Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გადაუშლელი წმინდა წერილი

გადაუშლელი წმინდა წერილი
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
March 30
11:29 2015

ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

თსუ-ის სტუდენტი

ყველაფერი ასე დაიწყო. მართლმადიდებელი მშობლების ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდან დაატარებდნენ ეკლესიაში. ღმერთის საძებნელად არა. მთელი მისი სამეზობლო დადიოდა და სახლში რომ დარჩენილიყვნენ კვირა დღეს, რას იტყოდა ხალხი. ხალხი იტყოდა, რომ ძუნწები არიან და შესაწირის გაცემა ენანებათ. ხალხი იტყოდა, რომ … ხალხი რას იტყოდა ?! ამიტომაც დადიოდნენ. მისი მშობლები არ ვიცით, თორემ თვითონ ასე დადიოდა. დედა ფანატიკურად მორწმუნე იყო. სახლში ცალკე ოთახი (უზარმაზარი) ჰქონდათ საეკლესიო ნივთების მოსათავსებლად. მამას ცოლის შიშით სწამდა. მარხვის დროსაც ღამე ჩუმ-ჩუმად ჭამდა ხორცს, ცოლს რომ არ დაენახა. ღამე ეწეოდა სიგარეტს და სექსუალური სურვილების სხვა ქალთან დაკმაყოფილებაც უწევდა. აბა, ცოლი დიდ-მარხვის დროს ლამის ხანჯალს ათავსებდა მეუღლეებს შორის. ოჯახში უთქმელი დიქტატურა სუფევდა, რელიგიას ამოფარებული, სასტიკი და სულისშემხუთავი. დიქტატურა უფერო და უფორმო იყო. ჰაერში იგრძნობოდა მისი სუნი.

ღმერთი მისთვის შობის დადგომასთან ერთად, სანტა-კლაუსთან ერთად მოდიოდა და მიდიოდა. არც საშობაო ეპისტოლეების, ქადაგებების, სახარების კითხვის ესმოდა რამე. რამდენჯერმე დედას ჰკითხა, ღმერთი სადააო და დედამ – სამოთხეშიაო – უპასუხა. სამოთხე სადააო და ცაშიაო. ცაში რომ მხოლოდ ვარსკვლავები და მთვარეა და მათ იქით უსაზღვრო გალაქტიკებიო?! დედამ – ბევრ კითხვას სვამ და ეგ კარგი არააო. რწმენა ისაა, რასაც ვერ ხედავ, ამიტომ მამაოს უნდა კარგად უსმინო და კითხვების დასმა და ფიქრი შეწყვიტოო. უხმოდ გამობრუნდა, თუმცა მკბენარი სიცარიელე იგრძნო გულში.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

სკოლაში ერთი გოგო მოსწონდა. ქერა და შავთვალა იყო ეს გოგონა. შავი, უკიდეგანოდ დიდი თვალები ჰქონდა. ერთ გალაქტიკას დაიტევდა. სულ წინ იჯდა და სულ ჩუმად იყო, სანამ მასწავლებელი რამეს არ ჰკითხავდა. ეს გოგო მოსწონდა სულ. ევა ერქვა. სიმბოლურად. კლასში დიდი პოპულარობით არ გამოირჩეოდა. მასავით იყო. არც მასთან სამეგობროდ იგიჟებდა თავს ვინმე. ერთნაირები იყვნენ. მერე გაიგო, ბავშვები ევას იმიტომ არ ემეგობრებოდნენ, რომ მისი მშობლები სექტანტები ყოფილან. ევასაც დაატარებდნენ თან, თავიანთ სექტაში და სიცრუით და მკრეხელობებით ურევდნენ თავ-გზას. ყოველ შემთხვევაში ეს იყო ის, რაც მასწავლებელმა თქვა ევაზე, როცა ის კლასში არ იყო. თან ბავშებს მოუწოდა, რაც ნაკლებად გექნებათ მასთან ურთიერთობა, მით უკეთესი თქვენთვის და თქვენი ოჯახების რეპუტაციისთვისო. ჩვენს რელიგიას ასეთი რამე არ ეკადრება, რადგან წმინდა წერილი გვეუბნება, მართლმადიდებლის გარდა სამოთხის დამკვიდრების შანსი, თითქმის, არავის არ აქვსო (აქ, მასწავლებელი ამაყად გაიმართა წელში) .

პირველად მაშინ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა. სახლში მივიდა და დედას ისევ ჰკითხა, წმინდა წერილი რა არისო? დედამ დარჩენილი ჭურჭელი გაამშრალა და წიგნების უზარმაზარი კარადიდან 10 წუთიანი საგულდაგულო ძებნის შემდეგ, ძლივს, დიდი ძალდატანებით გამოაძვრინა ახალთახალი, გადაუშლელი და ადამიანის ხელთაგან შეუბღალავი ბიბლია. ესაა წმინდა წერილიო, უთხრა. შენ წაკითხული გაქვსო – დედას ჰკითხა. დედამ, შენ ხომ არ გაგიჟდი, ამისი კითხვა ყველასთვის კი არაა ნებადართულიო. ამას სხვანაირი განათლება და ცოდნა სჭირდებაო. ამიტომაცაა, მხოლოდ სასულიერო პირებმა რომ უნდა იკითხონ და შემდეგ ხალხამდე მოიტანონ მისი მთავარი დანიშნულებაო. მკბენარმა სიცარიელემ უფრო მეტად გაიდგა ფესვები მის სხეულში. დედამ ბიბლია როგორც გამოიღო, ისე შემოდო კარადის თავზე და აუკრძალა, რომ დაგინახო გადაშლილი, არ ვიცი რას გიზამო. ღმერთმა იცის, როგორ გაიგებ რომ წაიკითხო და სულ გული აგიცრუვდეს ყველაფერზეო. ვერ გაიგო, რაზე უნდა ასცრუებოდა გული. ისედაც არაფერს გრძნობდა.

აიპადში ჩამოტვირთა ბიბლია და ღამ-ღამობით დაიწყო კითხვა. მართლა არაფერი ესმოდა. ერთი ხანობა იფიქრა, რომ დედა მართალი იყო და კითხვას თავი დაანება. გრძნობდა, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო. ღმერთი ცალკეული ერისთვის და რელიგიისთვის ვერ იქნებოდა მხოლოდ. ვერ გაეგო ღმერთმა შექმნა ადამიანი, თუ ადამიანმა შექმნა ღმერთი, თავისი ინტერპრეტაციით. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ერთ რამეს მიხვდა: დედამისის ღმერთი ყველაზე არაჰუმანური, მოძალადე და სასტიკი გამოდიოდა. ამისმა გაცნობიერებამ სიცარიელე შეამსუბუქა.

ერთხელ გაბედა და ევას გვერდით მიუჯდა. საკუთარი ინიციატივით გამოელაპარაკა. 17 წლის იქნებოდა. ევა ყველაზე საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა მათ შორის ვისაც იცნობდა. ევამ თავის ეკლესიაში დაპატიჟა. ასე აღმოჩნდა ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიაში. ჩუმად წავიდა. დედას, რაღა თქმა უნდა, არაფერი უთხრა. ასე აღმოჩნდა სხვა სამყაროში. თავიდან თავი დამნაშავედ იგრძნო. შეეშინდა, თუმცა ვერ გაიგო, რისი.

იმ დღიდან შეიცვალა მისი ცნობიერება. ახალი გალაქტიკის კარი შეაღო. კარს უკან ღმერთი დახვდა. მთელი თავისი მშვენიერებით და ბრწყინვალებით. ჰუმანური, კაცთმოყვარე, შეუბღალავი და უბრალო. მარტივი და გენიალური. კარის გაღებამ მთელი მისი ცნობიერება ამოატრიალა. ვერ ვიტყვით, რომ ეს ამოტრიალება მარტივად გადაიტანა. ყველაზე მეტად იმისი გაცნობიერება გაუჭირდა, რომ დედა ცდებოდა. ბრძოლა დაიწყო. საკუთარ თავთან, გარემოსთან ბრძოლა, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ბოლო არ უჩანდა. ბოლოს გაიმარჯვა. ბრძოლა 4 წელი გაგრძელდა. ამასობაში უნივერსიტეტიც დაამთავრა. უნივერსიტეტი გამარჯვებულმა და საკუთარ თავში დარწმუნებულმა დაამთავრა.

და თავიდან მოინათლა. საკუთარი ნებით და მთელი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით. დედამ და მამამ ეს ამბავი ვერ გადაიტანეს. უფრო დედამ. მამა სიმბოლურად იჯდა დივანზე და თავს აქნევდა. დედა ტიროდა. ხან ყვიროდა. ეს რა გაგვიკეთეო. რა დაგაკელითო. მთელი სანათესაოს და სამეზობლოს სალაპარაკო გაგვხადეო. ღმერთის მაინც არ გეშინიაო? კიო, უთხრა. ღმერთის მეშინია, მაგრამ იმ ღმერთის არა, რომელსაც შენ მაჩეჩებდიო. დედას წნევა დაუვარდა. სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. მთელი ხმით ტიროდა, ერთი შვილი ვერ გავზარდეო. სექტაში გამცვალაო. მამამ უთხრა, თუ ასე ფიქრობ და შენი მშობლების რწმენას პატივს არ სცემ, სჯობს სულ წახვიდე ამ სახლიდანო. იმედია, ოდესმე მიხვდები, რომ ცდები და უკან დაბრუნდებიო. მანამდე დაივიწყე მშობლები რომ გყავსო.

წამოვიდა.

მერე იყო გერმანია. მაგისტრატურა თეოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. წარმატებით (დიდი წარმატებით) დაამთავრა. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ღვთისმსახურებისთვის სურდა თავი მიეძღვნა და მიიღო კიდეც სასულიერო პირის წოდება. მშობლებზე ლოცულობდა. დედაზე განსაკუთრებით.

და იყო ასე. მშვიდად იყო.

 

225 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2015
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031