ცვლილებები  უცვლელად

ARIS ბლოგერი

     ვლადიმერ ორმოცაზე       

თეატრალური წარმოდგენა, რომელიც აგერ უკვე 18 წელია გრძელდება,შეიძლება ითქვას წამყვან პოზიციას არ თმობს, არც მედიასა და არც მაყურებელში. ეს ერთგვარად, დამოკიდებულია რეჟისორებსა და მსახიობებზე,რომლებიც დიდ როლს თამაშობენ წარმოდგენის მუდმივ პოპულარობაში. უცვლელი სცენარი,აღფრთოვანებული მაყურებელი, ტაში და კეთილმოწყობილ კაბინეტებში მოკალათებულ კოლექტივზე დამყარებული იმედი. იმედი,რომელიც უკვე იმდენ ადამიანსა და ხელისუფლებაზე დამყარდა,რომ გაიცვითა, გაძვალტყავდა და სირცხვილია, მისი თრევა კიდევ ვინმეს ვთხოვოთ.

დიდ სცენაზე მოღვაწეობა, ყველა რეჟისორმა, სამართლის აღდგენით დაიწყო. როლში შეჭრილი კი, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა და კანონის აღდგენა კანონის დარღვევით გააგრძელა. მაყურებელმა ერთხელ არ შეიმჩნია,მეორედ და მესამედ კი უკვე ვეღარ შეიმჩნია.იძულებული გახდა, სანამ უკეთესი რეჟისორი გამოჩნდებოდა,ერთი და იმავე წარმოდგენისთვის ეყურებინა.

პირველი რეჟისორის მიერ დადგმული წარმოდგენა ჩაბნელებულ დარბაზში იმართებოდა. რეპეტიციებით დაღლილი მსახიობები როლებს ბოლომდე ვერ ითვისებდნენ და საკმაოდ ბევრ შეცდომასაც უშვებდნენ.მშიერი მაყურებელი კი იძულებით უყურებდა იმ წარმოდგენას, რომლისთვისაც სულ ცოტა ხნის წინ ბოლო კაპიკები გადაიხადა. სპეკტაკლი დიდხანს გაგრძელდა.უკმაყოფილება დარბაზიდან იგრძნობოდა და მალე სცენაზეც ააღწია.ააღწია და თან გაიყოლა ახალი ენთუზიაზმით სავსე რეჟისორი თავისი ახალი იდეებით  და მოწყურებული ჯგუფი,რომელიც 9 წლიან მუშაობას შეუდგა. დარბაზი განათდა,სკამებიც გამოიცვალა,განახლდა სცენაც,მაგრამ წარმოდგენა არ შეცვლილა.ხალხის ყურადღებას მხოლოდ ინტერიერი იქცევდა,თანდათან მათ სცენასაც შეხედეს,შემდეგ სცენარიც გაიაზრეს და მიხვდნენ,რომ ცვლილებები უცვლელად გრძელდებოდა. გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო.სცენაზე იმ ადამიანის აშვება,რომელიც არ გამოირჩეოდა კარგი რეჟისორობით,მაგრამ თეატრისთვის ფული ჰქონდა. ფულმა თავისი ქნა და გუნდი შეიცვალა. დღე 1-ელი, დღე მე-2, თვე მე-6, წელი მე-2 და წელი მე-18. აღმოჩნდა,რომ  ცვლილებები მხოლოდ რეჟისორზე არ მოქმედებდა, იცვლებოდა მსახიობები, გრიმიორები, თეატრის თითოეული წევრი, თუმცა, უცვლელი რჩებოდა მაყურებელი.ახალი კოლექტივი და ახალი ენთუზიაზმით შეპყრობილი მაყურებლები,მაგრამ იგივე სცენარი.ცვლილებები ხომ ისევ უცვლელად გრძელდებოდა.

რა საინტერესოა მათი გარეგნობა, ან რა ცოდნა აქვთ ამ  „ნიჭიერ“ მსახიობებს. შესამჩნევია,რომ მხოლოდ მცირე ნაწილია თავისი საქმის პროფესიონალი, (და რა თქმა უნდა მათზეა დამოკიდებული მთელი სიუჟეტის განვითარება) დანარჩენი კი უბრალო ფეხბურთელები, მსახიობები, მომღერლები და ამ საქმეში არაპროფესიონალი ადამიანები არიან. არ იციან წესები და ამ წესების დაცვა, შესაბამისად, ვერ ქმნიან ახალ წესებს და ვერ ამყარებენ წესრიგს.

წარმოდგენის წარმატება თეატრში მაყურებლის რეაქციითა და ტაშით გამოიხატება. მთავარი შემფასებელი სწორედ ისაა. ისინი წარმართავენ როგორც რეჟისორის ცვლილებას, ასევე წარმოდგენის ხანგრძლივობას.ხალხს რეაქცია თითოეულ არასწორად დადგმულ დეკორაციაზე უნდა ჰქონდეს,რათა ყველამ დაინახოს,რომ ძალა მათშია.მიხვდნენ, რომ სწორედ ამ ძალას უნდა ემსახურონ და პირადი წარმატება ხალხის წარმატებად აქციონ,მაგრამ მანამდე ცვლილებები უცვლელად გრძელდებოდა.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

                                                                                                             

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები