Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„არ გშია, არ გწყურია, არ გცივა, შენ ჟურნალისტი ხარ!”

„არ გშია, არ გწყურია, არ გცივა, შენ ჟურნალისტი ხარ!”
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 16
19:27 2015

ავტორი: მარიამ გაბისონია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

 7ჟურნალისტიკა მისთვის ცხოვრების წესია,სკანდალური სტატიები კი არც თუ  ისე უცხო.კარიერაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე,მისი პროფესიისთვის დამახასიათებელ სირთულეებსა და ზოგადად ქართული მედიის პრობლემებზე, „ალიას“ ჟურნალისტი,ჟანა ასანიძე საუბრობს.

როგორ დაიწყო თქვენი ჟურნალისტური კარიერა?

– შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ  შემთხვევით მოვხვდი ჟურნალისტიკაში. ვფიქრობდი, რომ კარიერა გამეგრძელებინა სამეცნიერო სფეროში მას შემდეგ, რაც ფილოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა დავამთავრე. თემაც კი არჩეული მქონდა. დედაჩემი დღემდე მისტირის იმ მომენტს, როცა ლეგენდებს ვთხზავდი საკუთარი დოქტორობის, შემდეგ კი პროფესორობის შესახებ. დღემდე ვთვლი, რომ დედის ეს სურვილი როგორმე უნდა შევასრულო, თუმცა სხვანაირი მოდიფიკაციით. მეათე კლასში რომ ვიყავი, ,,კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა კრიტიკული სტატია, სადაც რაიონის შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდი მთელ ქვეყანას. ეს იყო იმდენად შოკისმომგვრელი რაიონის დონეზე, რომ თვეზე მეტი სკოლაში არ დავდიოდი, რადგან უხერხულად ვგრძნობდი თავს საკუთარ მამიდასთან, რომელიც რაიონში ცნობილი და აღიარებული პედაგოგი იყო. მერე  მოვხვდი ჟურნალ ,,ალიონში, შემდეგ კი– ,,ჯორჯიან თაიმში“, სადაც შემდგარ ჟურნალისტად ჩამოვყალიბდი და  ადამიანი, რომელიც ერთ რესპონდენტს არ იცნობდა სამსახურის დაწყებისას, წლის ბოლოს უკვე საკმაოდ პოპულარული ვიყავი პოლიტიკოსებს შორის.

– გქონიათ თუ არა ცხოვრებაში ისეთი მომენტი,როცა წამიერად მაინც გინანიათ,რომ ეს პროფესია აირჩიეთ?

– ალბათ ყველას ჰქონია ეს მომენტი, მაგრამ იმდენად დროებითი და წამიერი ყოფილა, რომ დილით გაღვიძებულს ისევ იგივე საქმიანობა დამიწყია. ვფიქრობ, რომ ჟურნალისტიკამ ადამიანად შემქმნა, მე რეალიზებული ქალი გავხდი და სხვა სფეროში ასე კომფორტულად თავს,ალბათ, ვერ ვიგრძნობდი. მთავარია მიაგნო იმ სფეროს, რომელიც შენია. სწორედ ამ ,,შენი სფეროს“ მიგნების მომენტია რთული და დამღლელი ადამიანისთვის.  საკუთარი პროფესია ისე უნდა გიყვარდეს,რომ მაქსიმალურად დაიცალო. უნდა გახსოვდეს, რომ არ გშია, არ გწყურია, არ გცივა, შენ ჟურნალისტი ხარ!

– რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს პროფესიონალი ჟურნალისტი?

– პირველ რიგში, შინაგანი ალღო უნდა ჰქონდეს ძლიერი და თუ ეს ბუნებრივად არ აქვს, ვერც  ვერასდროს შეიძენს. შემდეგ მოდის სიყვარული ამ საქმიანობის მიმართ, რომელიც აუცილებელია და თავდადებასთანაა შერწყმული. როცა შენი პროფესია უალტერნატივოა, მაშინ არ ჩნდება ,,მესამე ძალა“, რომელიც ამ სიყვარულს შებღალავს. ეს ისეთივეა, როცა ცოლ–ქმარი კამათობს და მესამე პირის ჩარევა უკვე ზედმეტია. დაახლოებით ასეთი სიყვარული გაქვს შენი სამსახურის მიმართ. შემდგომ კი გჭირდება ცხოვრების სტილის შეცვლა. დრომ დამარწმუნა, რომ ჟურნალისტობა პროფესია არაა, ცხოვრების წესია და ეს სულ უნდა გახსოვდეს!

 – ამა თუ იმ სტატიას შესაძლოა მოჰყვეს როგორც დადებითი,ასევე უარყოფითი გამოხმაურება.რამდენად რთულია თქვენთვის უარყოფითი დამოკიდებულების მიღება მკითხველის მხრიდან?

– ძალიან მძიმე მომენტია, მაგრამ როცა გაქვს დოკუმენტი სიმართლის სახით და ამ სიმართლეში დარწმუნებული ხარ, ეს უკვე იარაღია ყველა ნეგატიური რეზონანსისგან თავის დასაცავად. თავიდან ძალიან განვიცდიდი იმ მომენტს, როცა ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვებოდა ხოლმე ამა თუ იმ სტატიას, მაგრამ მერე მივხვდი, რომ რაღაც დოზით ამან, პირიქით, დადებითად იმოქმედა ჩემს იმიჯზე. სტატია, რომელიც არ გამოიწვევს რეზონანს, არც არაფრად ვარგა.

– თქვენი სახელი,ხშირ შემთხვევაში,დაკავშირებულია სკანდალურ სტატიებთან.ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა,როცა ვინმე დაგმუქრებიათ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?

– ძალიან ბევრჯერ.ეს იმდენად ხშირად ხდება,რომ სათვალავიც ამერია. ამჯერადაც ვიმყოფები ამ მდგომარეობაში. ხშირად მემუქრებიან „ფეისბუქზეც“, ტექსტი ძრითადად ერთი და იგივეა: ,,დავბრუნდებით ხელისუფლებაში და პირველი შენ მოგხედავთ!“.

– რამდენად რთულია ჟურნალისტისთვის ობიექტურობის შენარჩუნება მაშინ,როცა მიდის ისეთ რესპონდენტთან,რომლის მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს?

– ამ სირთულეს მხოლოდ შენი პროფესიონალიზმით უნდა გაართვა თავი. ობიექტურობას პროფესიონალიზმი გასწავლის, რომელიც ბევრად უფრო მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკოსი, რომლისგანაც ინტერვიუს იღებ. თუმცა, დაგეშილი მწევარივით უნდა იყო ყველა რესპონდენტთან, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია წამოიღო მისგან.

– თქვენი თვალთახედვით, რამდენად პროფესიონალურად ასრულებს თავის საქმეს დღეს ქართული მედია?

– ძალიან უჭირს, რადგან მათი დიდი ნაწილი მარგინალიზებულია. ეს კონკრეტული მედიასაშუალებების ხელმძღვანელების ბრალია, რომლებიც, თავის მხრივ,წარმოადგენენ ხოლმე პოლიტიკურ მხარეს. აქ უბრალოდ ჟურნალისტი იჩაგრება. სწორედ ის ხდება ხოლმე მერე სალანძღავი ობიექტი დაუმსახურებლად.

– რა არის ის მთავარი პრინციპები,რის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს ჟურნალისტმა,რომ ხალხის სიყვარული დაიმსახუროს?

– ობიექტურობა, შეუვალობა, მოუსყიდველობა, რომელიც ქმნის ჟურნალისტის ავტორიტეტს.

– რა რჩევებს მისცემდით მომავალ ჟურნალისტებს?

– თავდაუზოგავ მუშაობაში არის ცხოვრების ხიბლიც და პროფესიული წარმატებაც. სიცხე გაქვს თუ დეპრესია, გაბედნიერდი თუ გაუბედურდი, ყველაფერში უნდა დაინახო ცხოვრების სტიმული–ემსახურო პროფესიას. არ უნდა არსებობდეს რაიმე სხვა მიზეზი, რასაც უფლებას მისცემდი შენთვის ხელი შეეშალა პროფესიულ საქმიანობაში. პროფესია კი, რომელსაც ემსახურები, აუცილებლად მოგემსახურება შენც!

282 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728