Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ყოვლის შემძლეობის სინდრომი ვირტუალური სივრციდან

ყოვლის შემძლეობის სინდრომი ვირტუალური სივრციდან
ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვევა რედაქციის პოზიციას
May 18
10:35 2015

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი


ინტერნეტი თანამედროვეობის განუყრელი ატრიბუტი გახდა. თითქოს, ჩვენ ვცხოვრობთ რეალურ, ნამდვილ სამყაროსა და პარალელურ, აბსტრაქტულ სამყაროში ერთდროულად, სადაც  ერთმანეთს ვუზიარებთ გრძნობებს, აზრებსა თუ ემოციებს. დროის მსვლელობასთან ერთად ეს პარალელური სამყარო თანდათან ვითარდება, იხვეწება, სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს და სთხოვს საკუთარი აზრის გამოხატვას თუ დაფიქსირებას. ეს ის სამყაროა სადაც ყველა აზრი თავისუფალია, შეიძლება ვთქვათ, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი (გამოხატვისა და აზრის თავისუფლება) ირეალურ სამყაროში უფრო ადვილად და სწრაფად დაინერგა, ვიდრე რეალურში.

აქ, აზრები იმდენად თავისუფალია, რომ ზოგჯერ მეორე უკიდურესობაშიც კი ვვარდებით და ამაზრზენობამდე მისულ ალოგიკურობასა და სიძულვილის ენასთან გვაქვს საქმე. აზრის გამოხატვა იმდენად მარტივი გახდა, რომ შეიძლება, ერთი სიცილაკით, ფოტოთი ან თუნდაც სასვენი ნიშნების კომბინაციით გავუზიაროთ სხვას ჩვენი მდგომარეობა, განწყობა და აზრი.

ემოციები მოიპარა რეალური ცხოვრებიდან ვირტუალურმა ურთიერთობებმა, ადამიანები უფრო მეტად პარალელურ სამყაროში აქტიურობენ, ვიდრე რეალურში და ცდილობენ იქ გააკეთონ ან დააფიქსირონ რაღაც ისეთი რაც სხვის ყურადღებას მიიპყრობს. თითქოს ინტერნეტ სივრცე კი არ გახდა რეალური ცხოვრების დამატება, არამედ რეალური ცხოვრება გადაიქცა ვირტუალურის დამატებად, – უბრალო, ცოცხალ ნატურად, რომელიც მხოლოდ იმისთვისაა საჭირო რომ ნახატი შექმნა და ტილოზე გადაიტანო. ამის შემდეგ ხომ ნახატს აღმერთებენ და არა მის რეალურ ნატურას.

ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად უმრავი ახალი სტატია, სიუჟეტი, ვიდეო თუ ფოტო ვრცელდება. მართალია, ნათქვამია, რამდენი ადამიანია იმდენი აზრი არსებობსო, მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც დაწერილ სტატიასთან თუ გამოქვეყნებულ მასალასთან შედარებით კომენტარები უფრო დიდი მოცულობის და ინფორმაციის შემცველია. სხვისი აზრის გაგება ყოველთვის საჭირო და საინტერესოა ამა თუ იმ საკითხზე, მათ შორის ჯანსაღი კრიტიკის, მაგრამ სამწუხარო სწორედ ისაა, რომ ქართულ ვირტუალურ რეალობაში იმატა არაჯანსაღმა, დაბოღმილმა და შეურაცხმყოფელი შინაარსის კომენტარებმა.

სიძულვილის ენა, მუქარა, შეურაცხყოფა… თითქმის, არ არსებობს გამოქვეყნებული მასალა სადაც მინიმუმ ერთი ასეთი კომენტარი არ შეგვხვდეს და დიდი ალბათობით ამას წერენ ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ უდიდესი არასრულფასოვნების კომპლექსი და ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, რომ ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილს სერიოზული ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება. შეიძლება არ მოგეწონოს სხვისი აზრი და არგუმენტირებულად დაასაბუთო ამის საწინააღმდეგო, მაგრამ ლანძღვა-გინება, სიძულვილის ენა ყოვლად მიუღებელი და არაფრისმომცემია.

იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! .

განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ასეთი კომენტარები პოლიტიკოსებისა და ,,შოუ-ბიზენსისადმი“ მიძღვნილ სტატიებთან მიმართებაში და ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამაზე ,,რეიტინგები“ კეთდება…

ვფიქრობ, ამ ყველაფერს განათლებული, საქმიანი ადამინებიც კითხულობენ, მაგრამ მათ უბრალოდ დრო და სურვილი არ გააჩნიათ არაფრის მომცემი, უარყოფითი შინაარსის გამოხმაურების დაწერის. საზოგადოება თავისი საქმის კეთების ნაცვლად შეპყრობილია პარანოიკური განკითხვა-განსჯისა და ჭორაობის სინდრომით. არ მესმის, დღე სამსახურსა თუ გზაში რატომ უნდა იწყებოდეს ვიღაც უცნობის ეკრანზე გაშიშვლების თუ კოცნის ანალიზით?!

ბევრჯერ, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულა ლამაზი მოდელის (გოგოსი), ლამაზი წყვილის ფოტო ან დამწყები მომღერლის, პოეტის რაღაც საინტერესო ვიდეო, სადაც ნამდვილად იგრძნობა ტალანტი და ასეთ ადამიანებს სჭირდებათ საზოგადოების სიყვარული, პატივისცემა, დახმარება… ამის ნაცვლად კი… რას წაიკითხავ… უყურებ დაბოღმილ, შეურაცმყოფელ გამოხმარებებს… თითქოს, ადამიანებს არ უხარიათ სხვისი წარმატება, შურთ, ეძებენ ნაკლს, უარყოფითს და სამწუხაროდ, ვისაც დადებითი შეხედულება აქვს ისინი დუმან… დუმან იმიტომ, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ საღად აზროვნება და არ აქვთ დრო ან რაღაც სხვა ფაქტორის გამო თავს იკავებენ და შედეგად ვიღებთ უარყოფითი კომენტარების ოკეანეს…

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს უფრო მეტ უარყოფითს ვხვდები ვირტუალურ სივრცეში ვიდრე დადებითს… თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ომი რომ ავიღოთ: – ეს ის საკითხია, სადაც ყველა ქართველმა მოწიწებით უნდა დახაროს თავი გმირების ხსოვნის წინაშე, მაგრამ სამწუხაროდ ამ თემისადმი მიძღვნილ სტატიებშიც ხშირად მინახავს ,,კლავიატურის მაგარი ბიჭების“ ამაზრზენი კომენტარები და ,,ექსპერტული“ შეფასებები, რომლებიც შეიძლება ამ ომის დროს სადღაც კუნჭულში თრთოდნენ…

ნუთუ, ასეთი ძნელია, ადამიანებმა ბოღმის, სიძულვილისა და ცუდის ნაცვლად ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული, გამხნევება, იმედი?! ჩვენ, ხომ, უსაფუძვლოდ ვერავის შევაგინებთ და მითუმეტეს უცხო ადამიანს პირდაპირ… და რატომ უნდა შევაგინოთ ზურგს უკან, ვირტუალურ სივრცეში როდესაც ვიცით, რომ ამაზე ჩვენთვის პასუხის მოთხოვნის შანსი მინიმალურია?! ნუთუ, ეს გვაძლევს ,,მეფურ ძალას“, ნუთუ, ეს გვაგულიანებს და ამით ვხვდებით ვაჟკაცები?! – ეს ხომ, ლაჩრობაა, თქვა ვინმეზე რამე და შეგეშინდეს შენს ნამოქმედარზე პასუხისმგებლობის?! დაახლოებით იგივე ხდება საფეხბურთო სტადიონზე, როდესაც თამაშის დაწყებისთანავე მსაჯს უსაფუძვლოდ აგინებენ და იციან რომ პასუხს ვერავინ მოთხოვთ, მერე კი ეს ადამიანები ქართულ სუფრაზე კაცობის სადღეგრძელოს სვამენ…

და, მე მაინც, მიმაჩნია, რომ ყოვლისშემძლეობის სინდრომი ვირტუალური  სივრციდან, ეს არის ფსიქოლოგიური გადახრა და ამით შეპყობილნი არიან ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ არასრულფასოვნების კომპლექსი, ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში და ანთებულ მონიტორებთან ბნელ სოროში შეყუჟულნი გამალებით ასრიალებენ თითებს პლასტმასის პატარა კუბებით დაფარულ ,,ყოვლისშემძლე“ იარაღზე და ამით იქარვებენ გულში დაგროვილ ბოღმას… როდესაც რამე არ მოსწონს ადამიანს, ის ცდილობს გვერდი აუაროს ან გამოასწოროს ის თუ ეს შეუძლია, მაგრამ არაფრით არ ცდილობს ამაოდ დახარჯოს თავისი დრო და ენერგია… წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იგივე იქნებოდა უსწორმასწორო გზაზე მყოფ მგზავრს ორმოების გვერდის ავლის ნაცვლად ახალი გზის შენება რომ დაეწყო დამოუკიდებლად, მაგრამ უარყოფითი კომენტარის დაწერა არ წამოადგენს ენერგიის ხარჯვას, უბრალოდ ადრესატს უწამლავს განწყობას, უკლავს სტიმულს და ზოგიც ამაზე ,,რეიტინგს“ აკეთებს… სინამდვილე კი ერთია: მათ თავდაჯერებას აძლევთ იმის შეგრძნება, რომ ამაზე პასუხს ვერავინ ვერასოდეს მოსთხოვთ…

P.S.

სავარაუდოდ, სიძულვილის ენა ვირტუალურ სივრცეში მარტო ქართული საზოგადოების სენი არ არის, მაგრამ მე, როგორც ქართველი, ყურადღებას ქართული საზოგადოებაზე ვამახვილებ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ჩემი საზოგადოების ჯანსაღი გონივრული და კულტურული განვითარების მაღალი დონეა

233 ნახვა
Tags
Share

About Author

თაკო კურატიშვილი

თაკო კურატიშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში