მნიშვნელოვანია, დავინახოთ სილამაზე, თვით, სიმახინჯეში

აქტუალური

ავტორი: ნათია დაშნიანი


ამბობენ, ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, მთავარია მოინდომო და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევო. ალექსანდრე მამუკაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა, მიზანს მიაღწია. – გარდა იმისა, რომ სასურველ მიმართულებაზე სწავლობს და მისთვის სასწავლო პროცესიც შემოქმედებითია, – ის პირველი ქართველია, ვინც ქართული კალიგრაფია კალიგრამად აქცია.

გალექსანდრე მცხეთაში ცხოვრობს. უკვე, მესამე წელია, რაც ყოველ სასწავლო დღეს უნივერსიტეტში მცხეთიდან დადის. იგი სწავლას დიზაინის მიმართულებით აგძელებს. როგორც თავად ამბობს, ამ სფეროში უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე უშუალოდ არქიტექტურასა და ურბანისტიკაში: – ,,მესამე კურსიდან დიზაინის მიმართულებით ვაგრძელებ სწავლას, რაც უფრო სიღრმისეულად მოიცავს სწავლებას ფერებზე, ფორმათწარმოქმნაზე, კომპოზიციაზე და ა.შ. ამ სფეროში ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს. გარკვეულწილად, ვეხები ინტერიერისა და გარემოს დიზაინსაც, რაც, ასევე, ძალიან საიტერესოა’’, – ასე ახასიათებს არჩეულ პროფესიას ალექსანდრე.

თავის თავს თვითნასწავლ მხატვარსა და კალიგრაფს უწოდებს და ამბობს, რომ ხატვა მისთვის მოგზაურობაა, იმდენად შორს, რამდენადაც ფანტაზიის თვალსაწიერი აძლევს საშუალებას:

,,მე ვფიქრობ, რომ ვერავისა და ვერაფრის გავლენა ვერ გაქცევს მხატვრად. მხატვარი ან ხარ, ან – არა.  ხატვა სწავლებადია, მაგრამ მხატვრობა – არა. სავსებით შესაძლებელია, ბევრი შრომის შედეგად არაჩვეულებრივად ხატვა შეძლო, მაგრამ მხატვარი მაინც ვერ გახდები, ეს სულ სხვა ორბიტაა’’, – ამბობს ალექსანდრე.

როგორც ბავშვების უმრავლესობამ, ხატვა მანაც ადრეულ ასაკში დაიწყო. მისი ნახატბი სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში რწმუნდებოდა, რომ მხატვრობა მისთვის გატაცებაზე ბევრად მეტი იყო. მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის უნდოდა სამხატვრო აკადემიაში სწავლა, თუმცა, საგამოცდო, შემოქმედებით ტურს შეუშინდა, რადგან თვითნასწავლი მხატვარია და აკადემიური ხატვის არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

მისი ნახატები მჭიდრო კავშირშია როგორც ზოგად, ისე ეროტიკულ ფეტიშიზმთან: – ,,ჩემი ნახატების უმრავლსობა ასახავს ზოგად და ეროტიკულ ფეტიშიზმს, თუმცა სიმბოლოებით ამ ყველაფერს ,,კულტურულად’’ ვნიღბავ, რათა არ იყოს იმაზე გამაღეზიანებელი, ვიდრე მე ჩავიფიქრე’’, – ამბობს იგი.

ალექსანდრე ცდილობს ნამუშევრები, მეტ-ნაკლებად, ამბივალენტური გამოვიდეს. ასევე, უყვარს სიუჟეტში სულიერი და მიწიერი საწყისების დაპირისპირება, რაც თავისმხრივ კონცეპტუალიზმის ელფერს იღებს. კითხვაზე, თუ რა არის მისი ინსპირაციის წყარო ასე პასუხობს:

,,ამას ხშირად მეკითხებიან, ამიტომ ტრადიციად მექცა, მარინა აბრამოვიჩის „ხელოვნების მანიფესტიდან“ ერთ-ერთი პუნქტის ციტირება, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები, – „ხელოვანმა ღრმად უნდა ჩაიხედოს საკუთარ თავში შთაგონებისთვის, ხედვის სიღრმე განსაზღვრავს მის უნივერსალურობას; ხელოვანი სამყაროა; ხელოვანი სამყაროა; ხელოვანი სამყაროა“; – მართლაც, ხშირად ვახსენებ სხვებსაც და საკუთარ თავსაც, რომ არასდროს უნდა ვიგრძნოთ თავი მარტოსულად, ვინაიდან ჩვენში უკიდეგანო სამყაროა. თუმცა, ზოგჯერ მაინც ხდება ისე, რომ თავს ცარიელად გრძნობ, ეს ალბათ, დეპრესიის ნიშანია… მიჩნდება მოთხოვნილება, რომ ენერგია ინსპირაციისთვის არა ჩემში, არამედ გარეთ ვეძებო’’. – სწორედ, ამ უკანასკნელი მიზეზის გამო, უყვარს ხალხმრავალ ადგილებში სტუმრობა. ამ დროს, ძალიან მოსწონს უცხო ადამიანებთან თვალით კონტაქტი, წამიერი, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ხშირად ემოციურად აღმავსებელი და ბევრის მომცემი.

დროთა განმავლობაში იგი სხვადასხვა მხატვრის გავლენას განიცდიდა, სწრაფად ეცვლებოდა გემოვნება და ხედვა: – ,,რაღაც პერიოდში ქაოსმაც მოიცვა ჩემი გონება, რაც ნელ-ნელა მოწესრიგდა და დაიწმინდა. სულ რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი კალიგრამის ხელოვნებით, ეს არის ლექსი, რომელსაც აქვს გრაფიკული ფორმა და მთლიანად იქმნება კალიგრაფიული ასოებით. პირველი ვარ, ვინც ქართული კალიგრაფია კალიგრამად ვაქციე. მაქვს ჩემეული ტექნიკა, რომლის მსგავსსაც, ჯერჯერობით, არავინ ქმნის მსოფლიოში’’, – აღნიშნა მან.

დ

რამდენიმე თვის წინ, მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია ,,არტი’’ და კალიგრაფიის საკვირაო სკოლა ,,,სკიპტორიუმი’’, სადაც ნებისმიერ მსურველს, მე-7 კლასის ზემოთ, ასწავლიან კალიგრაფიასა და წიგნის ხელოვნებას; ასევე, ეხმარებიან ზოგადი მხატვრული ხედვის ჩამოყალიბებაში. კომპანია ,,არტი’’ კი ამ ეტაპზე სხვადასხვა გალერეებში მხოლოდ ქართული კალიგრაფიის ექსპოზიციით შემოიფარგლება.

ხატვისა და კალიგრაფიის გარდა ცდილობს დაწეროს ლექსები და პროზა, თუმცა როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ჰობის დონეზე. ამას გარდა, იზიდავს გოთიკა, რომლის არსშიც საკუთარ თავს ხედავს: – ,,გოთური სულისკვეთების ადამიანები მძაფრად აღიქვამენ სილამაზესა და სიმახინჯეს, არიან გასაოცრად რომანტიკულები, მტკივნეულად განიცდიან დისჰარმონიას. გოთიკური  მსოფლმხედველობით მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ სილამაზე თვით სიმახინჯეში. ხატვის პროცესში, ძირითადად, გოთიკურ და კელტურ მუსიკას ვუსმენ, რაც ძალიან მსიამოვნებს’’, – ამბობს ალექსანდრე.

ბხშირად, ხატავს ავტოპორტრეტებს, ამას კი იმით ხსნის, რომ ტილო საშუალება საკუთარი ოცნების ასახდენად. ,,ზოგჯერ თავს წარმოვიდგენ იმ ფერებში, სიტუაციებსა და სიუჟეტებში, რომლებიც რეალური ვერასდროს იქნება, მაგრამ მე სიამოვნებით გამოვცდიდი მათ. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ვინც უნდა დავხატო, ყველაში ჩემს თავს ხედავენ, მაშინაც კი, თუ ავტოპორტრეტის დახატვა არ მაქვს განზრახული. აქედან გამომდინარე ზოგს ნარცისი ვგონივარ’’, – აღნიშნავს იგი.

პირველ წარმატებას 2009 წელს მიაღწია, როდესაც გორში ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსზე მე-2 ადგილი დაიკავა. 2010 წლიდან იმარჯვებდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კალიგრაფიის კონკურსებში. არის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული – ,,საუკეთსო ასლი’’, ,,ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფავორიტი’’, ,,უზენაესი სასამართლოს რჩეული’’, ,,ყველაზე ორიგინალური კალიგრაფი’’. არაერთხელ ჰქონდა გამოფენა თბილისის სხვადასხვა გალერეაში. წინა წელს კი მისი ერთ-ერთი კალიგრამი გამოიფინა ეგვიპტეში, კაიროს ერთ-ერთ ისტორიულ სასახლესა და ქალაქ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში.

ადამიანებში ყველაზე მეტად კულტურას აფასებს. სიამოვნებს ზრდილობიან ადამიანებთან საუბარი. ამის საწყისად კი, განათლებას მიიჩნევს და ამბობს, რომ ადამიანს განათლება უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ ჰგავდეს ღრმა ოკეანეს, რომელსაც ფსკერი არ უჩანს. სხვა შემთხვევაში, პიროვნება ლაგუნას დაემსგავსება. თუმცა, ხშირად ასეთი ადამიანები მისთვის ჭაობთან, ან გუბესთან ასოცირდება.

ა

ალექსანდრე არ ერიდება საკუთარ ნაკლოვანებებზე საუბარს და ამბობს, რომ არ არის კომუნიკაბელური ადამიანი, თუმცა, როდესაც ცდილობს სძლიოს ამ ბარიერს, გამოსდის კიდეც, მაგრამ სხვებისთვის, რატომღაც, უცნაური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს: 

,,ბევრი უცნაურ ადამაინად აღმიქვამს. უკან ხშირად დამიხევია ამის გამო, ბევრჯერაც მინანია, მაგრამ მირჩევნია ჩემს ატმოსფეროში ვიყო კომფორტულად, ვიდრე ყველას ყალბად შევციცინებდე თვალებში და ამით დისკომფორტს განვიცდიდე’’, – გვითხრა მან. გარდა ამისა, არ უყვარს ტელფონით საუბარი, ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ რაიმე საქმის არსებობის შემთხვევაში შეტყობინება უნდა გაუგზავნოს, თუნდაც, დაბადების დღეს ულოცავდნენ. მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია ადამიანს, რომელიც ქუჩაში ნაგავს ყრის, ან არაჰიგიენურობის გამო, გარშემომყოფებს აწუხებს, – ,,ასეთ დროს, მინიმუმ, მიმიკით ვცდილობ, მივახვედრო ისინი თავიანთ უმსგვასობას, რომ სულ ცოტა, თავი უხერხულად მაინც ვაგრძნობინო’’, – მითხრა მან.

მეგობრები ალექსანდრეს ასე ახასიათებენ: – ,,ალექსანდრე შემოქმედების ეტალონია. იგი მუდმივად ეძებს ახალ და განსხვავებულ ფორმებს, მასალებს, მიდგომებს, კონცეფციებს… მისი ნამუშევრები, მიუხედავად მისი ასაკისა, უკვე საეტაპო მნიშვნელობისაა ქართულ ხელოვნებაში. რომ არა ალექსანდრე კიდევ დიდხანს დაიგვიანებდა ქართული კალიგრამის დაბადება. მას ნაკლებად იცნობს ჩვენი საზოგადოება, ეს მისი მორიდებულობის გამო’’.

ისინი ფიქრობენ, რომ ალექსანდრეს რომ შეეძლოს თავის ისეთი რეკლამირება, როგორც ამას სხვები აკეთებენ, მისი ნიჭიერება უკვე გაცდენილი იქნებოდა ქვეყნის საზღვრებს. მეგობრებს სჯერათ, რომ მალე დადგება ის დრო, როდესაც მის ნამუშევრებს მსოფლიო დონის აუქციონებზე იხილავენ.

ალექსანდრეს ცხოვრება არ წარმოუდგენია იმ რწმენის გარეშე, რომ სული უკვდავია… მისთვის ,,ამქვეყნიური სამოთხე’’ მარტო ყოფნაა, რადგან როგორც თავად ამბობს, ამ დროს მოდის იდეების წვიმა… არაფერს ნანობს და მიაჩნია, რომ ყველაფერი, რაც მოხდა უნდა მომხდარიყო… ეშინია იმის, რომ ერთ დღეს მისთვის საყავრელ საქმეს ვეღარ გააკეთებს… სამომავლოდ, გრანდიოზულს არაფერს გეგმავს. მისი მცირედი გეგმები კი, მის შემოქმედებას – მხატვრობასა და კალიგრაფიას უკავშირდება… წლის ბოლომდე, რამდენიმე გამოფენას გეგმავს.

ე ვ

ზ

 

ი კ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები