Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“მათხოვარი” ბავშვები, როგორც უსამართლობა

“მათხოვარი” ბავშვები, როგორც უსამართლობა
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
April 14
11:07 2015

ავტორი: სალომე აფციაური

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

საშინლად არ მიყვარს ეს სიტყვა და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც აქამდე ვერ ვწერდი, ისაა, რომ მის სინონიმს ვეძებდი; უპოვარი, უქონელი, უფრო მისაღებია ჩემთვის, ვიდრე მათხოვარი, რომელიც ისე გამოითქმის, როგორც მასწავლებელი, მასაჟისტი… თითქოს პროფესიაა, რომელსაც “გლახაკნი ამა ქვეყნისანი” ეუფლებიან.

რატომღაც, მაგდა ბოლქვაძის  მოთხრობა “მეძავები” მახსენდება, სადაც მწერალი ამბობს, ყველა პროფესია, საკუთარი ნიჭის და უნარის გაყიდვააო და, ყველანი პოტენციური მეძავები ვართო. თუკი, მათხოვრობაც პროფესიაა, მაშ რას ყიდიან შემწეობის მთხოვნელნი, ან უფრო სწორად, საკუთარი თავის რა ნაწილს?!

ჩემი შეხედულებით და დაკვირვებით, ისინი დალოცვას ჰყიდიან. “ღმერთმა დაგლოცოთ”, “გაიხარეთ”, “წმინდა მარიამი შეგეწიოთ “, -ალაბთ, თქვენც გსმენიათ მათგან. გეუბნებიან ქრისტიანებიც და არაქრისტიანებიც, ქართველებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. არ გეგონოთ ზიზღს იწვევდნენ ჩემში. სრულიად არა, და თუ იწვევენ, ზუსტად იმდენს, რადენსაც მეტროსა თუ ავტობუსში გაჭყლეტილი უკმაყოფილო სახის ხალხი. არც სიბრალულს იწვევენ; ცვაიგი ამბობს: – სიბრალული უნებისყოფოთა სიკეთეაო. ერთადერთი, რასაც იწვევენ უსამართლობის გრძნობაა. უფრო სწორად, უსუსურობაშერეული უსამართლობის. იმისას, რომ მე ერთ ადამიანს არ შემიძლია ყველას დავეხმარო. თან, ფილმი “ვირიდიანა” რომ მახსენდება სურვილიც მიქრება…

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

დღეს, რუსთაველის მეტროში ვიყავი, ჩვეულებრივ, მოვიდა მატარებელი. ჩავრთე “porcupine tree-anesthezie” და ვტკბები, როგორც შესაძლებელია. მარჯანიშვილზე რომ გავჩერდით, გვერდითა ვაგონიდან სამი უქონელი გამოვიდა. წინ ყველაზე პატარა მიდიოდა, 5-6 წლის იქნებოდა.თხელი თმა ჰქონდა, კიკინები ეკეთა. შავგვრემანი იყო. ხელში მწვანე პლასტმასის ჭიქა ეჭირა (არ ვიცი თუ დაკვირვებიხართ, ყველას, ვინც შემიმჩნევია, ზუსტად ასეთივე მწვანე პლასტმასის ჭიქა უჭირავს).

მიდიოდა ეს ბავშვი. გზადაგზა, ეჯახებოდა უცნობთა უკანალებს… უკან, მისდევდა გოგო, ასევე უქონელი… იქნებოდა – 15-16 წლის. იასამნისფერი პალტო ეცვა; აშკარად, ეტყობოდა მუცელი, მაგრამ არცთუ დიდი ხნის ორსული იქნებოდა. მათ უკან, ბიჭი მიდიოდა, – მწვანე სპორტული შარვლით, ადგილ-ადგილ გახეულიყო. ამ ჯგუფის ლიდერი, აშკარად, ყველაზე უმცროსი გოგონა იქნებოდა. ის ორი არაფერს ამბობდა, ბავშვი კი, ალბათ, – დამეხმარეთო, – მგზავრებს მიმართავდა და დალოცვებსაც იმეორებდა. არ ვიცი, ზუსტად, არ მესმოდა… სულ ასე ხდება. წინასწარ არიგებენ რა ქნას, როგორ შეაცოდოს თავი უცნობებს. ალბათ, მისი საწყალი თვალებიც პრაქტიკის შედეგია, თორემ ეტყობოდა რა ცოცხალი, ანცი და ხალისიანი ბავშვი იქნებოდა… მაგრამ არა, ის უნდა მოღუშულიყო, თვალები აცრემლებოდა, ჭიქა გაეშვირა და დალოდებოდა როდის ჩაუგდებდა ვინმე უცნობი მწვანე ჭიქაში 10 თეთრს. ხოდა, ერთი უსამართლობაც ეს არის. ბავშვებს უარს ათქმევინებენ ემოციების ბუნებრიობაზე და ისინიც, დროთა განმავლობაში, კარგავენ მათ. ხდებიან გაქნილნი, ანუ გულისამაჩუყებელნი, როგორებიც საზოგადოების გულის მოკვლას და მათი ჯიბიდან შესაწევარის ამოღებას სჭირდება.

მახსოვს, ერთხელ, სამარშუტო ტაქსიში ვიჯექი. იმეორებდა, – დამეხმარეთო, დალოცვილნი იყავითო, ღმერთი, ხატი წმინდა გიორგიო… ჩაუგდეს ხურდა მასაც მწვანე ჭიქაში. მერე, მე შემომხედა და მითხრა: – “დამეხმარე”, – უდარდელად, დაურიდებლად, როგორც ბევრი ჩვენგანი სრულიად უცნობს ეტყოდა გამარჯობას… მე, ხმადაბლა, ვუთხარი, რომ არ მქონდა ფული და ვერ დავეხმარებოდი. სინამდვილეში, მქონდა, მაგრამ ასე ვუთხარი. მან ხმა გაამკაცრა და გამიმეორა, – დამეხმარეო და მე კვლავ უარი ვუთხარი. თვალებში რომ შევხედე, ეს იყო ბუნებრივი თვალები, გაბრაზებული, მზად რომ არიან მოგკლან. ალბათ, ახლა შემაფურთხებს-მეთქი, – ვიფიქრე. სასწრაფოდ, ვუთხარი, ახლა პატრულს დავუძახებ-მეთქი. მის ნესტანისებურ ვეფხვის თვალებში შიში გაკრთა და მალევე წავიდა. მეორე უსამართლობა ესაა, აჩვევენ რომ ადამიანები მათი დახმარების ვალდებულნი არიან და ისინიც კატეგორიულად მოითხივენ ხურდას.

მთავარი უსამართლობა კი, ამ პატარების მშობლები ან მეურვეები არიან, “აჩვევენ”, “უარს ათქმევინებენ”, ეს სიტყვები, სწორედ, მათ მიემართებათ… ყველას დაგვინახავს მძინარე თოთო ბავშვები, დედებს რომ ხელში აყვანილი დაჰყავთ. ჭორის დონეზე ვიცით, რომ ეს ბავშვები წამლებით ჰყავთ გათიშული, ადვილად სატარებლები რომ იყვნენ, ხშირად რომ არ იტირონ და ნაკლებად რომ მოშივდეთ. ან, შესაძლოა, პატარას ანგელოზებრივი ძილის შემხედვარე, გული რომ შეგვიღონონ. – რაც არ უნდა იყოს მიზეზი, მთავარია, რომ ამით აზარალებენ და საფრთხეს უქმნიან პატარების ჯანმრთელობას. ართმევენ არჩევანის უფლებას და დაბადებიდანვე მათ ნაცვლად წყვეტენ, რა უნდა აკეთებინონ ( გადასცენ მსხვერპლად შთამომავლობით გადმოცემულ საქმეს). ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, უმეტესობა სკოლაშიც არ დადის.

ხომ არსებობენ – ბავშვთა, ქალთა, ადამიანთა უფლებების დამცველები?! მე, მოწყალების სათხოვნელად გამოსული ბავშვის უფლებათა დამცველები არ მინახავს. ხო,შეიძლება არასწორიცაა კლასიფიცირება, “მათხოვარი”, ობოლი, – ყველა ბავშვია და შესაბამისად ბავშვთა უფლებების დამცველის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს მათი დაცვაც. მაგრამ ძვრებს, კლებას ვერ ვხედავ. ვინმე მისულა და გამოუკვლევია რით აძინებენ ბავშვებს? ან, მოზრდილ ბავშვებს დალაპარაკებიან და აუხსნიათ რას აკეთებენ? – არ ვიცი. შეიძლება ამას აკეთებენ კიდეც, ფარულად… მეორეა, – ადამიანები, შეიძლება, ხედავდნენ და იცოდნენ კიდეც რა ხდება, მაგრამ თვლიდნენ, მშობელს აქვს მეურვეობა შვილზე და როგორ წავართმევთო?! ან, რა უფლება გვაქვს სხვის პირად საქმეში ჩავერიოთო?! კიდევ უარესია, ამბობდნენ, – უმეტესობა ქართველები არ არიან, მოქალაქეობაც არ ექნებათ და რა ვალდებულია სახელმწიფო, დაეხმაროს და მათ დაცვაზე იზრუნოსო.

ჩემთვის,ის მშობელი, რომელიც შვილს მატერიალური კეთილდღეობისთვის მათხოვრობას აიძულებს, გზას უხერგავს მიიღოს განათლება, იმუშაოს, გაიცნოს ადამიანები, ჰქონდეს ბავშვობა, ვერ ჩაითვლება მშობლად. მეორე მხრივ, ქვეყნისთვის, ყველა მის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი მნიშვნელოვანი უნდა იყოს და დახმარებასთან ერთად აღუდგინოს ყველა ის წართმეული უფლება ბავშვს, ვინც ქუჩებში დგას, ხელში ჭიქა უჭირავს ან გამოწვდილი აქვს პეშვი და მისთვის, ალბათ, უკვე ფასდაკარგული სიტყვებით დახმრებას გვთხოვს…

 

1,503 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2015
M T W T F S S
« Mar   May »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930