თბილისში თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა უკვე დაიწყო

საინტერესო ფაქტები

თბილისში ახალი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „საბა კონსტრაქშენი” საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.

320 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნუცუბიძის ფერდობზე აშენდება. კომპლექსი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას აერთიანებს და ადგილზე განთავსდება 3 საცხოვრებელი შენობა,  ადმინისტრაციული ნაგებობა,  სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა და სრულფასოვანი განათლების მისაღებად აუცილებელი სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა.

ობიექტის მშენებლობის გახსნაზე თბილისის  მერი,   რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მოადგილე და  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იმყოფებოდნენ.

დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მათ ხარისხიანი და თანამედროვე განათლების მისაღებად სრულყოფილი გარემო ენებათ.

„ეს პროექტი პრემიერის გადაწყვეტილებით ხორციელდება. ბევრი ევროპული  ქალაქის მსგავსად, თბილისის ახალი სტუდენტური საცხოვრებელი თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენს დედაქალაქს  და იმ  ახალგაზრდებს,  რომლებსაც თბილისში საცხოვრებელი ბინა  არ აქვთ. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი პროექტებით,  ჩვენი დედაქალაქი სულ უფრო მეტად ემსგავსება ევროპულ ქალაქებს“,– განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა აღნიშნა, 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან  ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 5.250.777  ლარს შეადგენს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პროექტის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„გაკეთდება კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის.   შენობის გარეთ შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და გარე განათება მოეწყობა. მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები იქნება. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის იქნება განკუთვნილი“,– განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ახალი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმება. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი კომპლექსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ რა პრინციპით შეირჩევიან ახალგაზრდები აღნიშნულ კომპლექსში საცხოვრებლად, როგორ მოხდება მათი შერჩევა და რამდენი ხნით მიეცემა თითოეულ სტუდენტს ახალ სტუდენტურ კომპლექსში ცხოვრების საშუალება, განათლების სამინისტრო გადაწყვეტს.

აღნიშნულ საკითხზე Aris.ge-განათლება რამდენიმე ხნის წინ თამარ სანიკიძეს ესაუბრა. მინისტრის თქმით, პროცედურული დეტალები საბოლოოდ დადგენილი არ არის.

გიორგი არის© ხურცია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები