დღეს რა ვჭამოთ?

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

შესაძლოა ყურადღება არ მიგიქცევიათ და არ ფლობთ ინფორმაციას, რომ  გასული რამდენიმე დღის წინ თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ- მარიოტმა ძალიან საინტერესო შეკრებას უმასპინძლა თემით – ”სიღარიბე საქართველოში – თავისებურებები, გამომწვევი მიზეზები და რეაგირება.” კონფერენციაში მონაწილეობდნენ:  ჯანდაცვის სამინისტრო, ევროკავშირის წარმომადგენლობა (EU) , გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)  და  საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID).

რამდენი ღარიბია საქართველოში? ამ კითხვას პასუხი უკვე აქვს. ბოლო შედეგების მიხედვით საქართველოში 1 მილიონი ადამიანი ღარიბია და 440 ათასი ადამიანი უკიდურესად ღარიბი. ეს რაოდენობა  დამოკიდებულია, თუ რომელ ზღვარს გამოვიყენებთ. იმ ზღვრის მიხედვით, რომელსაც საქართველოს მთავრობა იყენებს, ჩვენ მიერ ზემოთ დასახელებული ციფრი გამოდის. თუ უფრო ჩავუღრმადებით ამ თემას, გავიაზრებთ, რომ ბავშვთა ¼ სიღარიბეში ცხოვრობს. ხშირად სიდუხჭირე  მათი მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბეში დაბადებული ბავშვი, მაღალი ალბათობით, მთელს თავის ცხოვრებას ისევ სიღარიბეში გაატარებს. ადრეულ ასაკში ხელმომჭირნეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი გონებრივი და ფიზიკური დარღვევები, რისგანაც ბავშვები მუდმივად დაიჩაგრებიან. ზემოაღნიშნული გარემოებები განაპირობებს სიღარიბის მომდევნო თაობებისთვის გადაცემის ციკლს.

საინტერესოა, რომ 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 159.4 ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22 ლარით მეტია. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ერთსულიანი ოჯახისთვის 132.2 ლარია საკმარისი, ორსულიანისთვის 211.5 ლარი, სამსულიანისთვის 237.4 ლარი, ოთხსულიანისთვის 264.4 ლარი, ხუთსულიანი ოჯახის არსებობისთვის თვეში 297.4 ლარია განსაზღვრული, ექვსულიანი და მეტისთვის – 351.6 ლარი. აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, არასასურსათო ხარჯების, როგორიცაა კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი – 30%.

თუ  ფოტოს შეხედავთ, უთქმელად მიხვდებით არსებულ სიტუაციას, რომელიც უკვე წლებია პრობლემად რჩება.

სტააღნიშნულის მიზეზი, სხვა პრობლემებთან ერთად არის მოუწესრიგებელი დასაქმების ბაზარი. იუნესკომ გამოაქვეყნა 2012 წლის გლობალური მონიტორინგის ანგარიში – ”განათლება ყველასათვის”. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კვლავაც პრობლემად რჩება განათლებამიღებული ადამიანების დასაქმება. ასეთ ქვეყნებში იუნესკო ავღანეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ირანთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, უკრაინასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, საქართველოსაც მოიაზრებს. იუნესკოს სტატისტიკის მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში განათლებამიღებული ყოველი 8 ახალგაზრდიდან ერთი უმუშევარია, ხოლო ახალგაზრდების მეოთხედზე მეტი დასაქმებულია ისეთ სამსახურში, რომლის ანაზღაურებაც სიღარიბის ზღვარზე ან მის ქვემოთ ცხოვრების თანაფარდია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები