სახელმწიფო უწყებებში სტუდენტების სტაჟირებისთვის რეგისტრაცია 16 მარტიდან დაიწყება

საინტერესო ფაქტები

სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა მეორე ნაკადის რეგისტრაცია 16 მარტიდან დაიწყება.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, საკუთარი მონაცემები განათავსონ ელექტრონულ ბაზაში, ვებ-გვერდზე – www. stajireba.gov.ge.

2014 წლის სექტემბერში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1351 სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა, რომელთაგან სხვადასხვა მიზეზთა გამო (პირადი განცხადების საფუძველზე სტაჟირებაზე უარი, სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობა, სტაჟირების არასაპატიო გაცდენა და ა.შ.) სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა წარმატებით დაასრულა 908 სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა.

აღსანიშნავია, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლის შემდგომ სტაჟირების ადგილზე – სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, შრომითი ხელშეკრულებით 49 სტაჟიორი დასაქმდა.
საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო სამსახურის ბიუროსა და 28 აკრედიტებულ უნივერსიტეტს შორის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.

საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლიდან დაიწყო. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება და საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს გაეცნონ. პრემიერის ინიციატივის მიზანია, სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და გაუმჯობესების საშუალება მიეცეთ. საჯარო უწყებებში სტაჟირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებისთვის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები