Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კოშმარი

კოშმარი
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
May 04
10:55 2015

ავტორი: ია მღებრიშვილი

თსუ-ის სტუდენტი


ღამეს მეცადინეობაში ათენებ, თვალებს აიძულებ, რომ არ დაიხუჭონ და როგორმე კიდევ რამდენიმე საკითხის სწავლა დაგაცადონ… ყველა სახლში, უკვე დიდი ხანია, შუქი ჩამქრალია და, ალბათ, უკვე მეცხრე სიზმარს ხედავენ, შენ კი – ჯერ, არც დაწოლილხარ… მაგიდაზე ერთდროულად გადაშლილი გაქვს რამდენიმე წიგნი, კონსპექტები, ქსეროქსები, გვერდით გიდევს საგამოცდო საკითხების ჩამონათვალი და უძილობით გადაღლილი თვალები გიბრწყინდება, ყოველი საკითხის გასწვრივ პლუსის დასმის შემდეგ. ერთიც, კიდევ ერთიც და შენც სხვებივით მოგეცემა საშუალება, ტკბილ ძილს მიეცე…

აი, დგება ნანატრი წუთი და ბოლო საკითხის გასწვრივაც პლუსს უსვამ. შეხედავ საათს და ხვდები, რომ სულ რაღაც 2-3 საათით  შეგიძლია დაიძინო, მაგრამ მაინც გიხარია, რომ ყველა საკითხის სწავლა მოასწარი და ახლა დამსახურებულად შეგიძლია ძილი… იძინებ, მაგრამ კოშმარს ხედავ: – გამოცდაზე ხარ და ვერცერთ საკითხს ვერ წერ… გადის 3 საათი და მაღვიძარა რეკავს… თვალებს ძლივს ახელ, ვერც ხვდები, საერთოდ  გეძინა თუ არა, ტანს აითრევ, ჩქარა-ჩქარა ემზადები და მიდიხარ… მერედა, სად?! – უდაბნოდ წოდებულ მაღლივში, რომელსაც გვერდს სასაფლაო უმშვენებს… რაღაცნაირად გზარავს გამოცდის მოლოდინიც და გარემოც…

აი, უკვე ბიბლიოთეკის შენობასთან ხარ, სადაც გამოცდა გიტარდება… აივლი კიბეს, შედიხარ, შესასვლელში გხვდებიან ადამიანები, რომლებიც უკვე ცუდ ხასიათზე არიან იმის გამო, რომ ამდენი სტუდენტის ჩანთის ჩაბარება უწევთ, რაც სულ არ ეხალისებათ… და ისე ჩამოგართმევენ ჩანთას, თითქოს, გართმევენ. არ უნდა დაგავიწყდეს ჩანთიდან რამის ამოღება, თორემ მათთვის მაგის თქმას დიდი გამბედაობა დასჭირდება…

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

აბარებ ჩანთას, აივლი კიბეს და ადიხარ სექტორში, სადაც გხვდება დანომრილი მერხები და ბრაზიანი მასპინძელ-დამკვირვებლები… ჯდები შენთვის განკუთვნილ ადგილას და დამკვირვებლების წყალობით თავს ისე გრძნობ, თითქოს, შენთვის განკუთვნილ საკანში შეგაგდეს… მერე იწყება: „გამოიტანეთ კონსპექტები და მობილურები!  არ დაგრჩეთ მერხზე არაფერი ზედმეტი, თორემ მოიხსნებით გამოცდიდან! სანამ ბილეთებს დაგირიგებთ, მანამ გადით, თუ გასვლა გინდათ, თორემ მერე ვეღარ გახვლთ! ნუ საუბრობთ, უკვე ბილეთები დარიგებული გაქვთ! მე-18, წინ გადმოდი! 21-ე, პირადობაში ვინცაა, გგავს, მაგრამ შენ არ ხარ! აბა, თმა გადაიწიე“, – წერ და ამ დროს ის გიახლოვდება და… ტანსაცმელში, მაჯებთან ხელს გიყოფს, ამოწმებს, რამეს ხომ არ მალავ…

„ბავშვებო, 1 საათი გავიდა!… 15 წუთი დაგრჩათ!… გოგონა, მალე დაამთავრებ? სექტორში მარტო შენ დარჩი! მანახე, რას წერ ერთი ამდენს?” – უნდა, დამნაშავედ გაგრძნობინოს თავი, იმის გამო, რომ ალოდინებ…

როგორც იქნა, დაამთავრე, ხელს აწერ შენი ნომრის გასწვივ და ამოისუნთქებ… ტოვებ შენობას და გრძნობ,  სულერთია, როგორ დაწერე, მთავარია, „საკანი“ დატოვე, გაუმარჯოს თავისუფლებას! თითქოს, უკვე ხვდები, რას გრძნობს პატიმარი ციხიდან გამოსვლისას…

ჯდები ავტობუსში და ფიქრობ, ღამით რაც ნახე, ის იყო კოშმარი, თუ ის, რასაც ახლახან დააღწიე თავი?!

5,509 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში