ტრაგიკული ბედნიერება

ARIS ბლოგერი

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

თავისთავად, ტრაგედიაა განშორება… განშორების ფონზე კი მით უფრო ტრაგიკულია ის, ვისაც შორდებიან… მაგრამ არის რაღაც, ამოუცნობი, საოცრად ამოუხსნელი ტკივილი მასში, ვინც შორდება… ადამიანური ნეტარება წამიერი ღვთიური გაელვებაა და ყველაზე მეტად საშიშია უზომო ბედნიერება… ტრაგიკულია მთელი განვლილი ცხოვრება მისთვის, ვინც ბედნიერაბს გაურბის, რატომღაც უარს ამბობს და მისი განცდების მხოლოდ მას, მის სამყაროს და მოგონებების აჩრდილად ადევნებულ განვლილ გზას ესმით…

ამოუცნობია, თვითონ ადამიანის შინაგანი სამყაროც და არავის შეუძლია სწორად მიხვდეს მისი გიჟური ქცევის იდეასა და არსს, თავიანთი ქცევით კი ვნებენ არა მარტო საკუთარ ბედნიერებას, არამედ ანადგურებენ მათ ვისაც ისინი ყველაზე ძალიან უყვართ… მაგრამ, სჯობს, სულის ხვეულების ამოუხსნელ სურვილებს დაჰყვე და ეტრფო მას შორიდან, ვიდრე წამიერად გაელვებული ბედნიერებისგან დარჩენილ უბედურებას შეეჩეხო პირისპირ… სჯობს, მთელი ცხოვრება გწყუროდეს, ვიდრე წყურვილის მოკვლისგან სასმელი შეგზიზღდეს… უდიდესი სიყვარული შეშლილ ქცევებში ვლინდება, რომელსაც უფრო მეტ ტკივილამდე მივყავართ ვიდრე გაგებამდე და წარმოუდგენლად რთულია გაუგო, შეიგრძნო და გაითავისო, რამეთუ, გაწვდილ ხელზე საპასუხოდ ზურგშექცევას იღებ… 

უდიდესი ტრაგიზმია მასში ვინც ბედნიერებას გაურბის და მით უფრო ტრაგიკულია ხდება, რაც უფრო უჭირთ მისი გაგება… ტოვებენ, სთხოვენ, ემუქრებიან და თითქმის, არასოდეს ესმით უსიტყვოდ… ყოველი ასეთი სიგიჟე ჰგავს იდუმალ ფიქრებთან ხანგრძლივ საუბარსა და საკუთარი ხელით შიშველ სხეულზე ბასრი დანით ჭრილობის მიყენებას, საიდანაც სისხლი ბედნიერებაზე უარის თქმის გამო ცრემლებად იღვრება და არ იცის არავინ, რა იყო ყოველივეს მიზეზი.

ყოველ ბედნიერებას მოფრთხილება, სათუთად შენახვა სჭირდება, რათა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნო იგი და ამავდროულად, – საშიშიცაა… ეს იგივეა, გულის ჯიბით ვარდის მოწყვეტილი ტოტი ატარო, რომელიც სურნელით გაგაბრუებს და ასევე შეუძლია გულამდე დაგსწვდეს თავისი ეკლებით… ეს ყველაფერი კი მასზეა დამოკიდებული და არავინ იცის როდის მოისურვებს დატკბეს გულიდან ამოხეთქილი თბილი სისხლით… რთულია, არ ერიდო უზომო ბედნიერებას, როდესაც იცი, რომ წუთისოფლის მარადისობა იგივეა რაც მარადიული სიცოცხლე ამქვეყნად…

ტკივილითაა აღსავსე გზა, რომელზეც მიაბიჯებს ის ვინც შორდება და თან ზურგით მიაქვს მის მიერ გამოწვეული უამრავი ტკივილი, ცრემლი და წყენა და ის მაინც ჯიუტად მიაბიჯებს უფსკრულისკენ, გაწვდილ ხელს ზურგს აქცევს და იცის რომ მარადიულობა აქ იგივეა რაც პირველად მოსული თოვლის სითეთრე… ეს ყველაფერი არაა გამოწვეული მხოლოდ პესიმისტური სოფიზმით…

ეს ყველაფერი ამოუცნობი ,,მოდილიანიზმია” და საოცარი გმირობა სჭირდება ,,ჟანა-ობას”… წარსულის აჩრდილის მოჩვენებები განუყრელი მობაასეა მათთვის ვინც გამოუსწორებელი ზურგის შემაქცევარნი არიან ბედნიერებისა და ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ ისევ რაღაცას დაეძებენ იქ, უკან… არამედ, რჩევებს იღებენ მარადიული განუყრელი მეგობრისგან… მარადისობას მხოლოდ მარადიულ ძილში იპოვნიან და ეს თვითონაც მშვენივრად იციან…ამიტომაცაა მათი ცხოვრება ტრაგიზმით სავსე… ტრაგიზმით სავსე, რომელსაც ცრემლის მოსადენი აუღწერელი რომანტიზმი სდევს თან და კარგა ხნის მერე ჩანს, რომ სულაც არ ყოფილა მათი ცხოვრებ უინტერესო..

შეხედეთ, ტყემლის ყვავილებს… როგორი სპეტაკია ისინი, როდესაც სულ რამდენიმე დღის მოვლენილნი არიან ამქვეყნად და რამდენად თვალის მომჭრელი სითეთრით ანათებენ… მაგრამ საკმარისია მტვრიანებიდან ბუტკოებამდე პაწაწინა მტვრის ნაწილაკებმა მიაღწიონ, რომ ჯერ მოყვითალო ფურცლებად იქცევიან ერთ დროს სიფრიფანა ყვავილები და მალე საერთოდ ქრებიან… ასეა ამ ქვეყნად ბედნიერებაც… საკმარისია მის ბრწყინვალებას ბინძური ყოველდღიურობა შეეხოს მაშინვე იცრიცება, უფერულდება და სადღაც ქრება…

გავუფრთხილდეთ ბედნიერებას… გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!..

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები