ბედის ანაბარა დარჩენილი სოციალურად დაუცველები

ARIS ბლოგერი

მარიამ გაბისონია

 

ელენე ჯერ მხოლოდ 6 წლისაა, თუმცა ქუჩაში “მუშაობის” გამოცდილება უკვე საკმარისად დაუგროვდა. პატარა გოგონა ყოველ დილით რუსთაველის გამზირზე მოწყალების მისაღებად  დედასთან ერთად გამოდის. დედა ამბობს,რომ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში ხელგამოწვდილი დგომა მისთვის ძალიან მძიმეა,თუმცა განმარტავს, რომ არსებობის სხვა საშუალება უბრალოდ არ აქვს. ლალი გოგინაშვილი შვილის გამოკვებას სწორედ ამ გზით ახერხებს.

ლალი გოგინაშვილი:  ვიცი, რომ პატარა ბავშვთან ერთად ქუჩაში ხელგამოწვდილი დგომა ძალიან ცუდია. ეს ყველაფერი თავიდან განსაკუთრებით მიმძიმდა, მაგრამ როცა მივხვდი, რომ არსებობის სხვა საშუალება უბრალოდ აღარ დამრჩა, გადავწყვიტე მოწყლება გამვლელებისთვის მეთხოვა. 5 წელია კეთილი მოქალაქეებისა და მეზობლების დახმარების იმედად ვარ დარჩენილი.

დედა-შვილის რუტინული „სამუშაო“  საღამოს 9-10 საათზე სრულდება, რის შემდეგაც ისინი სახლში ბრუნდებიან. 15 კვადრატული მეტრი ფართის ოთახში მხოლოდ 1 საწოლი, 2 სკამი და პატარა მაგიდა დგას.ესაა მათი საცხოვრებლის  მთელი ინვენტარი. გაბზარულია კედლები და დაზიანებულია სახურავი,რის გამოც ოთახს აწვიმს. აქ არსებულ სულ რამდენიმე ინვენტარს ზამთარში  მეზობლების ნაწყალობევი ნახევრად დაზიანებული გაზის გამათბობელი ემატება, რომლის მეშვეობითაც  პატარა ოთახის დიასახლისები მკაცრ ზამთარს ებრძვიან. ქუჩაში გამვლელების გარდა დედა-შვილი მოწყალებას სწორედ მეზობლებისგან იღებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი,ნესტან ლონდარიძე,რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს,რომ მსგავს პრობლემასთან დაკავშირებით ძირითადად ორი ფაქტორი იკვეთება. ერთია სახელმწიფოებრივი სტრუქტურების გულგრილობა,ხოლო მეორე –  არასრულფასოვანი კანონმდებლობა. ამას ემატება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პასიურობა მსგავსი ტიპის პრობლემების გადასაჭრელად.

ნესტან ლონდარიძე:  მსგავს პრობლემასთან დაკავშირებით ხშირია სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გულგრილობა.პრობლემას წარმოადგენს არასრულფასოვანი კანონმდებლობაც. გვხვდება ისეთი შემთხვევები,როცა კანონი ასეთი ტიპის ადამიანებს უბრალოდ ვერ იცავს, თუმცა ცალკეული სტრუქტურების პასიურობა ნამდვილად საყურადღებოა.

როგორ ცხოვრობენ  ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა პროგრამაში ვერ ხვდებიან, სხვა საარსებო წყარო უბრალოდ არ აქვთ და ქუჩაში მოწყალების თხოვნა მათთვის ყოველდღიურ წესად იქცა? „ამერიკის ხმის“ ცნობით, ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ სამეთვალყურეოს საბჭოს წევრი,მარინა მაისურაძე ამბობს,რომ ხშირ შემთხვევაში,ასეთი ტიპის ადამიანებს არასაკმარისი იურიდიული დოკუმენტები აქვთ,რის გამოც მათზე ზრუნვა სირთულეებს ქმნის.

მარინა მაისურაძე:  იმის გამო,რომ ხშირად ასეთი ტიპის ადამიანებს არასაკამრისი დოკუმენტები აქვთ,მდგომარეობა ძალზე რთულდება. ჩვენ შეგვიძლია ოფიციალურად აღრიცხულ ოჯახებზე ვიზრუნოთ, თუმცა არიან ოჯახები,რომლებიც საჭირო დოკუმენტების არარსებობის გამო ჩვენს სიებში უბრალოდ ვერ ხვდებიან, ამიტომ მათთვის დახმარების გაწევა პრაქტიკულად არ შეგვიძლია.

გაეროს ფონდის ცნობით, მსოფლიოში ბოლო ორი წლის განმავლობაში  სიღარიბის მაჩვენებელი  შემცირებულია, თუმცა საქართველოში მისი დონე კვლავ საგანგაშოდ მაღალი რჩება. რა ბერკეტებით ზრუნავს სახელმწიფო მსგავსი ტიპის პრობლემების გადასაჭრელად? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი კვლავ არ არსებობს, თუმცა ელენეს მსგავს ასობით სხვა ბავშვზე ზრუნვა აქტუალური მხოლოდ წელიწადში ერთხელ ხდება. პირველ ივნისს,როცა მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს,სხვადასხვა სტრუქტურის მარალჩინოსნები  მათ სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ და დახმარებას აღუთქვამენ,თუმცა დაპირებები კვლავ დაპირებებად რჩება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები