Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ქუთაისური გაზაფხული

ქუთაისური გაზაფხული
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 02
13:12 2015

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

გაზაფხული შემოდის… თითქოს სუსხიანი ზამთრის გამოვლილებს რაღაცნაირი იმედიანი სითბო გვეღვრება გულში და აღტაცებით ვხვდებით ჭირვეულ, მაგრამ მაინც გაზაფხულის პირველ მაცნეს… სითბო პოზიტივის სტიმულს გვიღვივებს და სიცოცხლის ხალისიან ცაში კამარა შეკრული ჩიტივით შეგვიფრთხიალებს გულს… მომწონს გაზაფხული, მიყვარს მისი სიცოხლიანობა, სითბო, ხალისიანობა… თუ დავფიქრდები, რომ არა დანარჩენი, მხოლოდ იმიტომაა დასაფასებელი გაზაფხული, რომ მისი პირველი თვე ორი ლამაზი დღესასწაულით იწყება… იმ ლამაზ ფენომენს ეძღვნება ეს დღეები, რომელიც თვითონაა მთავარი სიცოცხლის საწყისი, გაზაფხულის ყვავილივით ლამაზი და მომხიბვლელი… დედა და ზოგადად ქალი…

თუმცა რა გითხრათ… მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს დღეები ჩვენს საზოგადოებაში მაინც ფორმალურადაა ჩარჩენილი და თანაბრად მაინც ვერ ზეიმობენ ამ ერთადერთ დღეს მაინც ისინი ვისთვისაც ეს დღეები არსებობენ…

ცოტა ხნის წინ ,,ჯაჭვის ხიდზე” გავიარე… აქ ყოველთვის დგანან გარემოვაჭრეები, რომლებიც პურის ფულისთვის რას აღარ ყიდიან… უცებ წვიმა დაიწყო და აფუსფუსდნენ, ერთმანეთს შეძახილებით ამხნევებდნენ… ერთ-ერთ მათგანს შეაგვიანდა და მეორემ აუჩქარეო მიაძახა და ამ დროს მომესმა სიტყვები, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება და საოცარი ეფექტი მოახდინა: ,,ეჰ… რაც მე წვიმაში და ქარში ვმდგარვარ ეს წვიმა რას შემაშინებსო”… ქალი, რომელმაც შვილები უნდა აღზარდოს, ოჯახს მიხედოს, ჩვენს საზოგადოებაში კისერზე აწევს ისეთი უმძიმესი შრომაც, რომელსაც ლუკმა პურისთვის არაადამიანურ პირობებში შრომა ჰქვია…

არასოდეს დამავიწყდება შავებში ჩაცმული შუახანს გადაცილებული ქალი, რომელიც ,,მწვანე მარკეტის” წინ დგას თითქმის ყოველდღე და გამვლელთა დალოცვით ითხოვს მოწყალებას… დღეს განსაკუთრებით სევდიანი მეჩვენა მისი ხმა, ლამის ცრემლიანი სევდა ყელში გამეჩხირა და რაღაც შიგნიდან მომაწვა… აქაც ქალი მოწყალებას ლუკმაპურისთვის ითხოვდა…

,,არ განადიდო, არ განადიდო ქალის სილამაზე”… ,,ბიბლიაში წერია, ქალის სილამაზე ნუ იქნება კაცისთვის საცდურიო”… ,,დამეხმარე ქრისტე ღმერთო, მე შენ მამობრივად მიყვარხარ”…. ამ სიტყვების ავტორიც ქალია… გუშინ სამარშუტო ტაქსში ჩავჯექი. თავიდან მეგონა რომ ვიღაც ტელეფონზე საუბრობდა, მაგრამ მალევე ყურადღება მიიქცია უკანა სავარძელზე დამჯდარმა ქალმა, რომელიც ალბათ სულიერად ავადმყოფი იყო, ან კიდევ ჩვენ ვართ მისთვის, საზოგადოება, სულიერად ავადმყოფები… ერთიდაიგივე სიტყვები აეჩემებინა და გაიძახოდა: ,,არ განადიდო ქალის სილამაზე… მე მამაკაცებს მკაცრად შევცქერი… დამეხმარე ქრისტე ღმერთო…”

გაზაფხული… ქუთაისური გაზაფხული… ვიღაცისთვის ბედნიერებით აღსავსე, ვიღაცისთვის ტრაგიკული და კიდევ მორიგი ჩვეულებრივი დღე, თვითგადარჩენის საბრძლო ასპარეზად… ვიღაც კიდევ საერთოდ ვერ ესწრება ამ გაზაფხულს…

გაზაფხული ყოველთვის გაზაფხულია…ასე იყო ქვეყნიერების დასაბამიდან და ასე იქნება დასალიერამდე, მაგრამ მე მინდა ჩვენი საზოგადოების ყველა ქალბატონი ბედნიერი ღიმილით შეეგებოს წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს… შრომით დაღარული სახე და ხელები სიხარულის ემოციამ ჩაანაცვლოს და ყველამ, სუულ ყველამ დავაფასოთ მათი არსი.

397 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031