ძალადობა გენდერული ნიშნით

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ ტუხაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

 

ჩვენს ირგვლივ უფრო და უფრო ხშირად გვესმის სიტყვა ,,გენდერი”, ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობა’’, ,,გენდერული უთანასწორობა”.თითქოს ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალსა და მამაკაცს თანაბარი უფლებები აქვთ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი ადგილი უნდა ეკავოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა განსხვავებულია.

ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა საქართველოში კაცის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტები, ზოგი მათგანი ლეტალურადაც კი დამთავრდა. საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა ამ შემთხვევებზე. მათი უმეტესობა აღნიშნავს, თუ როგორ იმატა ქალზე ძალადობამ ბოლო ხანებში, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით ამ შემთხვევებს, აღმოვაჩენთ, რომ მათი დიდი ნაწილი ფიზიკური ძალობის მაგალითს წარმოადგენს, მაგრამ ძალადობა ნუთუ მხოლოდ ფიზიკური დაზიანებით გამოიხატება ?!

არსებობს გენდერული ძალადობის სამი ყველაზე ტიპიური ფორმა: ფიზიკური, სექსუალური და მორალური ( ფსიქოლოგიური). ხშირად ადამიანები შეცდომაში შედიან და უკანასკნელ ორს ძალადობის გამოხატულებად  არ მიიჩნევენ, სწორედ მაშინ ვდგებით ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე.

სამოქალაქო ენციკლოპედია ასეთ განმარტებას იძლევა :

 ,,გენდერული ნიშნით ძალადობა – ტერმინი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალადობის ნებისმიერი ფორმისათვის, იქნება ეს ფიზიკური,  სექსუალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სოციალურ-კულტურული, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და იდენტურობაზე და რომელიც გენდერული უთანასწორობის შედეგს წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ემყარება ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავებებს. გენდერული ნიშნით ძალადობამ შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე, მაგრამ ის არაპროპორციულად დიდ ზეგავლენას ახდენს ქალებსა და გოგონებზე და ამიტომ გენდერული ნიშნით ძალადობა ხშირად დაყვანილია ტერმინამდე ,,ძალადობა ქალების მიმართ”.”

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი თავის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება ძალადობის მსხვერპლი. ყოველწლიურად მსოფლიოში ძალადობის შედეგად იღუპება უფრო მეტი ქალი, ვიდრე კიბოს, მალარიისა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. გენდერის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მაგრამ , უკეთესი იქნება, თუ დავაკვირდებით საქართველოში არსებულ სიტუაციას და ამის მიხედვით გავაკეთებთ დასკვნებს.

  ხალხის დამოკიდებულება ქალისა და მამაკაცის მიმართ, ისევე როგორც ბევრი სხვა არსებითი საკითხი, განპირობებულია გავრცელებული ადათებითა და ტრადიციებით.

ქალი დაბადებიდანვე იქცევა დისკრიმინაციის მსხვერპლად. თუ გავიხსენებთ სელექციური აბორტების რაოდენობას, რომელიც სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ მშობელს არ სურს მდედრობითი სქესის მქონე შვილის დაბადება. მას ურჩევნია ვაჟი, რომელიც მისი გვარის გამგრძელებელი იქნება, მემკვიდრეობით ხაზს ჩაუდგება სათავეში, მის საკუთრებაში არსებული ქონების განმკარგველად იქცევა, რომელიც შეძლებს მის ეკონომიკურ რჩენას და რომელსაც მამა თავაწეულად წარადგენს მეგობრების წინაშე, როგორც საკუთარ  სიამაყეს.

ეს დამოკიდებულება ქალის მიმართ განვითარების შემდეგ ეტაპზეც გრძელდება, მას აქვს გაცილებით მეტი შეზღუდვები, გარშემომყოფნი გაცილებით მკაცრნი არიან მის მიმართ, მას უნდა ახასიათებდეს ე.წ. ,,ქალური ჩვევები”, რომელიც ვინ განსაზღვრა ან ვინ ჩამოაყალიბა, არავინ  იცის, მაგრამ უმრავლესობა ზედმიწევნით იცავს მას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობლებს გოგონა უფრო ნაკლებად უყვართ, ვიდრე მისი ძმა ან ნაკლებად ზრუნავენ მასზე, მაგრამ მაინც ჯიუტად აიძულებენ იმის შესრულებას, რაც ხალხის მიერაა დადგენილი და ხშირად საღი გონების საზღვრებს სცდება. ამას მოწმობს ზედმეტსახელი ,,ქალაბიჭა”, რომელიც არა ერთხელ გაგვიგონია ბავშვებობაში ჩვენი მეგობრების მიმართ წარმოთქმული. მას უწოდებენ გოგონას, რომელსაც ახასიათებს ე.წ. ,,ბიჭური ჩვევები”, რაც გამოიხატება იმაში, რომ ძალიან აქტიურია, მოძრაობს ბევრს, აკეთებს გოგოსთვის შეუფერებელ მოძრაობებს და ჰყავს ბევრი ბიჭი მეგობარი. ერთი შეხედვით, აქ ცუდი, თითქოს, არაფერია, მაგრამ, რატომღაც, ის მაინც გამორჩეული და ზოგჯერ გარიყულიც კია სხვა თანატოლ გოგონათა ჯგუფიდან.

ჩემი რწმენით, გენდერული ძალადობა სწორედ ხალხის მიერ შემუშავებული კანონებიდან მომდინარეობს, რომელიც ბავშობიდან ღრმად გვაქვს ჩანერგილი როგორც წესი, რომლიდან გადახვევაც საზოგადოებიდან გარიყვას მოასწავლებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები