ტერორიზმის ამხსნელი ფაქტორები (სტუდენტური კონფერენცია)

საინტერესო ფაქტები

“სტუდენტური ამბები” წარმოგიდგენთ ტერორიზმის თემაზე გამართული კონფერენციის პირველ გამარჯვებულ ნაშრომს – “ტერორიზმის ამხსნელი ფაქტორები”

ავტორები: მარიამ შარია – თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საზოგადოებრივი გეოგრაფია, მეოთხე კურსი და სოფიკო უთრუთაშვილი – თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსი.

* * *

ტერორიზმი ისეთი სახის დანაშაულია, რომელიც ერთდროულად ხელყოფს რამდენიმე სიკეთეს, იქნება ეს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უშიშროება, სახელმწიფო უსაფრთხოება თუ მსგავსი რამ. ამასთანავე, ინფორმაციული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით ტერორისტული ორგანიზაციები გაცილებით მოქნილი და ეფექტური გახდა, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ რეგიონსა და ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. შესაბამისად, აუცილებელია ტერორიზმთან ბრძოლა და მისი უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირება. ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების განხორციელება კი შეუძლებელია მისი ამხსნელი ფაქტორების გაგების გარეშე. ამიტომ, მნიშნელოვანია ტერორისტების მოტივებსა და მიზნებში გარკვევა, მათი ქმედებების წამახალისებელი და მხარდამჭერი გარემოებების შესწავლა და ანალიზი. მიუხედავად იმისა, რომ თემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ტერორიზმის  კვლევა გართულებულია, მაინც არსებობს გარკვეული სახის ემპირიული მასალები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია დასკვნების გამოტანა.

ადამიანები განსხვავებული გზებით, სხვადასხვა მიზეზების გამო და  სხვადასხვა დანიშნულებისთვის  ხდებიან ტერორისტები. მრავალფეროვანია ტერორისტული ორგანიზაციებიც.  მაგალითად, არსებობს ნაციონალისტ–სეპარატისტული დაჯგუფებები: ირლანდიის რესპუბლიკური არმია (IRA), ბასკების სამშობლო და თავისუფლება (ETA), თამილ ეელამის განთავისუფლების ვეფხვები (LTTE), PKK; მემარცხენე ტერორისტული ჯგუფები: წითელი ბრიგადები (BR), წითელი არმიის ფრაქცია (RAF), ნათელი გზა (SL), კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები (FARC); რელიგიურ–ექსტრემისტული ტერორისტული ორგანიზაციები: ჰეზბოლა, ჰამასი, ალ–ქაიდა და სხვა.  როგორც ვხედავთ, ჩამოთვლილ სიაში აღინიშნება როგორც გეოგრაფიული ადგილმდებაროებების გაფანტულობა (ირლანდია, ესპანეთი, ახლო აღმოსავლეთი, იტალია, გერმანია, პერუ, კოლუმბია), ასევე  თვისობრივი ნიშნით კლასიფიკაცია. ტერორისტული დაჯგუფებების ტიპოლიგია ასახავს მათი წარმომქმნელი წყაროების მრავალფეროვნებას. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ თითოეული ორგანიზაციის არსებობას ერთი ფაქტორი განაპირობებს, რომ მათი მოტივაციები და დამოკიდებულებები ერთი და იგივეა. თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტერორიზმი პოლიტიკური ძალადობის განსაკუთრებული სივრცეა და მისი მეშვეობით სურთ პოლიტიკური, იდეოლოგიური და რელიგიური მიზნების მიღწევა.

ძალადობის გაგებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მიღწევები და თეორიები აგრესიის შესახებ: ინსტინქტ–თეორიები, დრაივ თეორიები, სოციალური დასწავლის  თეორია, კოგნიტური თეორია. ასევე, საუბრობენ ბიოლოგიური ფაქტორების შესახებაც. თუმცა, ეს თეორიები არ ჩამოყალიბებულა უშუალოდ ტერორიზმის ფენომენის შესწვალის პროცესში, ამიტომ მხოლოდ მათზე დაყრდნობა არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა ტერორიზმის საფუძვლიანად გაგებისთვის. ტერორისტული ძალადობა ხშირად არ არის იმპულსური, ის არის წინასწარგანსაზღვრული, სტრატეგიული და ინსტრუმენტული. ის დაკავშირებულია და „გამართლებულია“ იდეოლოგიური (პოლიტიკური, რელიგიური) მიზნებით და თითქმის ყოველთვის მოიცავს ჯგუფს ან მრავალ აქტორს/მხარდამჭერს.

მართალია, რომ გარკვეული სახის ემოციური აშლილობები უბიძგებს ადამიანს ძალადობრივი ქმედებებისკენ, ასევე, საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ უდანაშაულო მოსახლეობის მიმართ ტერორისტული აქტების განმახორციელებელი სუბიექტები ფსიქოლოგიურად არანორმალურები უნდა იყვნენ. თუმცა, მწვავე ფსიქოპათოლოგიური დაავადებები შეუთავსებელია ტერორისტული ჯგუფის წევრობასთან. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ტერორისტების უმრავლესობა არის „ნორმალური“ იმ გაგებით, რომ მათ არ აწუხებთ ფსიქიკური აშლილობები. მსგავსი ჯგუფები ემოციურად გაუწონასწორებელ ინდივიდებს აძევებენ თავიანთი რიგებიდან, რადგან ისინი წარმოადგენენ უსაფრთხოებისთვის სარისკო ფაქტორებს. ტერორიზმის სფეროში ცნობილი ექსპერტის, Martha Crenshaw–ს თქმით, „ტერორისტების საერთო მახასიათებელი მათი ნორმალურობაა.“

ტერორისტები თვლიან, რომ საკუთარი მიზნების მისაღწევად აუცილებელია ძალადობა. ტერორიზმის მკვლევარმა Alex Peter Schmid–მა ერთმანეთისგან განასხვავა „ძალადობის სამიზნე“ და „ყურადღების სამიზნე“. ძალადობის სამიზნეს წარმოადგენს უდანაშაულო მსხვერპლი, ხოლო მეორე სამი მიმართულებით იშლება:

1. შიშის დანერგვა საზოგადოებაში ან/და გარკვეული პირთა ჯგუფებზე ზემოქმედება (სამიზნე კონკრეტული ჯგუფებია);

  1. მოთხოვნების წამოყენება (სამიზნეა მოთხოვნების პოტენციური შემსრულებელი);
  2. გავლენის გავრცელება. ამ შემთხვევაში სამიზნე შეიძლება იყოს როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე კონკრეტული ჯგუფის წევრები.

ზოგიერთი მეცნიერი კი თვლის, რომ მოსახლეობის დაშინება არის შუალედური მიზანი, რომელიც ძირითადი მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებაა. ასევე, ტერორისტებისგან ისმის გზავნილები, თითქოს მათ მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლება აკლიათ იმისთვის, რომ ცვლილებები ძალადობის გარეშე განახორციელონ. მსგავსი განცხადებები ჰგავს საკუთარი ქმედების „გამართლებას“, რომელიც რეალურად არც  სინამდვილეს შეესაბამება და ვერც დანაშაულს გაამართლებს.

ტერორიზმთან დაკავშირებით, ორგანიზაციული და სოციალური ფსიქოლოგია განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებს კოლექტიურ იდენტობას.  რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სოციოკულტურული კონტექსტი, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდუალურ და კოლექტიურ იდენტობებს შორის ბალანსს. თუმცა, გავრცელებული გარემოება არის ის, რომ ტერორისტებმა ინდივიდუალური იდენტობა კოლექტიურ იდენტობას უნდა დაუქვემდებარონ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია ლიდერების როლი. ტერორისტული ორგანიზაციის ეფექტურ ლიდერს უნდა შეეძლოს:

  • კოლექტიური რწმენის/იდეოლოგიის სისტემის შენარჩუნება
  • ორგანიზაციული რეჟიმის/დისციპლინის შექმნა და შენარჩუნება
  • კომუნიკაციური ნაკადების კონტროლი
  • მოტივებითა და მიზნებით მანიპულირება მის მიმდევრებთან ურთიერთობის დროს
  • კონფლიქტის მიმართვა ექსტერნალური მიზნებისთვის
  • ყურადღების მობილიზება.

მოცემულ თემასთან დაკავშირებით ერთ–ერთი მთავარი კითხვაა, თუ რატომ ერთიანდებიან ადამიანები ტერორისტულ ორგანიზაციებში? Martha Crenshaw–ს თქმით, მნიშვნელოვანია პიროვნების მოტივაცია და მოწყვლადობა (Borum, R. 2004, გვ 24 ). მოტივაცია არის ემოცია, სურვილი, ფსიქოლოგიური საჭიროება ან მსგავსი იმპულსი, რომელიც მოქმედებს როგორც წამქეზებელი. მასთან არის დაკავშირებული: ა) ქმედების (ტერორისტულ ჯგუფში გაწევრიანება) შესაძლებლობა, ხელსაყრელი შემთხვევა; ბ) კუთვნილების საჭიროება – ძლიერი სურვილი, რომ ეკუთვნოდე ტერორისტულ ჯგუფს გ) ტერორისტული ჯგუფის წევრობით სოციალური სტატუსის ამაღლება; დ) მატერიალური სიკეთეების/ჯილდოს მოპოვება.

ერთ–ერთი პალესტინელი ტერორისტის ნარატივი ასეთია: „ჩემი მოტივაცია, გავერთიანებულიყავი Fatah–ში, იყო როგორც იდეოლოგიური, ასევე ინდივიდუალური. ეს იყო საკუთარი თავის რეალიზაცია, პატივისცემა და დამოუკიდებლობის შეგრძნება… ყველა ახალგაზრდა პალესტინელის მიზანია, რომ გახდეს მებრძოლი. რეკრუტირების შემდეგ, ჩემი სოციალური სტატუსი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მივიღე დიდი პატივისცემა ნაცნობებისა და სოფლის  მოსახლეობის ახალგაზრდებისგან.“ (Post, M. J. 2007, გვ 27).   ამ ინტერვიუდან კარგად ჩანს, რომ არსებობს საზოგადოებები, სადაც ტერორიზმი საოციალურად მხარდაჭერილია და ის განიხილება, როგორც შურისძიება უსამართლობის გამო. უსამართლობის განცდა და იდენტობის საჭიროება მნიშვნელოვანი ფაქტორია პოტენციურ ტერორისტებთან დაკავშირებით. ისინი იკვებებიან კარგად ჩამოყალიბებული იდეოლოგიით, რომელიც „უფრო დიადი“ მიზნების მისაღწევად საჭიროებს ძალადობას. ასევე, ფაქტია, რომ ბავშვობისდროინდელი შეურაცხყოფა, ტრავმა, უსამართლობა და დამცირება ხშირად ფიგურირებს ცნობილი ტერორისტების ბიოგრაფიებში. თუმცა არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს ფაქტი განვაზოგადოთ სრულიად ტერორისტებზე.

სიყრმიდანვე ჩანერგილი სიძულვილის შეცვლა რთულია, შეუძლებელია ტერორიზმის სრულიად გაქრობაც, მაგრამ უნდა ვეცადოთ მის მაქსიმალურად შემცირებას. ტერორიზმის წინააღმდეგ მოქმედი ერთ–ერთი სამთავრობათშორისო ორგანიზაციაა ევროპის საბჭოს ტერორიზმის ექსპერტების კომიტეტი (CODEXTER). კომიტეტმა შეიმუშავა სტრატეგიული ფსიქოლოგიური მოქმედებების პროგრამა, რომელიც უნდა გრძელდებოდეს ათწლეულების განმავლობაში. პროგრამის ოთხი მთავარი ელემენტია:

  1. პოტენციური ტერორისტების შეჩერება იმისთვის, რომ არ გაწევრიანდნენ ტერორისტულ ჯგუფებში. ამ საფეხურზე მნიშვნელოვანია სასკოლო განათლება, რომელიც ანტიდასავლური იდეოლოგიის გამტარებელია, რაც უარყოფით ფაქტორს წარმოადგენს. პირიქით იქნებოდა, თუ განათლების მეშვეობით ახალგაზრდები გაიგებდნენ, რომ ტერორისტები „დიადი მიზნებისთვის“ წამებულები კი არა, მკვლელები არიან.
  2. ჯგუფის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის/განხეთქილების წარმოქმნა;
  3. ჯგუფიდან გამოსვლის გაადვილება/დახმარება;
  4. ჯგუფებისა და მათი ლიდერებისადმი მხარდაჭერის შემცირება.

ოთხივე ელემენტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეფექტურ ინფორმაციულ კამპანიაზე. საჭიროა, ლიდერების ახალი „ხატის“ შექმნა და მათდამი უნდობლობის დათესვა. წარმოჩენა იმისა, რომ ტერორისტების ლიდერი არ არის იდეალი და სინამდვილეში ის კორუმპირებული, ამპარავანი და ეგოისტია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ღონისძიებების გატარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ბუნდოვანია, რა გზით უნდა მოხდეს სასკოლო განათლებაში ანტიდასავლური იდეოლოგიის აღმოფხვრა და წლების განმავლობაში შეისხლხორცებული რწმენების შეცვლა?

გარდა ამისა, ზოგიერთი სახელმწიფო უფრო კონკრეტული ამოცანის წინაშე დგას. ეს ამოცანაა ბალანსის დამყარება იმიგრაციასა და სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის. მიგრაციული ნაკადების ჭარბი ინტენსიფიკაციის პირობებში, პოტენციურად საშიში ადამიანების აღმოჩენის უზრუნველყოფა რთულია. გასათვალისწინებელი გარემოებაა მიგრანტთა შეგუების ფორმები და მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკა უმცირესობების მიმართ.   ზოგიერთ შემთხვევაში, მიგრანტები ვერ ახერხებენ დომინანტ კულტურასთან  წარმატებულ ინტეგრაციას, რისი ხელშემწყობი ფაქტორებიც შეიძლება იყოს კულტურული ან სხვაგვარი სტიგმის არსებობა და  დისტანცია დომინანტ და მიგრანტ კულტურას შორის. მსგავსი სოციალური კონტექსტი კი უფრო აღრმავებს იდეოლოგიურ დაპირისპირებებს და პოტენციური ტერორისტებიც უფრო მოწყვლადები ხდებიან. მათი აზრით, ტერორისტები არიან გმირები, რომლებიც  იბრძვიან საკუთარი იდენტობისა და ღირებულებების შესანარჩუნებლად. ამიტომ, მნიშნელოვანია, რომ მასპინძელმა ქვეყანამ უზრუნველყოს მიგრანტების წარმატებული შეგუება და პოტენციური ტერორისტების შეჩერება. თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ლიბერალური ღირებულებების დაკნინებისა და დემოკრატიის შესუსტების ხარჯზე.

როგორც ვხედავთ, მრავალფეროვანია ტერორიზმის გამომწვევი და მისი მხარდამჭერი გარემოებები. სხვადასხვა მეცნიერი განსხვავებულ ფაქტორებს ანიჭებს უპირატესობას და ვერ ვიტყვით, თუ რომელი მათგანია სწორი ან მცდარი. ამასთანავე, ტერორიზმის შესწავლის ემპირიული საფუძვლები ძალიან სუსტია. საკითხის ახსნა საჭიროა როგორც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის, ასევე ორგანიზაციული და სოციალური ფსიქოლოგიის დონეზეც. მნიშვნელოვანია კულტურული ფაქტორების, სოციო–პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის შესწავლა და გათვალისწინებაც.

ამ ეტაპზე კი ზოგადი სურათი ასეთია:

  • პოტენციური ტერორისტების მოტივაციაზე გავლენას ახდენს უსამართლობა, იდენტობა და კუთვნილება. უსამართლობის განცდა განპირობებულია საზოგადოებაში პოპულარული იდეოლოგიით, თაობიდან თაობას გადაცემული სიძულვილითა და შურიძიების სურვილით. იდენტობა დაკავშირებულია უშუალოდ პიროვნებასთან, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია და აყალიბებს საკუთარ იდენტობას, როგორც განსაკუთრებული მისიის მქონე მებრძოლისას, რომელიც „მაღალი ღირებულებების“ დასაცავად იყენებს ტერორიზმს. კუთვნილება კი გულისხმობს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, რაც ტერორისტისთვის შეიძლება იყოს როგორც შინაგანად დამაჯილდოებელი, ასევე გარეგანი ჯილდოს, მატერიალური სარგებლის მომატანი.
  • ფსიქიკური დაავადებები არ არის ტერორისტების ქცევის ამხსნელი გადამწყვეტი ფაქტორი, რადგან მათი უმრავლესობა არ არის ფსიქოპატი და ამ მხრივ, არ გამოირჩევიან რიგითი მოქალაქეებისგან.
  • ორგანიზაციულ დონეზე, ტერორისტულ დაჯგუფებებს სურთ პოლიტიკური, რელიგიური და იდეოლოგიური მიზნების მიღწევა.

როგორი რთულიცაა ტერორიზმის ბუნება, იმდენად ძლიერი და ეფექტური უნდა იყოს მის შესამცირებლად განხორციელებული ღონისძიებები. აუცილებელია საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ერთობლივი მოქმედება, ტერორიზმის შესწავლა ინტეგრირებული მეთოდებით და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სტრატეგიების განსაზღვრა და მოქმედებაში მოყვანა.

 

წყაროები:

  1. ჯელაძე, ქ. (1999). ტერორიზმის მოტივების ფსიქოლოგიური ასპექტები, ალმანახი სისხლის სამართალი (II) http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0–0-0—0prompt-10–..-4—-4—0-1l–11-en-10—10-preferences-50–00-3-help-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.1&d=HASH01b86eb5471184c5e2b93027.8
  2. Borum, R. (2004). Psychology of Terrorism, Tampa: University of South Florida, Printed in the United States of America, https://www.ncjrs.gov/pdffiles1/nij/grants/208552.pdf?q=psychology-of-terrorism

 

  1. Post, M. J. (2007). The Mind of the Terrorist, the Psychology of Terrorism from IRA to al-Qaeda, Palgrave Macmillan
  2. Moens, A. and Collacott, M. (2008). Immigration Policy and the Terrorist Threat in Canada and the United States, Fraser Institute http://www.fraserinstitute.org/publicationdisplay.aspx?id=13110
  3. http://www.coe.int/t/dlapil/codexter/about_en.asp
  4. https://saidsimon.wordpress.com/2011/05/26/no-single-theory-can-completely-explain-the-motivations-of-terrorist-individuals-and-groups/
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები