Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საზოგადოებრივი გულგრილობა ბოშების მიმართ

საზოგადოებრივი გულგრილობა ბოშების მიმართ
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 16
19:54 2015

ავტორი: ნინო გვასალია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

221 წლის დარინა ბავშვობიდან საქართველოში ცხოვრობს. იგი ბოშაა და როგორც თითქმის ყველა ბოშას,  მასაც ხშირად შეჰქმნია პრობლემები ეთნიკური წარმომავლობის გამო. მას 3 ძმა და ერთი და ჰყავს და მათთან ერთად თითქმის მთელ დღეს ქუჩაში ატარებს, ზოგჯერ ბაზრობაზეა და წვრილმან საქონელსაც ყიდის, მშობლებს ეხმარება. როგორც თვითონ ამბობს, არასდროს უვლია სკოლაში და საზოგადოების მხრიდან დაცინვის ობიექტიც ხშირად გამხდარა.

დარინა: ,,სკოლაში არასოდეს მივლია, არც მქონია ამის სურვილი, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი ხალხის ჩემდამი დამოკიდებულებას, ვხედავდი, რომ  მათ არ მოვწონდი, ზოგი ზიზღით ჩამივლიდა, ზოგიც აგდებულად მეტყოდა რამდენიმე სიტყვას ან მხარს გამკრავდა. თავდაპირველად , როცა მშობლების დასახმარებლად ბაზარში დავიწყე ვაჭრობა, უხეშად მიშორებდნენ თავიდან და აქ მყოფი სხვა გამყიდველებიც ცდილობდნენ გავეგდე, თუმცა  თანდათან გამიცნეს და ახლა შედარებით უკეთესად ვგრძნობ  თავს, მაგრამ, საზოგადოების მხრიდან ჩვენდამი გულგრილი დამოკიდებულება მაინც აშკარაა.“

ბოშათა დასახლებაში მცხოვრები ქართველები აღნიშნავენ, რომ ბოშების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და მათ ახასიათებენ საკმაოდ კომუნიკაბელურ, კარგ პიროვნებებად.

ბოშები საქართველოში  XIX  საუკუნის დამდეგს გამოჩნდნენ  და ამ დროიდან მათი ცხოვრების სტილს და, ზოგადად, ამ ხალხს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს. ზოგს ეშინია მათი, ზოგს სძულს ისინი და ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს  თუნდაც ქუჩაში მათ გვერდით ჩავლას.  გარდა საზოგადოების მხრიდან გულგრილი დამოკიდებულებისა, ბოშების უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მრავალშვილიანი ოჯახები ძირითადად ბარაკების მსგავს ერთსართულიან, უფანჯრო სახლებში ცხოვრობენ და  თავის რჩენის ერთადერთ გზას ვაჭრობაში პოულობენ.  ზოგჯერ მკითხაობენ, თუმცა იციან, რომ მკითხაობით საკუთარი თავის და მითუმეტეს ოჯახის შენახვა შეუძლებელია.

ესენია, დარინას დედა: ,,როცა საქართველოში ჩამოვედით, ვფიქრობდით, რომ  ცხოვრებას უფრო მარტივად განვაგრძობდით, ბავშვები ისწავლიდნენ, ჩვენ, უფროსები, მათ სარჩენად ვიმუშავებდით, ვივაჭრებდით, მაგრამ,  ხალხი ძალიან ცივად დაგხვდა. აღმოჩნდა, რომ აქ სრულიად ზედმეტები ვართ. ადრინდელთან შედარებით ახლა უკეთესი სიტუაციაა, ეს ალბათ იმიტომ რომ ამ უბანში ბევრმა გაგვიცნო, ბევრი შეგვეგუა, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თითოეულ  ჩვენგანს ისე გვიყურებენ თითქოს საშინელი დამნაშავეები და ბოროტმოქმედები ვიყოთ, თავს გვარიდებენ, რაც ძალიან არასასიამოვნო და დამთრგუნველია. ამიტომ გვიჭირს ვაჭრობაც კი. იმისათვის , რომ სოციალური დახმარება ან რაიმე ვაუჩერი მივიღოთ გარკვეული დოკუმენტებია საჭირო, რომლის მოსაგვარებლადაც შესაბამისი თანხები არ გაგვაჩნია, ამიტომაც იძულებულები ვართ უკიდურეს გაჭირვებაში ვიცხოვროთ. “

1სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოშების აღრიცხვა  საქართველოში მხოლოდ 21-ე საუკუნეში დაიწყო, თუმცა  საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 1989 წელს საქართველოში რეგისტრირებული  სულ 1744 ბოშა იყო. მათ შორის: თბილისში – მხოლოდ 53; აფხაზეთში – 412; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 126; ქუთაისში – 251; რუსთავში – 32. მაგრამ ეს მონაცემები დღეს უკვე არ ასახავს რეალობას. 2002 წლიდან საქართველოს მოსახლეობის აღწერის მასალები ბოშების რაოდენობის შესახებ არაფერს გვაუწყებს, სავარაუდოდ კი დღესდღეობით თბილისში 250-300 ბოშა ცხოვრობს.

ბოშათა პრობლემას გარდა ეკონომიკური მდგომარეობისა, განათლებაც წარმოადგენს, რასაც ხელს უშლის  საბუთებისა და პირადობის მოწმომების არქონა, მათ მისაღებად კი ოჯახების უმრავლესობას საკმარისი თანხები არ გააჩნია.

სახალხო დამცველი წერს, რომ განათლების, დასაქმების, უფლებების დაცვის, პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობისა და ჯანდაცვის კუთხით ბოშები ერთ-ერთ მარგინალურ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში: „ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების მიუხედავად, ნათელია, რომ ამჟამინდელი პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ბოშების ჩართულობას პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც გამოიწვევს მათ იზოლაციას არამარტო უმრავლესობისაგან, არამედ ეთნიკური უმცირესობებისგანაც კი“.

დარინა: ,,ჩვენი ოჯახის წევრებიდან  პირადობის მოწმობა მხოლოდ მე და მამას გვაქვს – სულ რამდენიმე თვის წინ ავიღეთ. ძალიან მინდა ჩემმა უმცროსმა და-ძმამ მაინც დროულად შეძლონ საბუთების მიღება, რათა სკოლაში შევიდნენ და შესაბამისი განათლება მიიღონ. მართალია, ადრე მე ამის დიდი სურვილი არ მქონდა, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან ვამჩნევ, რომ  ბავშვმა სკოლაში უნდა იაროს, უნდა ისწავლოს.“

დღესდღეობით, ბოშათა პრობლემების მოსაგვარებლად იგეგმება ბევრი სხვადასხვა პროექტი, რომელზეც მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ინკლუზიური პროგრამების წარმომადგენლები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წევრი, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის კოორდინატორი,  ლელა ცქიტიშვილი ამბობს, რომ სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის წყალობით დღეს უკვე ხდება ბოშა მოზარდების თანატოლებთან  სოციალიზაცია და  მათი ჩართვა სასწავლო პროცესში.

,,მოუგვარებელი  დოკუმენტების გამო რთული იყო ბოშათა სასწავლო პროცესში ჩართვა, თუმცა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით ხდება საბუთების მოგვარება და დღეისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში დადის 110 სასკოლო ასაკის ბოშა მოზარდი. გარდა ამისა, ისინი ადგილობრივ თანატოლებთან ერთად თავიანთი ინტერესების მიხედვით ჩართულები არიან კითხვისა და თეატრალურ კლუბებში, სადაც როლები თანაბრადაა განაწილებული, ეს ყველაფერი კი ბოშების თვითშეფასების ამაღლებას ემსახურება. “- აღნიშნავს ლელა ცქიტიშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ იზრუნოს ბოშების საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე, ხელი შეუწყოს მათი ცხოვრების პირობების ამაღლებას და მისცეს შესაბამისი განათლების უფლება. რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება ბოშათა პრობლემებს და  შეძლებს თუ არა ამ პრობლემების მოგვარებას ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი აუცილებელია, თავად საზოგადოებამ შეძლოს იმ სტერეორიპის დამსხვრევა , რომლის მიხედვითაც ბოშები მხოლოდ  მათხოვრები, უკულტურო პიროვნებები არიან და არა სრულფასოვანი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შრომითა და ძალისხმევით შეუძლიათ იცხოვრონ.

3

551 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728