Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

იმედი „იმედზევე“ კვდება…

იმედი „იმედზევე“ კვდება…
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
February 17
12:50 2015

ავტორი: ნათია ზუბიაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

რა არ უნახავს ქართულ ტელესივრცეს ამ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე – სკანდალური დაპირისპირებები პირდაპირ ეთერში, არარსებული შოუბიზნესის წარმომადგენლების საჯაროდ გამომზიურებული პირადი ცხოვრების დეტალები, პორნოგრაფია, არაეთიკური, პროფესიონალურად „შეფუთული“ გადაცემები,  „ექსკლუზიური“ აღიარებები და სხვა მრავალი. თუმცა, გია სურამელაშვილის ცრემლები იყო მარაზმის მწვერვალი ქართული ტელეშოუების ისტორიაში.

საერთოდ, ნოდარ მელაძის „100 გრადუსი ცელსიუსის“ შემდეგ „იმედი“ თუ კიდევ რამით გამაკვირვებდა, ვერ ვიფიქრებდი. თუმცა, გია ჯაჯანიძის ახალი გადაცემა „სხვა რაკურსი“, რომელიც ზუსტად ისევე ემსახურება სტერეოტიპების დამსხვრევასა და საზოგადოების აზროვნების გათანამედროვება-გაჯანსაღებას, როგორც მისი წინამორბედი ნოდარ მელაძის ხელმძღვანელობით, ნამდვილად კიდევ ერთი აუხსნელი მოვლენაა ჩვენს რეალობაში. ამ დადგმულ სანახაობებზე “ღადაობა-ღადაობაში” კი ქართველი ტელემაყურებლის გემოვნება სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელ შედეგს რომ აღწევს, თვალსა და ხელს შუა გვეპარება ყველას.

მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ლექტორის სიტყვები – მთელი ქართული ტელესივრცე „კიჩურიაო“. თუმცა ის, რასაც ჩვენი ტელეარხები ჩადიან არათუ „ფსევდოხელოვნებისა“ და იაფფასიანი იუმორის საზღვრებს სცდება, არამედ მთელი საზოგადოების წინაშე ჩადენილი საშიში, სასტიკი და გამოუსწორებელი დანაშაულია.

მხოლოდ ერთი, 29 იანვრის ხუთშაბათი საღამო რომ ავიღოთ მაგალითად, საქართველოს ორი ყველაზე რეიტინგული არხი „რუსთავი 2“ და „იმედი“ ერთდროულად გადასცემენ „პროფილსა“ და „სხვა რაკურსს“ და სრულიად საქართველოს „ართობენ“ რაღაც სიტყვებით აღუწერელი მარაზმით – როგორ დაშორდნენ ”სელებრითები“  სატრფოებს (თითქოს ეს ან პირველი ყოფილიყო, ან უკანასკნელი); როგორ ლანძღავენ ერთმანეთს საჯაროდ ახალგაზრდებისათვის სექსუალური ცხოვრების შესახებ რჩევების მისაცემად მიწვეული სტუმრები, რომელთა პირადი ცხოვრების უხამსი დეტალები ყველასთვისაა ცნობილი; გაბოროტებული, გაგიჟებული, არაერთგზის იმედგაცრუებული ჩემნაირი ტელემაყურებელი კი, რომელიც თვალებს ვერ უჯერებს, რომ ასეთი საშინელება უკვე მეათასედ შუქდება მთელი საქართველოს მასშტაბით, უიმედოდ რთავს ტელევიზორს, თიშავს ლეპტოპს, ინტერნეტთან წვდომას, წყდება საერთოდ ყველანაირ თანამედროვე ტექნოლოგიასა და კომუნიკაციის საშუალებას გია სურამელაშვილის „ნიანგის“ ცრემლების დანახვისას. აი, ეს კი ნამდვილად იყო… ეს მართლა არ ვიცი, რა იყო…

რეიტინგების დევნაში ქართველმა ტელეწამყვანებმა, ყოფილმა ჟურნალისტებმა, რომელთაც ნამდვილად კარგად უნდა იცოდნენ ის ყველაფერი, რაზეც მე ვსაუბრობ (გია ჯაჯანიძე რომელ კატეგორიას მიეკუთვნება, ოღონდაც, ვინმემ ამიხსნას), დაკარგეს არა მხოლოდ სახე, იმიჯი თუ პროფესიონალიზმი, არამედ ღირსება და მორალი. ჟურნალისტიკის ყველა თანამედროვე სახელმძღვანელო ახალგაზრდებს იმას ასწავლის, რომ თითოეული ჟურნალისტური პროდუქტი საზოგადოების გამოძახილი უნდა იყოს. მე კი ნამდვილად არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი დონის ტელეშოუები ხალხის სურვილი და დაკვეთაა. თუმცა, მათი რეიტინგები, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ამაზე მეტყველებს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ხუთშაბათი საღამოს ორი მნიშვნელოვანი საათი წამყვანებისა და მაყურებლების მხრიდან ეთმობა სრულიად ამორალურ და უზნეო ადამიანებს. მათი ცხოვრებისეული გადაგვარებული ისტორიები კი, რომელთაც ასე ჯიუტად გვახვევენ თავს, ჩვენს ისედაც შორს წასულ საზოგადოებას კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯით მიაქანებს კაცმა არ იცის, საით…

საზოგადოების ის პატარა ჯანსაღი ნაწილი კი, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ხელჩასაჭიდ იმედს მიტოვებს, თამაშგარე მდგომარეობაშია. უგულებელყოფილია ტელეარხების, ჟურნალისტებისა და წამყვანების მიერ. რა ვქნათ ჩვენ, თუ არ გვაინტერესებს, ვინ ვის „მისცა“, ან ვინ ვის უნდა, რომ „მისცეს“? თუ ჩვენ გვინდა, რომ ტელეარხები თავიანთ რესურსებს შოუბიზნესის განვითარებას ახმარდნენ და აღარ გვსურს, ვისმინოთ ამ მატრაკვეცა, ვითომ თავისუფალი და უკომპლექსო „არტისტების“ ცხოვრება საბნის ქვეშ? თუ გადაგვეწვა უკვე ტვინები ამდენი უვარგისი ინფორმაციით, რომელსაც ჩვენდა უნებურად გვტენიან მუდმივად?

ამ ყველაფრიდან გამომდინარე მხოლოდ ერთი რამ მინდა, დავასკვა – ის მდგომარეობა, რომელშიც ქართველები ვიმყოფებით, არ არის არც ხელისუფლების, არც ეკონომიკური მაჩვენებლების, არც ქართული მენტალიტეტისა თუ ხასიათის თვისებების ბრალი; ჩვენი აზროვნების დაქვეითებაზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ქართული ტელემედია ახდენს, არათუ „კიჩური“, არამედ დამახინჯებული თავისი უზნეო წამყვანებითა და კეთილის მსურველებითურთ.

ახალგაზრდების ენთუზიაზმი კი ქართულ ტელეჟურნალისტიკასთან დაკავშირებით თანდათანობით კვდება. იმედი იმის შესახებ, რომ ოდესმე რამე გვეშველება, სწორედ „იმედზევე“ კვდება!

140 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2015
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728