარებას  გულისხმობს. მწამს, რომ   ევროპას  ისეთი  საქართველო  სჭირდება, რომელიც  მას  ბრმად კი არ მიბაძავს, არამედ  რაღაცას  შესთავაზებს, რაღაც    ახალს,   შუალედურს   ტრადიციასა  და  ინოვაციას შორის. კოპირებული საზოგადოება ევროპისთვის უბრალოდ საინტერესო და პროდუქტიული  ვეღარ  იქნება.

ჩემი  ევროპული იდეალი არის სწორედ გონიერი, საღად მოაზროვნე, თავისუფლების, ინდივიდუალიზმის  და   შემწყნარებლობის  იდეალებზე  დაფუძნებული მტკიცე  საზოგადოება,  რომელსაც  არც  მომავალი  გადაგვარების  ეშინია და არც წარსულის დაკარგვის. მე  მგონია,  რომ  არცერთი  ეს   ღირებულება   მიუღებელი  არ  არის ქართული   საზოგადოებისთვის. თანაც, სულ არ ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად მათი აზროვნების   ქვეშ  უნდა მოვექცეთ. ერი საკუთარი ინდივიდუალიზმით ფასდება, იმ ღირებულებებით, რომლითაც  ის  სულდგმულობს. სწორედ   ამიტომ  იბრძოდნენ,  ამიტომ ირწყვებოდა სისხლით საქართველოს მიწები, რომ ჩვენი რაობა გვქონოდა შენარჩუნებული. სწორედ თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის  გაგებამ შეგვანარჩუნებინა   საკუთარი თავი.  დღეს   კი   ეგოისტური  ინდივიდუალიზმის   ტალღამ შეიძლება   შთანთქას   მხოლოდ   ის   ადამიანები, რომელთაც  მარტოდენ    პირადი   კეთილდღეობა  სურთ  და    თავისუფლებას  იგებენ    მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის   თავისუფლების  კონტექსტში.

რაც   შეეხება   შემწყნარებლობას,   მგონია, რომ   სიტყვა “ტოლერანტობის” გამოყენება  უფრო   ხელოვნურ  ელფერს  ატარებს. დიახ, ევროპასაც  სჭირდებოდა მისი სწავლება   და  სწორად  გააზრება. ინგლისელმა   მოაზროვნემ  ჯონ  ლოკმა  შემოგვთავაზა   ნაშრომი   ტოლერანტობის   შესახებ. მაგრამ  თეორიები   ვერაფერს  შეცვლის  მანამ,  სანამ   საზოგადოება  რეალურად  არ  დარწმუნდება  რაიმე  პრინციპის საჭიროებაში.

რატომღაც თანამედროვე ახალგაზრდობას „სხვანაირად“ ესმის „ევროპელობა“ და მსოფლმხედველობის მკვეთრ მეტამორფოზას საფუძველი ეყრება. არადა, რაც რეალურად შესაცვლელია ( ჩვენი მანკიერი მხარეები),  მასზე არავინ ფიქრობს, არავინ ქილიკობს და მითუმეტეს, არავინ ცდილობს ფეხი აუწყოს რეალობაზე დაფუძნებულ ყოველდღიურობას.

თითოეულმა მცხოვრებმა უნდა გაიაზროს, რომ  ევროპული ფასეულობები დოგმატურად   სავალდებულო   სულაც   არ   არის.  რაც   „ახლოსაა“   ჩვენთან, რაც  მოგვწონს  და  ვიაზრებთ, შეგვიძლია „ჩვენად“ ვაქციოთ. ჩემი  ევროპული  იდეალი  სწორედ  ისეთი  საზოგადოებაა, რომელიც უპასუხებს ოქროს გამოწვევას:    “შევცვალოთ,  რათა   შევინარჩუნოთ.“

რეალურად,  პრობლემა იმაშია, რომ არ გამომგვდის სხვისი ქუდის მორგება და ვფიქრობ, არც არის საჭირო.  სხვის სამშობლოს სხვა არსი აქვს, შენ სხვა არსში ვერ ჩაშენდები, იმიტომ, რომ განსხვავებულია შენი გენეტიკური კოდი. სხვისი მიბაძვით მხოლოდ უნიჭო ასლები ვიქნებით, ქარის მიმართულებით ადვილად რომ ირწევიან.

განა, რა ფასი აქვს ვან გოგის ნახატის ასლს  მისი ორიგინალის გვერდით?!

 

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ( GIPA)

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები