„ნუ მოკლავ ჯაფარას“

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიტა გრიგალაშვილი

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

მამამ მე და ჯემს გვითხრა, ნებისმიერი ფრინველის მოკვლა შეგიძლიათ, ოღონდაც ნურასდროს მოკლავთ ჯაფარასო. მისი ნათქვამის სიმართლე მხოლოდ წლების მერე მივხვდი. ჯემიც წლების მერე მიხვდა. ჯაფარას სიკვდილი ცოდვა და დანაშაულია, რადგან მისი ერთადერთი დანიშნულება ადამიანებისთვის სიამოვნების მოგვრა, გალობა და გართობააო. ის არც ჩვენს მოსავალს ერჩის და არც არაფერს გვინადგურებს. ჯაფარამ უნდა იმღეროს და იგალობოს, გაართოს და დაატკბოს ჩვენი ცოდვებით და უსამართლობით ამოვსებული გულები და გონებაო. ეს გვითხრა მამამ.

„ნუ მოკლავ ჯაფარას“ ჰარპერ ლის ერთადერთი რომანია, რომელიც პირველად ამერიკაში 1960 წელს გამოიცა და გამოშვებისთანავე უდიდესი პოპულარობის მოპოვება შესძლო. რომანი ნაწილობრივ ეფუძნება მწერლის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს და იმ ქალაქის ისტორიებს, სადაც ჰარპერ ლი 10 წლის ასაკში ცხოვრობდა.

კითხვის დროს ისე ხდები მეიკომის მცხოვრები, არავინ არაფერს არ გეკითხება. სანამ კითხვას არ დაამთავრებ აქედან თავის დაღწევა შეუძლებელიც კია. ამას ვინ ჩივის, კითხვის დამთავრების შემდეგაც კარგა ბლომად ხანმა უნდა განვლოს, იმ ემოციებისგან რომ დაიცალო, რომელიც ჭყიტას თავგადასავალმა დაგიტოვა. არაფერი უფრო წმინდა და სუფთა, არაფერი უფრო სამართლიანი არ მეგულება გარშემო, ვიდრე 6 წლის ბავშვის შეურყვნელი და თითდაუკარებელი გონებაა. ბავშვისა, რომელიც დროის და სივრცის მიუხედავად უზადოდ ჯანსაღი რეპუტაციის და აზროვნების მამასთან და ძმასთან ერთად იზრდება. ხვდები, რამხელა განძია მშობელი, რომელიც შენთვის ადამიანობის და სამართლიანობის ქანდაკებად იდგმება შენს გონებაში და მთლიანად განსაზღვრავს შენს ჯანმრთელ პიროვნებად ჩამოყალიბებას. კითხვისას ოცნებობ, ბრაზდები, გულს გირევს ადამიანების სისასტიკე და ფსიქოლოგიური სიბინძურე, გეშინია იმ რედლი ბუასი, რომელიც სინამდვილეში ნაწარმოების ყველაზე კარგი და კეთილი პერსონაჟია.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ბავშვობა – პერიოდი, რომელიც უზარმაზარ კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქოლოგიაში, შეიძლება უამრავი ემოციის, საპირისპირო გრძნობების და უსამართლობა-სამართლიანობის ჭიდილის მოედანი იყოს. ისევე, როგორც ეს 6 წლის ჭყიტას ცხოვრებაშია. კითხულობ და ბრაზდები შენს თავზე, რადგან ხვდები, როგორ არასწორად აღიქვამ პატარა ბავშვს, რომელსაც სინამდვილეში შენზე მეტი განცდები და კარგის და ცუდის შეფასების კომპეტენცია აქვს. ბავშვი სუფთა და გულწრფელია. ისეთია, როგორიც სხვა არავინ. ის არ თამაშობს, არ ცდილობს თავი იმად მოგაჩვენოს, ვინც სინამდვილეში არაა. არაა ამოფარებული უამრავ სხვადასხვა ნიღაბს, რომელსაც საჭიროების მიხედვით შეიცვლის. ბავშვის სული ყველაზე უფრო წკრიალა წყალია, რომელშიც ბაყაყები ვერ იბუდებენ. თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება. იცვლება გარემო, სისტემა, ადამიანები იცვლებიან და რაც ყველაზე მთავარია, იცვლება დამოკიდებულელები ფაქტების მიმართ.

ეს საზოგადოებაა, რომელიც აიძულებს ყველას და ყველაფერს, ნირი და ფერი იცვალონ და ისე მოერგონ დინების კალაპოტს , როგორც  მას აწყობს.

ეს საზოგადოებაა, რომელიც არ ინდობს არავის. არც პატარს, არც მოხუცს, არც შავკანიანს და არც თეთრკანიანს. არც ერთ რასას და რელიგიას არ ინდობს და ცდილობს, ყველას მოუჭიროს თავისი სულისშემხუთველი მარწუხები.

ეს საზოგადოებაა, თოჯინების მთლელი და სულის ჩამბერი, რომელიც ამ მარიონეტებს ისე ათამაშებს, როგორც მას უნდა.

საზოგადოება დაჭიანებული ხილია, რომელიც შიგნიდან ლპება, გარედან კი უნაკლოდ ბზინავს, საზოგადოების ღირსეული და საპატიო ნაწილის ხარჯზე. იმათს ხარჯზე, რომლებიც ბრწყინავენ ბრილიანტის ბრწყინვალებით და ამ შუქს მათი ძვირადღირებული ვარცხნილობები, სამოსი და სამკაულები ასხივებენ.

საზოგადოება გვაკრავს შტამპებს და გვნომრავს, როგორც საექსპორტოდ გამზადებულ საქონელს, რომელიც ეს-ესაა გემზე უნდა დაიტვირთოს და შორეული აღმოსავლეთის გზას გაუდგეს. ის წყვეტს, გიჟი იქნები, მზრუნველი დიასახლისი თუ სახლში სამუდამოდ გამოკეტილი შეშლილი, რომელიც საკუთარ მშობლებს მაკრატლით დასდევს დასახოცად. ვინიცობაა ვერ მიხვდეთ რაზე ვლაპარაკობ, გეტყვით, რომ რედლი ბუაზე ვწერ. ჭყიტას მთელი ბავშვობის ყველაზე დიდ გამოცანაზე და თვალით უხილავ ბუაზე, რომლის გარეთ გამოსატყუებლად ჯინ-ლუიზა, ჯემი და ლიდი რას აღარ აკეთებენ. ასეთი დეტალებისგან შედგება ბავშვობა. პერიოდი, რომელიც ადამიანს ადამიანად აყალიბებს. საზოგადოებას აყალიბებს ატიკუსებად, რედლი ბუებად, ჭყიტებად. აყალიბებს მოსამართლეებად, დამნაშავეებად, ჭორიკანა დიასახლისებად, სხვის უბედურებაზე მოხალისე უსაქმურებად და მოძალადე მშობლებად, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელნი, ოღონდ საზოგადოებამ მათი კაი-კაცობის ამბავი არ შეიტყოს. ეს ყველაფერი აქაა, ჰარპერ ლის უკვდავ და თავის დროზე სამართლიანად აღიარებულ ამერიკის ყველაზე ჰუმანურ რომანში – ეს „ნუ მოკლავ ჯაფარაა“.

მე შემიყვარდა ეს წიგნი. წაკითხვისთანავე კი არა, პირველი ფურცლებიდანვე შემიყვარდა. მისი გენიალურობა სიმარტივეშია, იმ უბრალო სიმარტივეში, რომელსაც მავანნი „ჩვეულებრივ, არაფრის მომცემ ბავშვურ რომანს“ უწოდებენ.შენზეა დამოკიდებული რას მიიღებ და დაიტოვებ ამ წიგნისგან და რას არ მიაქცევ ყურადღებას. თუ აქ მოთხრობილი უსამართლობა შენში არანაირ ემოციას არ აღძრავს და ამ ყველაფერს წაიკითხავ ისე, როგორც ერთ ჩვეულებრივ ისტორიას, ძალიან შემცდარხარ, ჩემო კარგო. მე არ გმოძღვრავ, უბრალოდ, ვცდილობ გაგიზიარო ის, რასაც კითხვის პროცესში ვგრძნობდი. ის ზიზღი, შიში და უსამართლობის გრძნობა მინდა, აღვწერო, რომელიც საკუთარი კანის ფერის რა რასის მიმართ დამეუფლა, როცა წავიკითხე, როგორ შეიძლება მოექცე ადამიანს, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი შენი კანის ფერის მატარებელი არაა. მეორე მხრივ, მინდა, ჩემსავით იგრძნო ის სიამაყე, რომელიც მეუფლებოდა იმ მომენტში, როცა ვკითხულობდი ატიკუს ფინჩის ისტორიას. ისტორიას მის სიმამაცეზე და სულიერ სისუფთავეზე. ეს წიგნი არის დეფინიცია ტერმინებისა „გმირი“, „ბავშვობა“, „სიმხდალე“, „უსამართლობა“, „სისასტიკე“ და მრავალი სხვა. გმირობა კი სულაც არ მოითხოვს სუპერძალების ფლობას და დედამიწის გადარჩენის გეგმის შემუშავებას. გმირობაც ისეთივე მარტივია, როგორი მარტივებიც გმირები არიან. მარტივები, თუმცა სრულიად გენიალურები და განუმეორებლები.

ზოგი ადამიანი იმისთვის იბადება, რომ იკისროს ის საქმე, რისი გაკეთებაც სხვას არავის შეუძლია. ეს ადამიანები იქცევიან სამართლიანობის და სიწმინდის საზომებად იმ საზოგადოებისთვის, რომელიც სრულიად უუნაროა დაიცვას საკუთარი უდანაშაულო წევრებიც კი. ზოგი ადამიანი იბადება გარდაუვალი ტანჯვისთვის, რომელიც არა ფიზიკური და მტკივნეული, არამედ ფსიქოლოგიური და ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე სხვა ნებისმიერი სახის წამება ამ ქვეყნად. ასეთი ადამიანები ატარებენ იმ მძიმე ჯვარს, რასაც სამართლიანობის დამცველის ხვედრი ჰქვია. ეს ადამიანები საზოგადოების უზადოდ ჯანმრთელი წევრები არიან. ეს ადამიანია ატიკუს ფინჩი. ჩემი ყველაზე საყვარელი გმირი რომანიდან „ნუ მოკლავ ჯაფარას“ .

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები