ამბავი გამართლებაზე

ARIS ბლოგერი

ავტორი: თათია ჭაფოძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი


ცხოვრებაში, ბევრ რამეში უნდა გაგიმართლოს რომ შემდგარ, თვითრეალიზებულ ადამიანად ჩამოყალიბდე.  გამართლება კი, დაბადებიდან იწყება.

უნდა გაგიმართლოს ოჯახში, სადაც დაიბადები და გაიზრდები. უნდა გაგიმართლოს ბაღში, სკოლში,  უნივერსიტეტში… უნდა გაგიმართლოს ადამიანებში, მათში, ვისგანაც სწავლობ და მათშიც, ვინც შენგან სწავლობს. ადამიანებში, ემოციურად რომ გტვირთავენ, დადებითი იქნება ეს თუ უარყოფითი. ამ და ალბათ სხვა რამეებშიც უნდა გაგიმართლოს იმისთვის, რომ როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად ჯანმრთელი ჩამოყალიბდე, თავი კარგად იგრძნო, თვითრიეალიზება შეძლო, მოვლენებს სწორი კუთხით აღქმა ისწავლო. გამართლება საჭიროა  იმიტომ, რომ ცხოვრობდე, შემოქმედებითად აქტიური იყო, პირადი სივრცე და კარიერული ამბები რაღაც დონეზე მაინც დაარეგულირო.

მე, ზოგ რამეში, გამიმართლა, ზოგშიც არა. მაგალითად, ბაღში საერთოდ არ მივლია და თუ არაკომუნიკაბელური ვარ, შეიძლება ნაწილობრივ ამ ფაქტორმაც იმოქმედა, შეიძლება არა. სკოლა საშუალო დონის იყო, რის გამოც იძულებული ვარ გამუდმებით თვითგანათლებაზე ვიზრუნო. კარგი იქნებოდა რაღაცები, რასაც ახლა ვსწავლობ, თავის დროზე სხვებს ესწავლებინათ. მეტი დრო მექნებოდა დღეს თავისუფალი სხვა, ასევე მნიშვნელოვანი საქმეებისთვის და ბევრ რამეშიც წინ წამწევდა. თუმცა გამიმართლა რამოდენიმე მასწავლებელში, ზოგის პროფესიული, ზოგისაც პიროვნული თვისებების მხრივ. გამიმართლა უნივერსიტეტში…

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

შემიძლია, ასეც ვთქვათ, პირველად უნივერსიტეტში გამიმართლა, თანაც მრავალმხრივ. გამიმართლა ლექტორში, რომელმაც მაიძულა მეაზროვნა, დამეწყო ფიქრი ისეთ რამეებზე, რაზეც მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. რომელმაც პირველმა მითხრა, რომ მე „ის“ არ ვარ, ვისაც ყველაფრის უფლება აქვს და ყველაფერი ეპატიება და არც არავინ არის „ის“. მან ისიც მითხრა, რომ ჩემს ყოველ სიტყვას პასუხისმგებლობით უნდა ვეკიდებოდა, ვიაზრებდე შედეგებს, რაც ჩემს ქმედებებს შეიძლება მოყვეს, რომ სინდისი უნდა მეყოს, ჩემი პირადი ინტერესებისა და წარმატებისთვის არავინ დავასახიჩრო სულიერად.

აუცილებლად, უნდა ვიცოდე, რისი უფლება მაქვს და რა არის ზღვარს მიღმა, რომლის გადალახვაც არ შეიძლება. მე მიხარია, რომ ეს და სხვა რამეებიც მითხრეს.  გამიმართლა სხვა ლექტორშიც, რომელიც მირჩევს, ჩემი ნიჭი ვაღიარო, ჩემი თავი დავაფასო, მიმტკიცებს, თუ ამას შევძლებ, გაცილებით ბევრს მივაღწევ, ვიდრე ისე. მე ასევე მყავს ლექტორი, რომელსაც თავისი საქმე უყვარს, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია და მისი ნამუშევრები მე ძალიან ძალიან მომწონს. გამიმართლა უნივერსიტეტში, რადგან იქ გავიცანი ისინი,  ვინც ჩემთვის კურსელებზე გაცილებით მეტს  ნიშნავს…

ამბავი გამართლებაზე გამიგრძელდა… ისღა დამრჩენია, ვთქვა, რომ თუკი რამეში არ გიმართლებს, ესეც გამართლებაა.

მე ვფიქრობდი, რომ არ გამიმართლა დროსა და სივრცეში, რომელშიც ვცხოვრობ. აქ ხომ, სამუშაო ადგილები მცირეა, მით უფრო შეთავსებადი. სწავლასა და მუშაობას შორის არჩევანის გაკეთება მომიწია. დღესდღეობით საშუალო ანაზღაურება საკმაოდ დაბალია, გაწეულ შრომასთან შედარებით ზოგ შემთხვევაში სასაცილოც კი. ბუნებრივია, ამის ფონზე ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელო და აი ზუსტად ეს ხდება ხოლმე მიზეზი იმისა, რომ თავდაუზოგავ შრომას ვიწყებთ. ამ ამბავში ერთადერთი დადებითი ისაა, რომ ზოგჯერ საკმაოდ საინტერესო შედეგს ვიღებთ ხოლმე. ისეთს, რომ მერე ჩვენი თავით შეგვიძლია ვიამაყოთ. ეს კი, მჯერა, ძალიან კარგი რამეა… ესაა არგამართლებაში გამართლება…

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები